ეკონომიკა

ქართული ღვინის დღე ისრაელში

24 ოქტომბერი, 2011 • 1100
ქართული ღვინის დღე ისრაელში

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ისრაელში 23 ოქტომბერს ქართული ღვინის დღე მოეწყო. ღონისძიებაში ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მონაწილეობდა. როგორც საინვესტიციო სააგენტოში განმარტავენ, ისრაელში ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის წარმოჩენაა. ღონისძიებაზე სააგენტომ ქართული კომპანიების”– თბილღვინოს”, ”შატო მუხრანის”, ”კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” და ”ბაგრატიონის”– პროდუქცია წარადგინა:

„საინვესტიციო სააგენტო ახდენს ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისრაელში. ისრაელის ეთნიკურ ბაზარზე (პოსტსაბჭოთა ქვეყნები) ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე  მოთხოვნა კვლავ საკმაოდ დიდია. 2011 წელს საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური ფოკუსირებულია ქართული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების პოპულარიზაციაზე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე. ისრაელში ქართული ღვინის დღე სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა“– განმარტავს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ქეთი ბოჭორიშვილი.

ქართულ ღვინის დღეზე მოწვეული იყვნენ: ადგილობრივი თრეიდერები, ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში გადაწყვეტილების მიმღები პირები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ქსელების წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობისა და პრესის წარმომადგენლები.  მოპატიჟებულ სტუმრებს საშუალება მიეცათ, თავად დააგემოვნებინათ  ქართული ღვინოები.

შეხვედრაზე განიხილეს  ქართული ღვინის ექსპორტის  და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები. ღვინის დღე  სტუმრებისათვის ორგანიზებული მიღებით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი