ეკონომიკა

სად არის ”წმინდა ადგილი” ქართული ბიზნესისთვის?

22 სექტემბერი, 2011 • 1938
სად არის ”წმინდა ადგილი” ქართული ბიზნესისთვის?

არის თუ არა რუსეთის ბაზარი ქართული პროდუქციისათვის პრიორიტეტული? – ამ თემაზე ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები მწვავედ კამათობენ. ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს, ხოლო ბიზნესი დუმს.

”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა რუსულ–ქართული კონფლიქტის მოწესრიგების კომპრომისს ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების აღდგენაში ხედავს. ამ თემას პარტიის ლიდერმა დღეს ვრცელი პრესკონფერენცია მიუძღვნა. მანამდე კი, ქართულ პროდუქციაზე რუსული ემბარგოს მოხსნის მოტივით, კუკავა 2011 წლის ივნისში რუსეთის ფედერაციის მთავარ სანიტარს გენადი ონიშენკოს შეხვდა. მოგვიანებით შესაბამისი მიმართვაც გაგზავნა, სადაც ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას ითხოვდა.

2011 წლის 26 აგვისტოს,როგორც კუკავა აცხადებს, ”თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლებსა და რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წევრებს შორის შედგა შეხვედრა, რომელზეც მხარეები ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თემაზე შეთანხმდნენ. კერძოდ, ”თავისუფალ საქართველოსთან” უკვე შეთანხმებულია პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო და საგადასახადო საკითხები.

2006 წლის ემბარგოს შედეგად რუსეთის ბაზარზე მოღვაწე ქართულმა კომპანიებმა სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადეს. საუბარია ასეულობით მილონ დოლარზე, თუმცა რეალური ციფრები კომპანიების კომერციულ საიდუმლოდ რჩება. განცდილი ზარალის მასშტაბებს, საქართველოდან 2005–2010 წლებში ექსპორტირებული ღვინის, მინერალური წყლების, ჩაის, ხილის და ბოსტნეულის სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.

”ნეტგაზეთთან” საუბარში ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე წარმოდგენილ სტატისტიკას ასე აფასებს: ” 2011 წელი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ თუ წლის ბოლომდე იგივე ტენდენციები შენარჩუნდება, მაშინ ღვინის ფიზიკური მოცულობის ექსპორტი მთლიანობაში, 2005 წელთან მიმართებაში 37 პროცენტი იქნება. რაც შეეხება მინერალურ წყალს, 2005 წელთან შედარებით 64 პროცენტის დონეს მიაღწევს. თუ მნიშვნელიდან გამოვრიცხავთ რუსეთს და ავიღებთ წმინდად, ამ ბაზრის გარეშე რამდენი იყო ექსპორტი 2005 წელს და რამდენი იქნება 2011 წელს, მაშინ ასეთ მონაცემებს მივიღებთ: ღვინის ექსპორტი არის 285 პროცენტი (გაიზარდა 185 პროცენტით –თითქმის სამჯერ), მინერლურ წყლებზე ექსპორტი შედგენს 313 პროცენტს (ექსპორტი სხვა ბაზრებზე გაიზარდა სამჯერ).

მზარდი მაჩვენებლების მიუხედავად, სხვა ქვეყნების ბაზარი არ არის ისეთი ტევადი და აღქმადი ქართული ღვინისა და მინერალური წყლისთვის. მაგალითად, ჩინეთის ბაზარზე 2006 წლიდან 2011 წლის ჩათვლით განხორციელებული ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი 2006 წლის ოთხი თვის განმავლობაში (ემბარგოს შემოღებამდე) განხორციელებული ექსპორტის 10 პროცენტს უდრის. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე.

არის ასეთი ხატოვანი გამოთქმა: ”წმინდა ადგილი ცარიელი არ რჩება”. რუსულ ბაზარზე დღესვე რომ შეგვიშვან და ონიშენკომაც კარები გაგვიღოს, იგივე სეგმენტის დაკავება გაგვიჭირდება. ის ნიშა უკვე დაკავებულია სხვა ქვეყნების პროდუქციის მიერ და ქართული ღვინო ჩანაცვლებულია ჩილეს და კალიფორნიის დაბალფასიანი ღვინით. ჩვენ დაგვჭირდება ძალიან დიდი ძლისხმევა და ბრძოლა, რადგან წამოვიდა ისეთი თაობა, რომელსაც ნოსტალგიური დამოკიდებულება ქართული ღვინისადმი არ აქვს. ამიტომ უფრო მეტი რესურსების გამოყოფა დაგვჭირდება მარკეტინგულ საქმიანობაში. საჭირო იქნება ეფექტური მენეჯმენტი, არასაფასო კონკურენციის ელემენტებით. ჩვენ დაგვჭირდება ყველა თანამედროვე ინსტრუმენტის გამოყენება, რომ მოხდეს ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე და მისი ღირსეულად წარმოდგენა.

ზრდის დინამიკისა და პერსპექტივის თვალსაზრისით, სოსო არჩვაძე უფრო იმედიანად მინერალური წყლის ექსპორტს აფასებს. ”წყალზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება, მათ შორის რუსულ ბაზარზეც. მაგალითად, ჩინელი თუ არ გამოხატავს დაინტერესებას ღვინის მიმართ, წყლის მიმართ მას ფიზიოლოგიური მოთხოვნა ექნება. ამიტომ წყლის ექსპორტის დივერსიფიცირება შედარებით იოლი საქმეა და პერსპექტულია. ფასების მხრივაც ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო: თუ ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი 2005 წელთან შედარებით გაიზარდა 55 პროცენტით, მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის ფასი გაიზარდა სადღაც 2,23 ჯერ. ამიტომ ამ სეგმენტში შიდა რესურსების გადანაწილებაზე უფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსულ ბაზარზე, მინერალური წყლების ექსპორტი შესაძლებელია.”

რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად ჯერჯერობით მინერალური წყლების კომპანია IDS borjomi International –მა დააფიქსირა. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნიცა ჩოლოყაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ კომპანიამ საკუთარი პოზიცია გასულ კვირას გავრცელებულ განცხადებაში გამოხატა და ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.

”2006 წლიდან დღემდე ”ბორჯომის” სათაო ოფისმა არაერთხელ შეიტანა განაცხადი რუსეთის ფედერაციის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში ”ბორჯომის” რუსეთის ფედერაციის ბაზარზე დაბრუნების მოთხოვნით,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორი ნატალია მატუსევიჩი აწერს ხელს.

რუსეთის ხელისუფლებამ ქართულ პროდუქტზე ემბარგო 2006 წლის გაზაფხულში დააწესა. პირველად რუსეთის ბაზარზე ფალსიფიკაციის ბრალდებით ქართული ღვინის იმპორტი აიკრძალა. შემდეგ ბაზარი მინერალურ წყლებს, ჩაის, ციტრუსს და მწვანილს დაატოვებინეს.

2005 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 41,7 მლნ ლიტრი შეადგინა, 2006 წელს – 15,1 მლნ.ლიტრი, 2007 წელს – 9,6 მლნ.ლიტრი, 2008 წელს – 11,2 მლნ.ლიტრი, 2009 წელს – 9,9 მლნ.ლიტრი, 2010 წელს – 12,3 მლნ.ლიტრი.

რაც შეეხება მინერალურ წყლებს – 2005 წელს ქვეყნიდან 119,5 მლნ ლიტრი მინერალური წყლის ექსპორტი განხორციელდა. 2006 წელს ემბარგოს შედეგად ექპორტის მაჩვენებელი 66,5 მლნ ლიტრამდე დაეცა. 2007 წელს 54,3 მლნ.ლიტრის ექსპორტი განხორციელდა, 2009 წელს –50,6 მლნ.ლიტრის, 2010 წელს კი ექსპორტი 48,2 მლნ. ლიტრს გაუტოლდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ნუსხა ასეთია: 2007 წელს ქვეყნიდან 227 ათასი ტონა ყურძენი, 98,9 ათასი ტონა ციტრუსი, 7,5 ათასი ტონა ჩაი გავიდა. 2008 წელს ყურძნის ექსპორტმა 175.8 ათასი ტონა, ციტრუსისამ 55,2 ათასი ტონა, ჩაის 5,4 ათასი ტონა შედგინა. 2009 წელს ქვეყნიდან 150.1 ათასი ტონა ყურძენი, 93,6 ათასი ტონა ციტრუსი, 5,8 ათასი ტონა ჩაი გავიდა. 2010 წელს ექსპორტის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ყურძენი–120,7 ათასი ტონა, ციტრუსი 52.1 ათასი ტონა, ჩაი–3,5 ათასი ტონა.

მასალების გადაბეჭდვის წესი