ავსტრალიელი მსახიობი გრეტა სკაკი თბილისის მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალის სტუმარი იყო. მსახიობი, რომელმაც განასახიერა სხვადასხვა პოპულარული კინოგმირები ისეთ ფილემბში, როგორებიცაა: ძმები ტავიანების „დილა მშვიდობისა, ბაბილონ“, მარგარეტ ფონ ტროტას “შიში და სიყვარული“, ენდრიუ ბირკინის “მარილი კანზე“ და სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმებში. გრეტა არა მარტო კინოს, არამედ თეატრის მსახიობიცაა.
ვისაც უფრო მეტი უნდოდა სცოდნოდა გრეტაზე, გუშინ კინოფესტივალმა ამის საშუალება მისცა. მსახიობი კარგა ხანს პასუხობდა ხალხის კითხვებს. გასაოცარი იუმორის გრძნობითა და გულახდილობით გვიამბობდა თავის ისტორიებს. ამბების მოყოლა ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. გაიხსენა ის დრო, როცა ბალერინა დედას სამსახურში დაჰყავდა.
„მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მსახიობი გამოვიდოდი“ – თქვა სკაკიმ. საოცარი სილაღით გვიამბობდა ყველაფერს, რაც გაახსენდებოდა. და, სხვათა შორის, არა მარტო საკუთარი თავის საქებ ამბებს (როგორც იციან ხოლმე „სელებრითებმა“). მაგალითად, მოგვიყვა, როგორ გამოაგდო გადასაღები მოედნიდან ვუდი ალენმა, იმიტომ, რომ როლისთვის მეტად ხანშიშესული იყო… აღმოჩნდა, რომ გრეტა სკაკი თევზებისა და ოკეანის სხვა ბინადრების დიდი გულშემატკივარია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ანუ გული შეტკივა იმაზე, რომ ადამიანების დაუდევრობით თევზებს დაბინძურებულ წყალშჲ უწევთ ცხოვრება და ცდილობს დაეხმაროს მათ. სწორედ თევზების დაცვის რეკლამის დროს მოუწია უზარმაზარი, სლიპინა, ცივი და მძიმე თევზი დაეჭირა ხელში და დაეფარა შიშველი სხეული. ამის გარდა, მსახიობმა ძალიან ბევრი სასაცილო ამბავი მოგვიყვა. როგორც ქართულ ჟურნალებში წერენ ხოლმე – გაიხსენა კურიოზები თავისი ცხოვრებიდან. გაგვიმხილა ისიც, რომ უკვე აღარ სთავაზობენ პირველხარისხოვან როლებს და, საერთოდ, იშვიათად სთავაზობენ ფილმში თამაშს, სამაგიეროდ თეატრიდან აქვს შემოთავაზებები ბლომად.
ბოლოს, როცა ვიღაცამ ტრადიციული კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობდა გრეტა საქართველოზე და ქართულ კინემატოგრაფიაზე, მსახიობმა უპასუხა: „მე უნდა მოვმზადებულიყავი ამ კითხვისთვის და საქართველოზე ინფორმაცია დამეგუგლა (გუგლში მომეძებნა). აქამდე ძალიან გულახდილი ვიყავი და ახლაც ვიქნები. თუ თქვენ სადღაც გულის სიღრმეში ფიქრობთ, რომ დიდ ბრიტანეთში არავინ არაფერი იცის საქართველოზე – მართალი ხართ. მაგრამ ამიერიდან ეს შეიცვლება. როგორც კი ჩავალ, მე მოვუყვები მათ თქვენ შესახებ და ვიქნები ელჩი თქვენსა და დიდ ბრიტანეთს შორის“.