ეკონომიკა

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ერთი ეგზემპლარი აქვთ

4 ოქტომბერი, 2011 • • 1033
პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის ერთი ეგზემპლარი აქვთ

მთავრობამ საკონსტიტუციო ვადები არ დარღვია და პარლამენტს  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ოქტომბრის პირველ ორშაბათს წარუდგინა.

”ნატგაზეთი”  შეეცადა 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის მოპოვებას, თუმცა, როგორც მისთვის გახდა ცნობილი, პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის მხოლოდ ერთი ეგზემპლიარია შესული და ისიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ინახება. საპარლამენტო კომიტეტებში ბიუჯეტის პროექტი ჯერ არ შესულა . ბიუჯეტის პროექტი არც საფინანასო-საბიუჯეტო კომიტეტში აქვთ. არც  ფინანსთა სამინისტროს და არც პარლამენტის ვებგვერდებზე 2012 წლის ბიუჯეტის ელექტრონული ვერსია ატვირთული არ არის. როგოც ’’ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროში უთხრეს, ბიუჯეტის რიგი პარამეტრები ისევ ზუსტდება. არ არის გამორიცხული, რომ მთავარმა საფინანსო დოკუმენტმა ცვლილებები განიცადოს. როგორც პარლამენტში ”ნეტგაზეთს” განუცხადეს, საკომიტეტო დონეზე 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა მომავალი კვირის ორშაბათიდან დაიწყება.

პარლამენტის ბიუროს  სხდომაზე  2012 წლის ბიუჯეტის პროექტის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესახებ განაცხადი ვიცე სპიკერმა გიგი წერეთელმა გააკეთა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმა კი განმარტა, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 7 მილიარდ 623 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 323 მილიონით აღემატება  2011 წლის ბიუჯეტს.

მისივე თქმით, პრიორიტეტი კვლავ სოციალური მიმართულებები და სოფლის მეურნეობაა. ამას გარდა, ზურაბ მელიქიშვილმა დასძინა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდა არის 5,5%-ით პროგნოზირებადი. ასევე, პროგნოზირებადია ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი, თუმცა მელიქიშვილს ბიუროს სხდომაზე კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია. მისივე თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი წლისთვის 26 მილიარდ ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი