ხელოვნება

ლია ლიქოკელი: თუ რამე გინდა თქვა, უნდა თქვა

27 იანვარი, 2016 •
ლია ლიქოკელი: თუ რამე გინდა თქვა, უნდა თქვა

ავტორი: სალი ელბაქიძე

“გავრცელებული შეხედულებაა, რომ პოეტები ფრიად პოეტური ხალხია, ამბროსიის ნექტრით იკვებებიან და მათი ფიქრები მხოლოდ ამაღლებულ საგნებს დასტრიალებს. შემთხვევით ქუჩაში ფერადი კატებით მოხატული, შარვლად წოდებული ტომრით შემოსილი, საკუთარ თავთან მობუტბუტე ლია ლიქოკელი რომ შემოგხვდეთ, შეიძლება კიდეც ირწმუნოთ ზემოთ ნახსენები მაქსიმა. მაგრამ ძალიანაც შეცდებით. ლია ლიქოკელი მიწიერი პოეტია.” – ასეთია მეგობრის, ირაკლი კალანდიძის თვალით დანახული ქუჩაში მოსიარულე „მიწიერი პოეტი“.

ლია ლიქოკელს ერთ წვიმიან დღეს შევხვდი. სამ საათზე კაფეში ჟღალთმიანი და გამხდარი გოგონა შემოვიდა, რომელსაც დიდი ზურგჩანთა ეკეთა და ფერადი ტანსაცმელი ეცვა. პირველი, რაც იმ დღეს ლიაზე გავიგე, იყო ის, რომ თურმე მას „ალუბლის ტარტი“ ჰყვარებია. ამ გემრიელ ნამცხვართან ერთად კი ჩვენი საუბარი თავისუფლად დაიწყო.

ლია ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში, დაიბადა. სკოლა იქ დაამთავრა და შემდეგ სწავლა თბილისში გააგრძელა. თავდაპირველად თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა კინორეჟისურაზე. შემდეგ დუშეთის სახალხო თეატრშიც მუშაობდა, სადაც ოთხი სპეკტაკლი დადგა. სკოლის დამთავრების შემდეგ დიდი ხანი არაფერი დაუწერია. ბავშვობის დასრულებასთან შეგუება რამდენიმე წელი გაგრძელდა, შემდეგ ადამიანებთან ლაპარაკი მოუნდა და დაიწყო წერა.

პატარაობისას სახლში ყოფნა უყვარდა, თითქმის არსად დაიდიოდა:

“ხანდახან ლექსებს ვწერდი და სულ ეგ იყო ჩემი უცნაურობა. შინაყუდა ვიყავი და სასაცილოდ წესიერი.”

ამბობს, რომ მისი ოჯახი შედგება მისი ოჯახის წევრებისა და ოჯახის წევრი ცხოველებისგან. დედა მისი მეგობარია, ძალიან ახლო და კარგი, ყველაფერს უყვება:

“საკმაოდ პატარა ვიყავი, სკოლის დროს, კარადასთან დამაყენა და მითხრა, შენ თვითონ გადაწყვიტე, რა გინდა, რომ ჩაიცვაო. სასაცილოა, მაგრამ განვიცადე ეს. მერჩია, ვინმეს შეერჩია ჩემთვის ტანსაცმელი და მე არ მეწვალა, გადაწყვეტილების მიღება არ მიყვარდა. მაგრამ დედაჩემი ფიქრობდა სწორად – მე თვითონ უნდა გადავწყვიტო, როგორ ვიცხოვრო. თვითონ კი პატივს სცემს ჩემს არჩევანს. ასეა დღემდე.”

ბებია რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ლია ხელებით ჰგავს მას, რომ დაიხედავს, სულ ის ახსენდება. ოღონდ მისმა ხელებმა, ბებიას ხელებივით, არც ქსოვა იციან, არც ძროხა მოუწველიათ და კიდევ ბევრი რამ არ გაუკეთებიათ. ამბობს, ბებია რაღაცნაირად მაგარი ქალი იყოო, რომ ვერ გატეხავ, ვერ მოერევი, ისეთიო.

“რაც გარდაიცვალა, იმის მერე მინდა, დამესიზმროს და სულ ერთხელ დამესიზმრა. სულ ერთხელ, თერთმეტი წლის განმავლობაში, ძალიან მინდა ვგავდე და ძალიან მინდა, მესიზმრებოდეს.”

“თახვი თვითონ დაირქვა ასე სამიოდე წლის წინ. მგონი, თახვი საერთოდ არ უნდა ჰყავდეს ნანახი, მაგრამ ეტყობა ჟღერადობა მოეწონა და დაირქვა. ისტორიისთვის ეს ამბავი შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ ვინაიდან მე, მის ახლო მეგობარს, ისტორიაზე მახვილი თვალი აღმომაჩნდა, ლია გადაიქცა თახვად. მეტამორფოზა იმდენად სრული გამოდგა, რომ როცა სახელით მიმართავენ, თავს უხერხულადაც კი გრძნობს” – ყვება ლიას მეგობარი ირაკლი კალანდაძე.

ლია ლიქოკელი. ფოტო მწერლის ფეისბუკ გვერდიდან

ლია ლიქოკელი. ფოტო მწერლის ფეისბუკ გვერდიდან

მთელი ბავშვობა ჰყავდა კატები, მისტიკურად უყვარს ეს ცხოველი. ფეხით, მარტო, ბევრს დადის, მაშინ, როდესაც თავში რაღაც გასარკვევი და დასალაგებელი აქვს.

საერთოდ ცოტა რამე უხარია, სულ თითზე ჩამოსათვლელი ამბები მახსენედება, რაც გაუხარდა. უხარია, ერთკვირიანი ტანჯვა-ვაების და ხმით მოთქმის მერე კარგი ლექსი რომ გამოუვა. გაუხარდა ლიტერატურული პრემიების მიღება. გაუხარდა, ლევან ბერძენიშვილმა ილიადას შესახებ თავის ლექციაში თბილად რომ ახსენა, ის პატარა გოგო მაგარი პოეტიაო. სხვათა შორის, მურაბებს ხშირად ჩუქნიან. ეტყობა, ხალხს ჰგონია, რომ ექსტრავაგანტულად ჩაცმულ პატარა გოგო-პოეტებს განსაკუთრებით უყვართ მურაბები. ის მურაბები მერე დიდხანს იმტვერება ხოლმე კარადის ქვედა თაროებზე.

“ძვირფასო მკითხველებო, რომ იცოდეთ, თუ თახვის გახარება მოგინდებათ, მურაბაზე არც იფიქროთ, ამისათვის წითელი ღვინო, კონიაკი, ვისკი და არაყი გაცილებით უფრო ეფექტური საშუალებაა. მოკლედ, თახვს უყვარს დალევა, თან ძალიან, და არ უყვარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია, ესეც ასევე ძალიან,” – ლიას მეგობარი ირაკლი კალანდაძე მასზე საინტერესო დეტალებს გვიყვება.

რომ დაწეროს, უნდა იყოს მარტო. ამ დროს ხელს უშლის ყველა ზედმეტი ხმა, მოძრაობა და ადამიანი. ლექსს, შესაძლოა, დიდხანს წერდეს, ნაწილ-ნაწილ. ამ ნაწყვეტებს შეიძლება წერდეს ქუჩაში სიარულისას, ტრანსპორტში, სამსახურში, მაგრამ შემდეგ აუცილებლად უნდა დაჯდეს მარტო და დაამუშაოს. სჭირდება ის გარემო, რომელსაც მიჩვეულია – თავისი სახლი, სიმარტოვე და ძირითადად – დილა. მუსიკამ ხელი არა მხოლოდ წერაში, არამედ ფიქრშიც შეიძლება შეუშალოს. ზოგადად, არ უყვარს, ხმაურად აღიქვამს. ხმაურად, რომელშიც თავისი აზრები აღარ ესმის.

ხანდახად ადამიანებიც არ უყვარს. ცდილობს სავალდებულო ურთიერთობებს თავი აარიდოს. სხვისთვის რამის გაკეთებასა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენას შორის ამ უკანასკნელს ირჩევს:

“თუ რამე არ მინდა, არ ვაკეთებ. კიდე წუწუნი მიყვარს, ბევრს ვწუწუნებ. შეიძლება ვიყო ცუდ ხასიათზე და ამით მოვშხამო ყველა ჩემ გარშემო. ჩემი მეგობრები ვეღარ იტანენ ამას და ამიტომ ძალიან ცოტა მეგობარი დამრჩა. ზარმაციც ვარ ძალიან, ოღონდ ისე კი არა, რომ ამბობენ ხოლმე, ზარმაცი ვარო, აი, ძალიან ზარმაცი ვარ.”

ქარიანი ამინდი უყვარს და ქარს თავისუფლებასთან და სიგიჟესთან აიგივებს, იმ სიგიჟესთან, გონებას რომ გამორთავ და რაც შიგნით გინდა, სადღაც ღრმად ჩამალული, ის რომ გამოგაქვს გარეთ, გადმოაფრქვევ:

“ქარი რომ უბერავს, ასე მგონია, მე ვსუნთქავ, როგორც მთელი სამყარო, რაღაც სხვა გრძნობაა.”

ბავშვობაში მოისმინა, რომ „ერთი კაცი მოუკლავთ, ძალიან ახალგაზრდა. ასევე ძალიან ახალგაზრდა ცოლი დარჩა, ახლად დაქორწინებულები ყოფილან. ხევსურეთში სირცხვილი იყო, ცოლს ქმარი დაეტირებინა, არც უნდა შეემჩნია, რომ უყვარდა. ჰოდა, ვერ გაძლო ამან, აიღო ქმრის პერანგი, სისხლშემხმარი, და წაიღო მდინარეზე – გავრეცხავო. სინამდვილეში ტირილი უნდოდა. რომ დაბრუნდა, თვალები დასიებული ჰქონდაო. შეატყვეს, რომ იტირა. ეს არ მავიწყდება: როგორ მისჩერებია ხალხი სრულიად პატარა გოგოს, რომელსაც ქმარი მოუკლეს, და აკვირდებიან, იტირა თუ არა, გაუძლო თუ არა. საშინელებაა. არ მესმის, რას ემსახურება ეს წესები. მძულს ყველაფერი, რაც ადამიანს გრძნობების გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.”

ამ ამბის შემდეგ გულწრფელად დაიწყო ამბების მოყოლა. თუ ადგილს ვერ პოულობს და თავს ცუდად გრძნობს, დედა ეტყვის ხოლმე, რომ რაღაც აქვს დასაწერი. მან უკვე იცის, რომ ეს სიმპტომია. ყველაფერი, რაც მის ირგვლივ ხდება, გროვდება და ემოციას იწვევს. პირველად რომ შუყვარდა, ყველას უყვებოდა და უკვირდათ, როგორ ლაპარაკობდა ამაზე ხმამაღლა. არ ესმოდა, არაფრით არ ესმოდა, რატომ არ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. წესი არ არისო, ეუბნებოდნენ. მერე დაიწყეს მასზე ჭორაობა. მაგრამ ახლაც დარწმუნებულია, რომ უნდა იყოს თავისუფალი ყველა მიმართულებით, “თუ რამე გინდა თქვა, უნდა თქვა, თუ გინდა გააკეთო – უნდა გააკეთო.”

ლექსების წერა დაიწყო და ერთი წლის შემდეგ მისი წიგნიც გამოვიდა. კიდევ ერთი წელი გავიდა და „ლიტერატურული პრემია საბა“ აიღო. „პრემია საბას“ დრესკოდი აქვს, მას კი საერთოდ არ ჰქონდა შესაფერისი ტანსაცმელი, კაბები არ უყვარს. არც ტანსაცმელთან დაკავშირებული შეზღუდვები და ფორმალობები. ამიტომაც წავიდა და იპოვა კაბა, რომლზეც პეპია გამოსახული. ასტრიდ ლინდგრენის „პეპი“, რომელიც ლიას საყვარელი ლიტერატურული გმირია და უნდა, რომ მისნაირი ველური და თავისუფალი იყოს. იმ დღეს ძალიან ღელავდა, თუმცა შემდეგ მოეშვა. პრემიის მიღებისას ვერაფერი იგრძნო, შემდეგ გაუხარდა.

“დღევანდელ სამყაროში, სადაც პოეზია ძალიან ვიწრო წრის ინტერესის საგნად დარჩა, ლია ლიქოკელი ახერხებს, ბევრ ადამიანს მოასმენინოს, წააკითხოს და, ბოლოს და ბოლოს, შეაყვაროს ლექსები. თანაც, ამ ხალხურობის ფონზე არც აკადემიური წრე რჩება მის მიმართ გულგრილი. ლია ცივსისხლიანი სნაიპერია და ამის დასტურად მისი ლექსებით გადაცხრილული მკითხველების საკმაოზე მეტი რაოდენობაც მეტყველებს.“ – ასე ახასიათებს ლიას მეგობარი, პაატა შამუგია.

უნდა, რომ უყვარდეს იმას, ვისაც თავად სურს, რომ უყვარდეს. ან თვითონ უყვარდეს ის, ვისაც უყვარს. სულ მარტივია, მაგრამ არ გამოდის. კიდევ, უნდა ბევრი წეროს, მაგრამ ეჩვენება, რომ სულ რაღაც უშლის ხელს, “აი, ასეთი სურვილ-ოცნებები მაქვს, ჩემზე რომ არის დამოკიდებული, ისეთი უფრო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი