რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართული მოლაპარაკებების დროს დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ლავროვის ერევანში სამუშაო ვიზიტის შედეგებს ასახავს.
„დადასტურდა რუსეთის მზადყოფნა, გააგრძელოს შუამავლობა სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესში, რომელიც ეფუძნება 2020-2022 წლებში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერთა სამმხრივ შეთანხმებათა კომპლექსს,“ – აცხადებენ სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, გააძლიერონ ძალისხმევა რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის — „3+3“-ის — შესაძლებლობების გამოყენების მიმართულებით – “აღნიშნული პლატფორმა მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის პრობლემების გადაჭრას რეგიონის ქვეყნების და მათი მეზობლების ძალებით”.
ერევანში მოლაპარაკებების ფარგლებში სერგეი ლავროვმა ასევე გამართა შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტ ვააგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა ევრაზიულ ინტეგრაციულ ფორმატებში, ასევე კოორდინაცია გაეროსა და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.
„ჩვენ ვართ მოკავშირეები, სტრატეგიული პარტნიორები. დღეს, პრესკონფერენციაზე საკმაოდ პროვოკაციულ კითხვებზე პასუხის გაცემისას, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მოკავშირეობა და ვალდებულებებისადმი ერთგულება ორივე მხრიდან,“ – განაცხადა ლავროვმა.