ეკონომიკა

ეროვნული ბანკი 10–ლარიანი მონეტების შესახებ

7 ოქტომბერი, 2011 • • 11282
ეროვნული ბანკი 10–ლარიანი მონეტების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ანგარიშსწორების პროცესში, ლარის ბანკნოტების/მონეტების ვარგისობის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეუფერხებლად მიიღოს 10 ლარის ღირსების ბიმეტალური მონეტები და მოახდინოს აღნიშნული ერთეულით ანგარიშსწორება 10-ლარიანი ნომინალის ბანკნოტების პარალელურად. 

10 ლარის ღირსების ბიმეტალური მონეტები, რომლებიც მიძღვნილია ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღებისადმი, მიმოქცევაში გაშვებულია 2000 წლიდან და წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას.

ბიმეტალური მონეტების შიდა რკალი ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი – ოქროსფერი. ორივე მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა „Georgia” და „Ten Lari”, აგრეთვე, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი. 

ათი ლარი

ქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური მონეტა
მოჭრის თარიღი – 2000 წელი. წონა: 10.6 გრ. დიამეტრი: 26.0 მმ.
შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი.გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი.

ა) ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მასზე დატანილი ჯვრებითა და ქრისტეს კვართით. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა “ქრისტეშობიდან 2000 წელი”.

ბ) რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “10” წარწერით “ათი” და “ლარი”, ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა “საქართველოს ეროვნული ბანკი 2000”. 
გ) მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა “Georgia” და “Ten Lari”, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.

ათი ლარი

საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური მონეტა.

მოჭრის თარიღი – 2000 წელი. წონა: 10.6 გრ. დიამეტრი: 26.0 მმ.შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი. გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი.

ა) ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია XI საუკუნის ღირშესანიშნავი ტაძრის, სვეტიცხოვლის არწივისა და ლომის ცნობილი ბარელიეფები (როგორც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოები).მოცემულ კომპოზიციას კრავს ფოთლოვანი ორნამენტი და შვიდი ვარსკვლავი. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა “საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი”.

ბ) რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “10” და წარწერა “ლარი”, ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა “საქართველოს ეროვნული ბანკი 2000”. 
გ) მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა “Georgia” და “Ten Lari”, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი