ეკონომიკა

სასოფლო-სამეურნეო აღწერა: მეურნეების 30.9%-ს ქალი მეურნეები შეადგენენ [ინფოგრაფიკა]

2 მაისი, 2016 • 4199
სასოფლო-სამეურნეო აღწერა: მეურნეების 30.9%-ს ქალი მეურნეები შეადგენენ [ინფოგრაფიკა]

საქსტატის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 642.2 ათასი მეურნეობა დაფიქსირდა, მათ შორის 640.0 ათასი – შინამეურნეობა და 2.2 ათასი – იურიდიული პირი. შედეგები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა 26 აპრილს გახადა საჯარო.

სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებით, მეურნეების 30.9%-ს ქალი მეურნეები შეადგენენ. საქსტატის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, მეურნეობების ყველაზე მეტი რაოდენობა იმერეთში (19.6%), კახეთსა (15.1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (13.3%) დაფიქსირდა.

მეურნეობების რაოდენობა რეგიონების მიხედვით © საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, მეურნეობების მთლიანი რაოდენობიდან 574.1 ათასს სასოფლო-სამეურნეო მიწა სარგებლობაში აქვს, ხოლო დანარჩენ 68.1 ათასს – არა. 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მეურნეობების სარგებლობაში არის 842.3 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწა. მათ შორის 87.2% (734.8 ათასი ჰა) საკუთრებაშია, ხოლო 12.8% (107.5 ათასი ჰა) – დროებით სარგებლობაში.

მეურნეობების სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრუქტურა და საშუალო სიდიდე © საქსტატი

სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებით, მეურნეობების უდიდესი ნაწილი მცირემიწიანია. კერძოდ, მეურნეობების სამ მეოთხედზე მეტს (77.1%) სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები სასოფლო-სამეურნეო მიწა და მათზე სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების 21.5% მოდის.

შედეგების მიხედვით, მეურნეობების სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 40.1% – კახეთში, 15.5% – ქვემო ქართლში, ხოლო 9.7% სამცხე-ჯავახეთშია.

მეურნეობების-სარგებლოაში-არსებული-სასოფლო-სამეურნეო-მიწის-განაწილება-რეგიონების-მიხედვით © საქსტატი

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო ფართობის მიხედვით ყველაზე მსხვილი მეურნეობები კახეთში (3.6 ჰა), სამცხე-ჯავახეთსა (2.2 ჰა) და ქვემო ქართლშია (1.8 ჰა).

მეურნეობის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო ფართობი რეგიონების მიხედვით © საქსტატი

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მეურნეობების სარგებლობაში 377.4 ათასი ჰა სახნავია, მათ შორის 85.5% – შინამეურნეობების, ხოლო 14.5% – იურიდიული პირების სარგებლობაში. საქსტატის მონაცემებით, მეურნეობების სარგებლობაში არსებული სახნავი მიწის საშუალო ფართობი 0.7 ჰა-ს შეადგენს, ხოლო მეურნეობების 86.9%-ს სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები სახნავი.

სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებით, სარგებლობაში არსებული სახნავი მიწის ფართობის 70.3% (265.4 ათასი ჰა) ნათესებით არის დაკავებული. იგულისხმება სახნავი მიწის ფართობი, რომელზეც 2013 წლის შემოდგომაზე და 2014 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში ერთწლიანი კულტურებია.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი შინამეურნეობებისათვის 77.2%-ს (249.2 ათასი ჰა), ხოლო იურიდიული პირებისათვის 29.5%-ს (16.2 ათასი ჰა) შეადგენს. 1 ჰა და მეტი ნათესი აქვს 49.4 ათას მეურნეობას, 5 ჰა და მეტი – 3.5 ათასს, 10 ჰა და მეტი კი – 1.6 ათასს. აღწერის შედეგებით, ერთწლიანი კულტურებით ნათესი მიწის 44.6% სიმინდს უჭირავს, 18.6% – ხორბალს, 9.2% – ბოსტნეულს, 9.2% – ქერს.

ერთწლიანი კულტურებით დაკავებული მიწის ფართობის სტრუქტურა ცალკეული კულტურების მიხედვით © საქსტატი

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მეურნეობების სარგებლობაში არსებული მრავალწლოვანი ნარგავების ფართობი 109.6 ათას ჰა-ს შეადგენს. აღწერის შედეგებით, მეურნეობების სარგებლობაში არსებული მრავალწლოვანი ნარგავების საშუალო ფართობი 0.4 ჰექტარია, ხოლო მეურნეობების 93.5%-ს სარგებლობაში 1 ჰა-ზე ნაკლები მრავალწლოვანი ნარგავები აქვს. საქსტატის აღწერის შედეგებით, 1 ჰა და მეტი მრავალწლოვანი ნარგავი აქვს 17.6 ათას მეურნეობას, ხოლო 3 ჰა და მეტი – 1.7 ათასს. მათი ინფორმაციით, მრავალწლოვანი ნარგავების 54.2% ხეხილის ბაღებს უკავია, 30.1% – ვენახებს, 6.7% – ციტრუსის პლანტაციებს, ხოლო 4.2% – ჩაის პლანტაციებს.

მეურნეობების-სარგებობაში-არსებული-მრავალწლოვანი-ნარგვების-სტრუქტურა © საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მეურნეობების სარგებლობაში 59.4 ათასი ჰა ხეხილის ბაღებია. მათი აღწერის შედეგების მიხედვით, მეურნეობების სარგებლობაში არსებული ხეხილის ბაღების საშუალო ფართობი 0.4 ჰექტარია, ხოლო მეურნეობების 94.0%-ს სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები ფართობის ხეხილის ბაღი. საქსტატის ინფორმაციით,  9.4 ათას მეურნეობას სარგებლობაში აქვს 1 ჰა და მეტი ფართობის ხეხილის ბაღი, ხოლო 0.7 ათასს – 3 ჰა და მეტი. აღწერის შედეგებით, ხეხილის ბაღების უდიდესი ნაწილი სამეგრელო-ზემო სვანეთში ფიქსირდება – 22.8 ათასი ჰა, შიდა ქართლში – 12.7 ათასი ჰა, ხოლო კახეთში – 8.1 ათასი ჰა.

მეურნეობების-სარგებლობაში-არსებული-ხეხილის-ბაღების-განაწილება-რეგიონების-მიხედვით © საქსტატი

საქსტატის აღწერის შედეგებით, მეურნეობების სარგებლობაში არსებული ვენახების ფართობი 33.0 ათას ჰა-ს შეადგენს, ხოლო მათი საშუალო ფართობი ერთ მეურნეობაზე 0.3 ჰექტარია. აღწერის შედეგების მიხედვით, მეურნეობების 95.4%-ს სარგებლობაში აქვს 1 ჰა-ზე ნაკლები ფართობის ვენახი; 5.6 ათას მეურნეობას სარგებლობაში აქვს 1 ჰა და მეტი ფართობის ვენახი, ხოლო 0.7 ათასს – 3 ჰა და მეტი. საქსტატის ინფორმაციით, ვენახების ფართობების უდიდესი ნაწილი კახეთში ფიქსირდება – 23.9 ათასი ჰა, იმერეთში – 5.0 ათასი ჰა, შიდა ქართლში – 1.0 ათასი ჰა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.7 ათასი ჰა.

მეურნეობების სარგებლობაში არსებული ვენახების ფართობის განაწილება რეგიონების მიხედვით © საქსტატი

2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მეურნეობების სარგებლობაში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1,005.0 ათასი სული შეადგინა, ცხვრისა და თხის – 989.3 ათასი, ღორის – 213.1 ათასი, ხოლო ფრინველის სულადობამ – 8,216.0 ათასი ფრთა.

პირუტყვისა და ფრინველის სულადობა და საშუალო მაჩვენებლები © საქსტატი

სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყველაზე დიდი რაოდენობა სამეგრელო-ზემო სვანეთში (195.2 ათასი), იმერეთსა (168.8 ათასი) და ქვემო ქართლში (140.7 ათასი) ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 10 და მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავს 14.1 ათას მეურნეობას, 50 და მეტი კი – 0.5 ათასს. როგორც საქსტატში აცხადებენ, საშუალო მაჩვენებელი გაანგარიშებულია სულადობის ფარდობით იმ მეურნეობების რაოდენობასთან, რომელთაც ჰყავთ შესაბამისი პირუტყვი/ფრინველი.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის განაწილება რეგიონების მიხედვით © საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, ცხვრისა და თხის ყველაზე მეტი რაოდენობა კახეთში (638.7 ათასი) ფიქსირდება. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (195.8 ათასი), ხოლო მესამეზე – სამცხე-ჯავახეთი (69.4 ათასი). აღწერის მიხედვით, 10 და მეტი ცხვარი და თხა ჰყავს 9.7 ათას მეურნეობას, 50 და მეტი კი – 3.1 ათასს.

ცხვრისა და თხის განაწილება რეგიონების მიხედვით © საქსტატი

სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების მიხედვით, ღორის სულადობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთში (44.9 ათასი), კახეთსა (38.3 ათასი) და იმერეთში (37.3 ათასი) ფიქსირდება. ამავე შედეგებით, 10 და მეტი რაოდენობის ღორი 2.2 ათას მეურნეობას ჰყავს.

ღორის განაწილება რეგიონების მიხედვით © საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, ფრინველის ყველაზე დიდი რაოდენობა ქვემო ქართლში (1,963.0 ათასი), კახეთსა (1,438.8 ათასი) და იმერეთში (1,319.4 ათასი) ფიქსირდება. სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგებით, 100 და მეტი ფრინველი 0.9 ათას მეურნეობას ჰყავს.

ფრინველის განაწილება რეგიონების მიხედვით © საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, ინფოგრაფიკაში გამოყენებული პირობითი აღნიშვნა: 0.0 – მაჩვენებლის სიდიდე უმნიშვნელოა. მათი ცნობით, ცალკეულ შემთხვევებში მცირე განსხვავება საბოლოო შედეგსა და შესაკრებთა ჯამს შორის აიხსნება მონაცემთა დამრგვალებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, საქართველოს 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ რეკომენდებული 2006-2015 წლების მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შესაბამისად ჩატარდა. მათი ინფორმაციით, აღწერა დაეფუძნა FAO-ს მეთოდოლოგიას, რომელის ყველა ეტაპზეც აქტიურად იყვნენ ჩართული FAO-სა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტატისტიკის ექსპერტები.

საქსტატის ცნობით, პირველ ეტაპზე, 2014 წლის ნოემბერში, შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აღწერა მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდა. მათი ინფორმაციით, 2015 წლის გაზაფხულზე დამატებით ჩატარდა იურიდიული პირების სასოფლო-სამეურნეო აღწერაც.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურში აცხადებენ, საბოლოოდ აღწერას ქვეყანაში არსებული (საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე) მეურნეობები დაექვემდებარა – ყველა ის შინამეურნეობა და იურიდიული პირი, რომელსაც 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, ჰყავდა პირუტყვი, ფრინველი, ფუტკრის ოჯახი ან ჰქონდა მრავალწლოვანი ნარგავი (სასოფლო- სამეურნეო), მიუხედავად იმისა, საანგარიშო წელს აწარმოა თუ არა რაიმე სახის სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი