ეკონომიკა

ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 პუნქტით შეამცირა

27 ოქტომბერი, 2011 •
ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 პუნქტით   შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 26 ოქტომბერს   მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25 პროცენტს შეადგენს.

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ  როგორც მოსალოდნელი იყო, სექტემბერში გაგრძელდა ინფლაციის შემცირების ტენდენცია. სექტემბრის მონაცემებით წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. კვლავ დაბალია საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. კერძოდ, საბაზო ინფლაცია (სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით) 0.5%-ს გაუტოლდა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2012 წლის დასაწყისში კიდევ უფრო შემცირდება.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად იზრდება კომერციული ბანკების აქტივობა, რაც ეკონომიკის დაკრედიტების მზარდ დინამიკაში გამოიხატება.

განსაკუთრებით მოიმატა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ოდენობამ. სესხების ზრდამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ეკონომიკურ აქტივობას და, შედეგად, მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპის მატება დაფიქსირდა.

„წლიური ინფლაცია სექტემბრის თვეში ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს და მომავალი წლის დასაწყისისათვის მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. არსებული პროგნოზების მიხედვით, 2012 წელს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის შერბილება და პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო“–აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 22 ნოემბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი