ეკონომიკა

ბათუმში შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ბიზნეს ფორუმი გაიმართება

29 ივნისი, 2011 • 1130
ბათუმში შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების  ბიზნეს ფორუმი გაიმართება

1 ივლისს ბათუმში შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ბიზნეს ასოციაციების კავშირის (UBCCE) ბიზნეს–ფორუმი გაიხსნება.

UBCCE 16 ქვეყნის 19 ბიზნეს–ორგანიზაციას აერთიანებს და ყოველწლიური შეხვედრისთვის ირჩევს ერთ-ერთ წევრ ქვეყანას. საქართველოში აღნიშნული ფორუმი პირველად ტარდება, რომლის მიზანია რეგიონში ეკონომიკური კავშირების გააქტიურება და ჩამოსული სტუმრებისთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობა.

ბიზნეს–ფორუმს ბათუმში UBCCE–ის 16 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი დაესწრება, რომელთა შორისაა: თურქეთი, გერმანია, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, და ა.შ.

ბიზნეს–ფორუმს ბათუმში ”საქართველოს მეწარმეთა კონფედერაცია” უმასპინძლებს, რომელიც 2008 წელს დაარსდა.

ფორუმის პროგრამის ფარგლებში,  ‘’საქართველოს მეწარმეთა კონფედერაციას”, თურქეთის ბიზნეს ასოციაცია TURKONFED-სა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას, ბიზნესკავშირების ხელშეწყობას, ერთობლივი გამოფენების, ფორუმების და ა. შ. ორგანიზებას.

TURKONFED თურქეთის ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნეს–ორგანიზაციაა და აერთიანებს ქვეყნის 2000-მდე მცირე და საშუალო საწარმოს.

ფორუმის პროგრამა, ასევე, დაეთმობა, გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო GIZ და UBCCE-ს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განახლებადი ენერგიების შესაძლებლობების სტრატეგიის განხილვას. ბიზნეს– ფორუმის მონაწილეები გაეცნობიან, როგორც ქვეყნის პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს, ასევე საქართველოში ინვესტიციების განმახორციელებელი კომპანიების (HiPP, Heidelberg, RAKIA ფოთის ინდუსტრიული ზონა და ა.შ.) გამოცდილებას.

ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების და  ფოთის თავისუფალი ინდუტსრიული ზონის დათვალიერება. ბიზნეს–ფორუმი ბათუმში ორ დღეს გასტანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი