ეკონომიკა | , ,

ბიზნესასოციაცია – მოგების გადასახადის გაუქმება კომპანიებს რეინვესტირების განხორციელებაში წაახალისებს

13 აპრილი, 2016 | | 1701
ბიზნესასოციაცია – მოგების გადასახადის გაუქმება კომპანიებს რეინვესტირების განხორციელებაში წაახალისებს

მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შესაძლო რეფორმირებას საქართველოს ბიზნესასოციაციის ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი აფასებს.

ნიკოლოზ ნანუაშვილის განცხადებით, მოდელს რამდენიმე უპირატესობა აქვს – ის, პირველ რიგში, კომპანიებს რეინვესტირების განხორციელებას, წარმოების გაზრდას, თავიანთი საქმიანობიდან მოგებული ფულის ისევ ბიზნესში დაბანდებასა და წარმოების გაფართოებას ახალისებს.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შედეგად ლოგიკურია, რომ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება, გაფართოვდება ბიზნესი და ახალ წარმოებასაც სტიმული მიეცემა. ასევე, მისი განცხადებით, დიდი ალბათობით წაახალისებს საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.

“შეიძლება თვითონ რეფორმის დეტალებზე იყოს საუბარი, მაგრამ მე არ ვიცნობ ბიზნესმენს, რომელიც თვითონ რეფორმას აპროტესტებს. ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მისაღებია აღნიშნული რეფორმა.

არსებობს გარკვეულ საკითხები, რომელთა დაზუსტება სამუშაო პროცესში ხდება. ეს არ არის რაიმე პრინციპული წინააღმდეგობის თემები, ეს არის სუფთა ტექნიკური დეტალები. სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან და ცვლილებები, საბოლოო ჯამში, მიიღებს ისეთ ფორმას, რომ შეიძლება ნაკლები პრობლემები წარმოიშვას შემდგომში, მათი გამოყენების პროცესში” – აცხადებს ნანუაშვილი.

ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვაზე განაცხადი მთავრობამ იანვარში გააკეთა. ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, მისი ავტორი კი ფინანსთა სამინისტროა. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტს პარლამენტში პირველი მოსმენით ამ წუთებში განიხილავენ.

მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებული ცვლილება, მისი დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში 2017 წლის 1 იანვარს შევა. პროექტის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და მოგება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში დაიბეგრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი