ლევან კოღუაშვილის ქუჩის დღეებს ამერიკაში აჩვენებენ. MoMA –ს (Museum of Moder Art) კალენდრის მიხედვით, ქართული ფილმის ნახვა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ერთი კვირის მანძილზე იქნება შესაძლებელი.
ნიუ იორკ ტაიმსი კოღუაშვილის ფილმზე რევიუს აქვეყნებს. სტატიის ავტორი წერს, რომ ფილმი დამაიმედებელი სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც ასახავს საქართველოს რთულ და მძიმე ცხოვრებას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში.
სტატიის ავტორის ყურადღების მიღმა არ რჩება გუგა კოტეტიშვილი, ფილმის მთავარი გმირი.“საუცხოოა“,–ამბობს თავის მიმოხილვაში მაიკ ჰეილი.
კოტეტიშვილი შუახნის წამალდამოკიდებულ მამაკაცს ასახიერებს. ის მუდამ არჩევანის წინაშე დგას. არჩევანის მეორე მხარეს ხან ნარკოტიკები, ხანაც წამალდამოკიდებულებით გამოწვეული პრობლემები დგას–დააბეზღოს თუ არა მეგობრის შვილი, თავად ციხეს რომ გადაურჩეს.
გია ბაზღაძე, ქუჩის დღეების პროდიუსერი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ 2010 წელს გადაღებული ფილმებიდან ქუჩის დღეები ამერიკაში საჩვენებლად სადისტრიბუციო კომპანიამ შეარჩია. სადისტრიბუციო კომპანია კანადასა და აშშ–ში მუშაობს.
„ეს ფილმი სადისტრიბუციო კომპანია „გლობალ ინიშიეითმა“ შეიძინა და მისი ინიციატივით მოხდა ამერიკაში ჩატანა. 14 ფილმს შორის, 2010 წელს გადაღებული არტ ჰაუსის ფილმებიდან შეარჩიეს „ქუჩის დღეები“,–ამბობს ბაზღაძე.
ქუჩის დღეების ერთ–ერთი მთავარი ჯილდო იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ფილმების მეათე ფესტივალის, Go East მთავარი პრიზი.