ეკონომიკა

მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ბიზნესს

27 ოქტომბერი, 2011 • 1057
მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება ბიზნესს

„მაქვს წინადადება, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი თქვენგანი სამსახურში 45-დან 60 წლამდე ადამიანს აიყვანს, გარკვეულ ფარგლებში გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან. ჩვენ უამრავი განათლებული ადამიანი გვყავს და მათ უბრალოდ არ გაუმართლა. ბიზნესისთვის პირველი მასტიმულირებელი ნაბიჯი სწორედ ეს იქნება – საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება. იმისათვის, რომ კერძო სექტორში ასეთი ხალხის დასაქმების შესაძლებლობა გაიზარდოს, ჩვენ კიდევ მოვიფიქრებთ სტიმულების პაკეტს, თუ როგორ შეგიწყოთ საამისოდ ხელი. პარალელურად, თქვენთვის სტიმულის მომცემი იქნება ისიც, რომ ჩვენ ამ ხალხის გადამზადებაში მოგეხმარებით, რათა თითოეული მათგანი შეესაბამებოდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს“,–  ეს შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის გაფართოებულ  სხდომაზე   გააკეთა.

მთავრობის სხდომას პარლამენტის წევრები, ბიზნესის წარმომადგენლები და პრეზიდენტის რწმუნებულები ესწრებოდნენ. სხდომაზე პრეზიდენტმა მთავრობის სტრატეგიული 10– პუნტქტიანი გეგმა წარმოადგინა.

სტრატეგიული გეგმა  ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს, ქვეყნის მოდერნიზაციისა და დასაქმებისთვის სამოქმედო გეგმას მოიცავს. დოკუმენტი ყოველ 6 თვეში განახლდება.

საქართველოს მთავრობის 10–პუნქტიანი გეგმის ძირითადი კომპონენტებია მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა; საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შექმნა და შენარჩუნება; ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და განათლების სისტემების გაუმჯობესება და სოციალური პოლიტიკის დახვეწა. ასევე ურბანული და რეგიონული განვითარების პროგრამის თანახმად ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომელთა შედეგადაც ქვეყანაში ხელმისაწვდომი,  მაღალხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა ჩამოყალიბდება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ გეგმის სოციალური ნაწილის განხილვისას და დასაქმების პრობლემის თაობაზე მსჯელობისას, აქტიურად ჩართულიყვნენ სწორედ ისინი, ვინც უშუალოდ უნდა იზრუნოს ხალხის დასაქმებაზე. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მათი შენიშვნები და წინადადებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გეგმის წარმატებით განხორციელების საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი