ეკონომიკა

ქართული ცხვარი ისრაელში გავიდა

27 ოქტომბერი, 2011 • 1294
ქართული ცხვარი ისრაელში გავიდა

ქართული ცხვრის საექსპორტო ბაზარი ფართოვდება. 2011 წლის ოქტომბერში საქართველოდან  2200 სული ცხვარი ისრაელში გავიდა.

“სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის თებერვლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ისრაელის მხარესთან. მათთვის მისაღები აღმოჩნდა საქართველოში არსებული ეპიზოოტიური მდგომარეობა, რაც სააგენტოს მიერ ცხოველებში პროფილაქტიკის მიზნით ჩატარებული იმუნიზაციის შედეგია“,– ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი დავით კობერიძე.

“ეპიზოოტიის საწინააღმდეგო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის” ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აიცრა 25 ათასი სული ცხვარი. იმუნიზაციის პარალელურად პირველად განხორციელდა საქონლის იდენტიფიკაცია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი  ექსპორტის პოტენციალის გაზრდას. ამ გარემოების გათვალისწინებით, ისრაელის მხარემ კომპანია “ედენ ინტერნეიშენალ თრეიდინგს” ქვეყანაში ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ნება დართო.

სააგენტოს ხელმძღვანელის დავით კობერიძის განცხადებით, “ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული მთელი წლის განმავლობაში, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ ისრაელის ყველა მოთხოვნა დაააკმაყოფილა. იმედი მაქვს, ეს სავაჭრო ურთიერთობები მომავალში უფრო გაღრმავდება”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ისრაელში ცხვრის ექსპორტს პერმანენტული ხასიათი ექნება. მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა სულ 101777 სული ცხვარი შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, ლიბია, იორდანია, დუბაი, ქუვეითი, ყატარი, სირია, ეგვიპტე და არაბეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი