ეკონომიკა

სადაზღვევო ბაზარზე მოთამაშეები შემცირდება

5 ოქტომბერი, 2011 • 1737
სადაზღვევო  ბაზარზე  მოთამაშეები  შემცირდება
კომპანიებში კრიზისი  ჰოსპიტალური სექტორის პროექტში ინვესტირებამ განაპირობა

“სადაზღვევო კომპანიების კონსოლიდაციის პროცესი გაგრძელდება. მათი რაოდენობა შესაძლოა უახლოეს მომავალში შემცირდეს” – ეს  განცხადება  ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 5 ოქტომბერს სადაზღვევო კომპანიების პირველ პირებთან  შეხვედრამდე გააკეთა.

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 15 კომპანიაა წარმოდგენილი. 2011 წლის მეორე კვარტალში ლიცენზიის შეჩერების  შესახებ ეროვნულ ბანკს (სები) ორმა სადაზღვევო კომპანიამ  ”ვესტმა” და  ”მობიუსმა” მიმართა. სებ-მა კომპანიების განაცხადი დააკმაყოფლა,  ხოლო  ”ვესტის” ვალდებულებები და ჯანმრთელობის დაცვის პაკეტი სადაზღვევო კომპანია ”არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ” იყიდა.

2011 წელს სადაზღვევო სექტორმა პირველად იზარალა.  ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტორის 2011 წლის პირველი ნახევრის ზარალმა მილიონ 700 ათას ლარს გადააჭარბა. თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიების ჯამური მოგება თანდათან იზრდებოდა. მაგალითად, სადაზღვევო სექტორმა 2010 წელს  33 923 360 ლარის მოგება ნახა, ორჯერ მეტი, ვიდრე 2009 წელს. ორი კვარტლის მონაცემებით, 6 ლიდერი სადაზღვევო კომპანიიდან მოზიდული პრემია მხოლოდ ორმა („ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი ბისიაი“) გაზარდა, დანარჩენმა კი ზარალი განიცადა.  მიზიდული პრემიების მოცულობა ამავე პერიოდში 16%-ით შემცირდა. 

სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი ”ნეტგაზეთთან ” საუბარში ამბობს, რომ  რომ 6 თვის შედეგებით სადაზღვევო სექტორში მიმდინარე პროცესების შესახებ სერიოზული დასკვნების გაკეთება რთულია. მისი თქმით,  თითოეული კონტრაქტის ანალიზი მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. „ვფიქრობ,  ინდუსტრიის ზარალი ნაწილობრივ ალბათ იმანაც განაპირობა, რომ სადაზღვევო კომპანიებმა ჰოსპიტალური სექტორის ნაწილში დამატებითი ინვესტიციები ჩადეს, მთლიანობაში საუბარია დაახლოებით 180 მლნ ლარზე. ამ ინვესტიციების გამოსყიდვის ვადა კი საკმაოდ ხანგრძლივია,” – განმარტავს რამიშვილი. 

ბაზარზე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში „ჯიპიაი ჰოლდინგმა” 33,577 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა, რაც 11%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე მოღვაწე კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში 188,189 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდეს, შესაბამისად, „ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზრის 17,8%-ს აკონტროლებს.  კომპანიის წარმატებას გარკვეულწილად ისიც განაპირობებს, რომ ”ჯიპიაი ჰოლდინგი” სადაზღვევო ბაზარზე კომპანია ”ირაოსთან” ერთი ფინანსური ქოლგის ქვეშ გამოდის.

”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი,  გიორგი კვირიკაძე :” რაც შეეხება ირაოსთან ერთი ქოლგის ქვეშ გაერთანებას, 2005 წლიდან  ბაზარზე  ერთიანი შეთავაზებით გამოვდივართ.  კომპანიაში ვენის სადაზღვევეო ჯგუფი 72 პროცენტით არის წარმოდგენილი. ჩვენი პოზიციები ბაზარზე მყარია, თუმცა, ვიდრე 2011 წელი არ დასრულებულა, არ შეიძლება ზუსტი შეფასებების გაკეთება. მართალია ბაზარს ორი მოთამაშე გმოეთიშა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,  რომ ბაზარი არ ვითარდება. სულ ფრო მეტი ადამიანი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით. ეს კულტურა ქვეყანაში ინერგება. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კომპანიების მოგების შემცირება გარკვეულწიდად ჰოსპიტალიზაციის პროგრამის განხორციელებამ განაპირობა, რადგან კომპანიებს მეტი ინვესტიციების განხორციელება უწევთ.”

2011 წლის პირველ ნახევარში 21%-ით არის გაზრდილი კომპანიის მიერ ანაზღაურებული ზარალები და 18,526 მლნ ლარით განისაზღვრება. გასაყიდად გამოტანილ  სადაზღვევო პროდუქტებში ”ჯანმრთელობის დაზღვევა” ლიდერობს.

სადაზღვევო ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე  კომპანიების ხელმძღვანელები ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებენ. სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ნიკოლოზ რამიშვილი ამბობს, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი ინვესტორების გამოჩენა ნაკლებად სავარაუდოა. ამას ორი მიზეზი აქვს, საქართველოს ბაზრის სიმცირე და მსოფლიო ბაზარზე  მოსალოდნელი რეცესია.

როგორც ჩანს, სადაზღვევო კომპანიებს კრიზისიდან თავის დაღწევა დამოუკიდებლად მოუწევთ.  თუმცა, რა გზებით, ამაზე კომპანიების წარმომადგენლები არ საუბრობენ და კრიზისის მოსალოდნელ გაღრმავებას  არ ეთანხმებიან.

ამ ფონზე  ბაზარზე  2011 წლის ბოლომდე მოთამაშეთა რაოდენობის შემცირება რეალურია.  ”სადაზღვვეო ინდუსტრიის განვითრება მოიაზრებს ახალი კომპანიების გაჩენას, არსებულის შერწყმას, გაქრობას და ა.შ.”- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი თქმით, აქ საგანგაშო არაფერია. სადაზღვევო სექტორი ერთერთი მსხვილი დამსაქმებელი გახდა.  საბანკო სექტორში 17 ათასი ადამიანია დასაქმებული, სადაზღვევო კომპანიებში კი– 2 300-2 400.

სადაზღვევო ბაზარზე შექმნილი ფინანასური დეფიციტის ფონზე მოხდება თუ არა სადაზღვევო პროდუქტების  გაძვირება? ამ კითხვაზე კომპანიების წარმომადგენლები უარყოფითად პასუხობენ.

”ალდაგი ბისიაის” გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე ამბობს, რომ ’’სადაზღვევო ბაზარზე არსებული კონკურენციის ფონზე სადაზღვევო პროდუქტების გაძვირება მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ზარალს, ვფიქრობ, 2011 წლის ბოლომდე ბაზარზე სიტუაცია  შეიცვლება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი