ეკონომიკა

მცირე მეწარმეებს ამნისტია შეეხებათ

25 ოქტომბერი, 2011 • 1004
მცირე მეწარმეებს ამნისტია შეეხებათ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის  სხდომაზე საგადასახადო შემოსავლების  სამსახურის ხელმძღვანელმა ჯაბა ებანოიძემ საქართველოს მთვრობის საკანონმდებლო ინიციატივა “საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების შეტანის  შესახებ მეორე მოსმენით წარმოადგინა.

ცვლილებები   უშუალოდ ბიზნესს შეეხება და ხდება გარკვეული რეგულაციების ლიბერალიზაცია. კერძოდ, პროექტი მცირე მეწარმეებისთვის გარკვეული ამნისტიის ინიციატივას ითვალისწინებს. მეწარმეებს, რომლებსაც  2005 წლამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დაფარული ექნებათ ძირი თანხა, მას მერე დარიცხული საურავი და ჯარიმა მთლიანად მოეხსნებათ, რაც მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება. გარკვეული ცვლილებებია სალარო აპარატის   გამოუყენებლობასა და მის უქონლობასთან დაკავშირებით. თუ გადასახადის გადამხდელ პირს აღნიშნული დარღვევების შემთხვევაში ეკისრებოდა ჯარიმა პირველ ჯერზე 5 ათასი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 10 ათასი ლარის ოდენობით, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ ჯარიმა მნიშვნელოვნად შემცირდება და 500 ლარს გაუტოლდება.

კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს სადაგადასახადო მონიტორინგის შემოღებას. პროექტით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის ადგილზე საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ჯაბა ებანოიძის განმარტებით, საგადასახადო მონიტორინგის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება, თუ იარსებებს ეჭვი, რომ საწარმოში დოკუმენტაცია არ არსებობს ან არასწორად არის წარმოებული. მისივე თქმით, პირველ რიგში აღნიშნული ნორმა შეეხება აქციზური პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებს.

“ჩვენ მივავლენთ საგადასახადო თანამშრომელს, რომელიც აწარმოებს მონიტორინგს გარკვეული პერიოდით და წინასწარ გაწერილი გეგმით. ისინი  საწარმოს გაუწევენ კონსულტაციას, როგორ აღრიცხონ ნედლეული და მათი ხარჯვა, როგორ  აღრიცხონ  წარმოებული პროდუქცია და მათი რეალიზაცია, რა დოკუმენტაცია უნდა შექმნან და ა.შ. საგადასახადო თანამშრომელს რაიმე სახის  სანქციის დაკისრების უფლება არ ექნება, იგი მეწარმეს დაეხმარება მხოლოდ ხარვეზების გამოსწორებაში”, – განაცხადა ჯაბა ებანოიძემ.

კომიტეტის სხომაზე პირველი მოსმენით განიხილეს “სახელმწიფო პენსიის” შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ერთგვარ  საპენსიო ამნისტიას გულისხმობს. პროექტის თანხმად, 2011 წლის პირველ ნოემბრამდე პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენის საფუძველზე ზედმეტად დარიცხული სახელმწიფო პენსიის დაქვითვის ვალდებულება გაუქმდება.  კანონში ცვლილებების განხორციელებით მოხდება უკანონოდ მიღებული პენსიის ლეგალიზაცია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე  გატანას.

მასალების გადაბეჭდვის წესი