ეკონომიკა

თბილიში „რისკების მართვის“ თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს

19 ოქტომბერი, 2011 • 1064
თბილიში „რისკების მართვის“ თემაზე  კონფერენცია მიმდინარეობს

2011 წლის 19–20 ოქტომბერს სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ საქართველოს ეროვნული ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) „რისკის მართვის“ საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას  მართავენ. ამ ფორმითა და  მასშტაბით კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობენ მოქმედი კომერციული ბანკებისა და მსხვილი კომპანიების ფინანსური წარმომადგენლები.

ფინანსურ სექტორში რისკების სწორად შეფასება და შემდეგ რეაგირების ინსტრუმენტებისა და სტრატეგიის განსაზღვრა პრინციპული მნიშვნელობისაა. ეს ფაქტი მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმაც დაადასტურა.

რისკების მართვის თემაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან ერთად,  მოხსენებას სარეიტინგო კომპანია „მუდის“ ანალიტიკოსი გააკეთებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება გაცვლითი კურსის რისკის მნიშვნელობაზე. თეორიულ საკითხებთან ერთად მონაწილეები პრაქტიკულ მაგალითებსაც განიხილავენ, მათ შორის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ საკმარისი ინფორმაცია ლიკვიდობის მართვისათვის, თუ რა ინსტრუმენტებს სთავაზობს საქართველოს ეროვნული ბანკი და გაერკვნენ ბაზარზე არსებული ფინანსური წარმოებულების შესახებ.

“ეს შეხვედრა არის რისკების მართვაზე, რომელიც არის უფრო გლობალური რისკების მართვის მიზნის, ფინანსური ბაზრების განვითარების ნაწილი. ფინანსური ბაზრების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის მონაწილეებმა იცოდნენ, ეროვნული ბანკი რას აკეთებს და რა ინსტრუმენტებს იყენებს და ასევე, რომ ჰქონდეთ საკმარისო ცოდნა, თუ როგორ გამოიყენონ ეს ინსტრუმენტები. დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ თემებს ეხება, სადაც ჩვენ გავაკეთებთ პრეზენტაციებს, თუ რას ვაპირებთ და რა გავაკეთეთ”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი