ხელოვნება

HORSE The Band – ამერიკული ნინტენდოქორის ფუძემდებლები თბილისში

14 ივნისი, 2010 •
HORSE The Band – ამერიკული ნინტენდოქორის ფუძემდებლები თბილისში

16 ივნისს თბილისს ამერიკული ჯგუფი HORSE The Band ეწვევა. ჯგუფს უდიდესი წვლილი მიუძღვის 8-ბიტიანი მეტალქორის, ე.წ ნინტენდოქორის შექმნასა და განვითარებაში და მუსიკის ამ ჟანრის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებად ითვლებიან. კონცერტში მონაწილეობას ცნობილი ქართული მეტალ-ჯგუფები Angel of Disease და Defenders of Tanelorn-იც მიიღებენ . მსმენელის წინაშე ორი ახალბედა ჯგუფიც Dismorial და Psychometria წარსდგება.

ამერიკული ხუთეული საპრომოუტერო კომპანია „ლოკომოტივ პრომოუშენის“ ორგანიზებით ჩამოდის. „ლოკომოტივ პრომოუშენი“ 2008 წელს შეიქმნა საქართველოში ცნობილი როკ და მეტალ ჯგუფების ჩამოყვანისა და ქართული როკ-ჯგუფების პოპულარიზაციის მიზნით.

კომპანიამ თბილისში უკვე უმასპინძლა ბრიტანულ ლეგენდას Uriah Heep-ს და მოაწყო კავკასიის მასშტაბის როკ-ფესტივალი “Caucasus Plays Deep Purple”. ორივე პროექტი ქართველმა ბლოგერებმა და მუსიკალურმა მიმომხილველებმა ბოლო წლების საუკეთესო ქართულ როკ-კონცერტებად აღიარეს. HORSE The Band-ის კონცერტის სპონსორია PLSGE, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკალური აპარატურის მწარმოებელი კომპანიების  JBL Pro, Marshall და Ampeg-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კონცერტი 16 ივნისს, 19 საათზე, გაიმართება ხორავას თეატრში.

მასალების გადაბეჭდვის წესი