ბლოგები

ოპოზიცია ხელისუფლებას ევროპასთან დასაახლოებლად 7 ნაბიჯს სთავაზობს

27 მაისი, 2022 • 1305
ოპოზიცია ხელისუფლებას ევროპასთან დასაახლოებლად 7 ნაბიჯს სთავაზობს

ოპოზიცია ხელისუფლებას ევროპასთან დასაახლოებლად 7 ნაბიჯს სთავაზობს, რომელიც ქვეყანამ უახლოეს კვირებში უნდა გადადგას.

გეგმა სახელწოდებით, “ერთად ევროპისკენ” ოპოზიციამ დღეს, 27 მაისს, წარადგინა და ის პრემიერ-მინისტრსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გადასცა.

ოპოზიციის განცხადებით, დღეს, როგორც არასდროს, საქართველო ახლოსაა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და რამდენიმე კვირა დარჩა, ვიდრე გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქვეყნისთვის კანდიდატის მინიჭება/არმინიჭების შესახებ.

ოპოზიციის თქმით, მსგავსი უნიკალური შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია კიდევ ათწლეულები გადავადდება.

“სწორედ ახლა, ამ უახლოეს კვირებში უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირს, რომ საქართველო მზად არის გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად ევროპასთან დასაახლოებლად, ძირეული რეფორმების განსახორციელებლად და ამ გზაზე სიარულს ქვეყანა იწყებს შემდეგი ნაბიჯების გადადგმით:

1. ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული სასამართლო პაკეტის მიღება პარლამენტში;

2. საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა და საკონსტიტუციო ცვლილებების დაუყოვნებლივ მიღება მე-2 და მე-3 მოსმენებით;

3. შეწყდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე – დიპლომატებზე, ევროპარლამენტარებზე და ელჩებზე თავდასხმა;

4. უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება, სადაც ხაზგასმით და მკაფიოდ დაგმობილი იქნება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები უკრაინაში;

5. მთავრობის მიერ მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გარანტირებულად გამორიცხავს რუსეთისთვის დაკისრებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლას ან არასწორ ინტერპრეტაციას;

6. ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტა;

7. მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვა და საერთაშორისო მაღალი დონის სამედიცინო ექსპერტების ჩამოყვანა, რომელთა დასკვნის შესრულებაც მკურნალობა/რეაბილიტაციაზე სავალდებულო იქნება”, – სთავაზობს ოპოზიცია ხელისუფლებას.


საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მანამდე „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა 2024 წელს, ხოლო კანდიდატის სტატუსს 2030 წლამდე ელოდა.უკრაინას უკვე – 8 აპრილს, საქართველოსა და მოლდოვას კი 11 აპრილს, გადაეცა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარი.

კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარი (Questionnaire) წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ხდება გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შემდეგ ევროკომისია ამზადებს ანგარიშს და იძლევა რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

როგორც წესი, კითხვარის შევსების და კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცედურა წლები გრძელდება, თუმცა ამჯერად პროცესი დაჩქარებულად მიმდინარეობს და ქვეყნებს კითხვარის შესავსებად ერთთვიანი ვადა მიეცათ, ევროკომისიის შეფასება კი, სავარაუდოდ, ივნისში იქნება მზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი