ეკონომიკა

საწყობების მოწყობის წესი იცვლება

25 ოქტომბერი, 2011 • 1339
საწყობების მოწყობის წესი იცვლება

საგადასახადო შემოსავლების სამსახურის  ინიციტივით, საბაჟო საწყობების მოწყობის წესი  იცვლება. ამ უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, საბაჟო საწყობების მოსაწყობად ნებართვების გაცემის მექანიზმი მარტივდება. მცირდება მოსაკრებელი  და საგარანტიო თანხის მოცულობა.

ახალი კანონპროექტით, საწყობის მოსაწყობად კომპანია ნებართვას ოცი დღის ნაცვლად,  სამ დღეში მიიღებს. თანხმობის მისაღებად მან საგადასახადო შემოსავლების სამსახურში განცხადება, მოსაკრებელის გადახდის ქვითარი, მიწის და შენობის საკუთრების დოკუმენტაცია და საწყობის სტრუქტურის გეგმა უნდა წარადგინოს. საწყობის მოსაწყობად საგარანტიო თანხა 200 ათას ლარს შედგენს. საწყობის მოწყობის მოსაკრებელი 1000 ლარიდან 250 ლარამდე მცირდება. ასევე სავალდებულო აღარ იქნება საწყობებში ვიდეოთვალის დამონტაჟება. თუმცა აუცილებელ მოთხოვნად რჩება საგადასახადო შემოსავლების სისტემასთან ონლაინ კონტაქტი.

საგადასახადო შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა ებანოიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ქვეყანაში რეექსპორტის მაჩვენებელი გაიზრდება.

კანონპროექტის თანახმად, ასევე, შემოდის „სპეციალური სავაჭრო კომპანიის“ სტატუსი.  ის კომპანია, რომელიც ამ სტატუსით ისარგებლებს, ეკონომიკური საქმიანობისაგან იზოლირებული იქნება,  ვერ განახორციელებს იმპორტს. როგორც ებანოიძე განმარტავს,  ამ კომპანიას ექნება საშუალება, მის კუთვნილ საწყობში მოახდინოს სხვა სავაჭრო სუბიექტის პროდუქციის დასაწყობება. ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, ასევე შესაძლებელი ხდება საწყობებში ფსიქოტროპული საშუალებების დასაწყობება.

მასალების გადაბეჭდვის წესი