ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა

26 ივლისი, 2011 • 927
საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა გაიზარდა

ოფიციალური მონაცემით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2011 წლის ექვსი თვის განმავლობაში წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი.

ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წლის იანვარიდან ივნისის ჩათვლით 4000 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნულმა ციფრმა წინა წლის ანალოგიურ მონაცემს დაახლოებით სამჯერ გადააჭარბა.

ოფიციალური მონაცემით, ამ პერიოდის განმავლობაში, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა წარმოადგნენ. ათეულს ჩინეთი, გერმანია, აშშ, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ბულგარეთი და რუსეთი ავსებს.

თუმცა სამივე ქვეყნიდან იმპორტის რიცხვი დაახლოებით ორჯერ მეტია საქართველოდან ექსპორტზე.

მაგალითად, 2011 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით რუსეთიდან იმპორტმა 142 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, მაშინ, როდესაც საქართველოდან რუსეთში ექსპორტი დაახლოებით 18 მილიონი აშშ დოლარია.

მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები, შავი ლითონების ჯართი, აზოტოვანი სასუქები, ოქრო,  დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული სპილენძის მადნები, ე.წ.  „არმატურა“ , სპილენძის ჯართი, მინერალური წყლები, სპირტიანი სასმელები და ა.შ. ეს ის საქონელია, რომელიც საქართველოდან საექსპორტოდ ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში გადის.

ამავე ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, სატელეფონო აპარატები, მეტალოკონსტრუქციები, სიგარეტები სატვირთო ავტომობილები, ქაღალდი, სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ან სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების პლასტმასის მილები და შაქარი შემოდის.

რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მისი ქვეყნებიდან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბულგარეთთან, საფრანგეთთან და იტალიასთან აქვს.

აღნიშნული ინფორმაციის წყარო სსიპ შემოსავლების სამსახური, სიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი