ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: სავალუტო რეზერვები 2 მილიარდ 800 მილიონი ლარია

28 ოქტომბერი, 2011 • 1102
ეროვნული ბანკი: სავალუტო რეზერვები  2 მილიარდ 800 მილიონი ლარია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტში 2010 წლის შედეგების ანგარიშით წარსდგა. ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2011 წლის ეროვნული ბანკის სავალუტო რეაზერვებმა  2 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი კი წლის ბოლომდე 6–7 პროცენტი იქნება.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2010 წლის ძირითადი გამოწვევა იყო ინფლაცია.

„ინფლაციამ ზრდა 2010 წლის ივნისიდან დაიწყო. ამ წელს მოხდა სურსათის გაძვირება, რაც რეგიონში დაბალმა მოსავლმა განაპირობა. ასევე, ინფლაციის მიზეზი იყო  აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, რამაც ენერგომატარებლებზე მოთხოვნა გააჩინა და  ფასების აწევა განაპირობა. 2010 წელს ქვეყანაში ინფლაცია 11,2 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა, სადაც ინფლაციის 9,3 პროცენტი  სურსათის გაძვირებაზე მოდის, რადგან საქართველოს სამომხმარებლო კალათა საკმაოდ სენსიტიურია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართ“, –ამბობს ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მართებულად არ მიიჩნევს კრიტიკას, რომ თითქოს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა ფულის მასა მიმოქცევაში და ეს გახდა ინფლაციის მთავარი წყარო.

„ინფლაციის მიზნობრივი ზღვარი 6 პროცენტია, თუ გადაცდა ამ ზღვარს, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დავიწყეთ ივნისში. 2010 წელს გაიზარდა სარეზერვო მოთხოვნები. გატარებული ღონისძიებების შედეგად 2011 წელს ინფლაციამ დაიწყო შემცირება და წლის ბოლოს 6–7– პროცენტიან ზღვარზე იქნება“, – ამბობს ქადაგიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი