ეკონომიკა

“მასტერქარდის“ ბარათით ლარში შესრულებული ოპერაციების ანგარიშსწორება შესაძლებელია

5 ოქტომბერი, 2011 • • 1032
“მასტერქარდის“  ბარათით ლარში შესრულებული ოპერაციების ანგარიშსწორება  შესაძლებელია

Visa პლასტიკური ბარათების შემდეგ, „მასტერქარდის“ (MasterCard) საგადახდო ბარათებით ლარში განხორციელებული ოპერაციების ბანკთაშორისი ანგარიშსწორება ამიერიდან საქართველოში განხორციელდება, რაც შესაძლებელი გახდა ეროვნული ბანკის მიერ „მასტერქარდთან“ თანამშრომლობით „ლარში ანგარიშსწორების პროექტის“ დანერგვის შედეგად.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და “მასტერქარდის” ერთობლივ პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქვეყნის მთავარი ბანკი ინტენსიურად თანამშრომლობდა „მასტერქარდის“ წარმომადგენლებთან,  როგორც აშშ-ის ცენტრალურ, ასევე თურქეთის რეგიონალურ ოფისებთან.

დღეისათვის საქართველოში „მასტერქარდის“ წევრი ექვსი კომერციული ბანკია, რომელთა შორის „მასტერქარდის“ ბარათებით შესრულებული ოპერაციების ანგარიშსწორება გართულებული იყო საზღვარგარეთ ანგარიშსწორების გამო (ხანგრძლივი პროცედურა, კონვერტაციის ოპერაციები და ა.შ.).

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პროექტი ხელს შეუწყობს ანგარიშსწორების პროცესის დაჩქარებას და გამარტივებას, რაც დადებითი ფაქტორია ბანკებისთვის და გავლენას მოახდენს “მასტერქარდის” ბარათებით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე და კლიენტების კმაყოფილებაზე. ასევე განაპირობებს ბანკებს შორის კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას. Visa-ს საგადახდო ბარათებთან ერთად კომერციული ბანკები აქტიურად შესთავაზებენ მომხმარებელს „მასტერქარდის“ პროდუქტებსაც, რაც თავისთავად არჩევანის მრავალფეროვნებას განაპირობებს. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი