სტატისტიკის ეროვნული სამსახური მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებს აქვეყნებს. საქსტატის მონაცემების თანახმად, საქართველოდან ემიგრირებულთა რაოდენობა 88,5 ათას ადამიანს შეადგენს. ემიგრანტთა ყველაზე მაღალი ნაკადი თბილისიდან 31.6% და იმერეთის რეგიონიდან გავიდა – 22.9%.
ემიგრანტთა პროცენტული რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარა – 4.5%, გურია 1.6%, კახეთი 8.2%, მცხეთა-მთიანეთი 2.5%, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 0.6%, სამეგრელო-ზემო სვანეთი 7.8%, სამცხე-ჯავახეთი 3.1%, ქვემო ქართლი 12,5%, შიდა ქართლი 4.6%.
ემიგრანტთა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, ემიგრირებული ქალებიდან ყველაზე მეტი 30-34 წლამდეა (6000 ადამიანი), ხოლო კაცები 50-54 წლამდე (დაახლოებით 6000 ადამიანი).
ემიგრანტები ძირითადად გადიან რუსეთში – 21.7%, საბერძნეთში – 15.9%, თურქეთში – 11.2%, იტალიაში – 10.9%, აშშ-ში – 5.7%, ესპანეთში – 4.1% და სხვა ქვეყნებში – 15%-ზე მეტი.
ემიგრანტთა საერთო რაოდენობიდან რუსეთში ემიგრირებულია კაცების 71,1% და ქალების 29.9%. საბერძნეთში – კაცების 17% და ქალების 83%, თურქეთში – კაცების 32.9% და ქალების 67.1%, იტალიაში ქალების 85,7% და კაცების 14.3%.
2014 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, აქედან 1 772 864 კაცი და 1 940 940 ქალია. მოსახლეობის რაოდენობა წინა 2002 წლის აღწერასთან შედარებით 15%-ით ნაკლებია.