ეკონომიკა

სამტრესტის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე კონკურსი არ გამოცხადებულა

27 ოქტომბერი, 2011 • 1095
სამტრესტის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე კონკურსი არ გამოცხადებულა

ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს  კონკურსი ჯერ არ გამოუცხადებია. როგორც „ნეტგაზეთს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრი ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს მომავლ კვირას გამართავს. ამ ეტაპზე  ზაზა გოროზია რეგიონშია გასული.

როგორც „ნეტაგზეთს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, სამტრესტის ხელმძღვანელმა ვასილ მანაგაძემ  თანამდებობა უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. ვასილ მანაგაძემ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. როგორც „ნეტგაზეთს“ სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ხელმძღვაენლმა თამარ მეფარიშვილმა განუცხადა, მანაგაძეს პირადი ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

როგორც „სამტრესტის“ თანამშრომლები ამბობენ, მანაგაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო და სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა, მოგვიანებით კი გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში გამართულ მთავრობის სხდომაზე „სამტრესტის“ მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრს მან კონკურსის საფუძველზე საუკეთესო მენეჯერის შერჩევა დაავალა, რომელიც ამ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს და საერთაშორისო ბაზარზე გაიტანს ქართულ ღვინოს, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მიხეილ  სააკაშვილის თქმით, ჩვენი ღვინის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებზე.  საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს ბაკურ კვეზერელთან, რომელიც სოფლის მეურნეობის პარტნიორულ ფონდს უხელმძღვანელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი