2011 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ერიკ ფურნიემ ხელი მოაწერეს ფინანსურ პროტოკოლს, ზემო სვანეთში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.
საუბარია მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიების შესაბამისი საბაგირო გზების დამონტაჟებაზე, რაც ზემო სვანეთს, კერძოდ, მესტიის რეგიონს, სამთო-სათხილამურო სპორტის მნიშვნელოვან კერად გადააქცევს.
„დღეს ხელი მოვაწერეთ ფინანსურ პროტოკოლს, რომელიც ფრანგული მხრიდან გულისხმობს 18 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება მესტიაში და, ზოგადად, ზემო სვანეთში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მშენებლობა დაიწყება წელს და წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგები. სამუშაოები გაგრძელდება 2012 წელსაც. ეს ნაწილია იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისათვის, რომ გაიზარდოს თავისი ბუნებრივი თვისებებით უნიკალური სვანეთის რეგიონის მიმზიდველობა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
გარდა თანამედროვე ტექნიკისა, საფრანგეთის მხარე ასევე დაგვეხმარება რეგიონის გრძელვადიანი განვითარების გეგმის მომზადებასა და განხორციელებაში, რაც გულისხმობს– ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნას, რეგიონის პოპულარიზაციას და სიღარიბის დონის შემცირებას.