Interviewsხელოვნება

„ჩემთვის ტექსტის გამოქვეყნება გათავისუფლებას ნიშნავს” – საუბარი ირმა ტაველიძესთან

21 მარტი, 2023 •
„ჩემთვის ტექსტის გამოქვეყნება გათავისუფლებას ნიშნავს” – საუბარი ირმა ტაველიძესთან

ირმა ტაველიძე ქართული ლიტერატურული სივრცისთვის კარგად ნაცნობი ავტორია. 2007 წელს გამოიცა მისი პირველი მოთხრობების კრებული „ავტობიოგრაფია ფრანგულად” და დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „წერო”.  2013 წელს მას  მოჰყვა მეორე მოთხრობების კრებული „აღმოსავლეთის გამოგონება”.  მწერალს მოპოვებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა” – 2017 წელს გამოქვეყნებული ესეების კრებულისთვის „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები” და 2021 წელს გამოცემული პირველი რომანისთვის „ბნელ წყლებში”.

მწერლობის პარალალურად იგი არის მთარგმნელი და რედაქტორი. უმუშავია სემუელ ბეკეტის, ფილიპ როთის, მიშელ უელბეკის, თომას პინჩონის, რომენ გარის, ჯოის კეროლ უოტსის,  ჯულიან ბარნსის და პოლ ოსტერის ტექსტებზე.

საუბარი ირმა ტაველიძესთან:

  • სად გადის ზღვარი შრომასა და შთაგონებას შორის, რამდენად გადაჯაჭვულია ეს ორი ცნება ერთმანეთთან, განაპირობებს თუ არა შთაგონებას კალამთან და ფურცელთან მუდმივი ურთიერთობა?

შრომა და მეტი არაფერი. სიტყვის სიტყვაზე გადაბმა. შთაგონება ალბათ პოეტს უფრო სჭირდება, მე სამუშაო რვეულის გადაშლაც მყოფნის იმისთვის, რომ წერის განწყობა გამიჩნდეს. ხელით ვწერ – ძალიან ნელა – და ბევრს ვფიქრობ ყოველ წინადადებაზე. ძალიან სასიამოვნოა ეს ფიქრი, ეს მოძრაობები, რომლებსაც ყოველთვის სადღაც სხვაგან მივყავარ. ამიტომაც, წინასწარ არასდროს ვიცი, რა მოხდება, რა ხიდები გაიდება ტექსტის ნაწილებს შორის.

  • როგორია გზა, რომლის შემდეგაც ახერხებთ დისტანცირებას თქვენი ტექსტებისგან, მათთვის სხვა თვალით შეხედვას? რამდენად მნიშვნელოვანია მუშაობისას ეს პროცესი თქვენთვის?

ნაწერის გასწორებას დიდ დროს ვუთმობ. მანიაკივით ვკითხულობ და ვკითხულობ ერთსა და იმავე აბზაცებს. როცა თვალთ დამიბნელდება, როცა აზროვნების უნარი დამეკარგება, ვხვდები – უნდა შევეშვა, ფიქრს სხვა მიმართულება უნდა მოვუძებნო. ორი-სამი დღე და ყველაფერი თავიდან იწყება – წრეზე დავდივარ, მაგრამ საბედნიეროდ, ყოველი ახალი წრე უფრო ფართოა. ჩემსა და ტექსტს შორის მანძილიც იზრდება.

  • რამდენად შესაძლებელია წერისას წაკითხული ნაწარმოებების გავლენებისგან თავის დახსნა. როცა თვლი, რომ სრულად შენეულ ტექსტს ქმნი, მაინც ხარ თუ არა გაუაზრებელი, შეუცნობელი გავლენის ქვეშ?

გავლენისგან გათავისუფლება მიზნად არასდროს მქონია. რაც წამიკითხავს, ჩემი ნაწილია, სამყაროსადმი თუ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების მეტ-ნაკლებად განმსაზღვრელი, და როგორ უნდა წარმოვიდგინო, რომ ნაწერში კვალს არ დატოვებს? მომწონს კიდეც, როცა ვხვდები, რომ სადღაც ჩემი საყვარელი მწერლის ხმა გაისმა – თითქოს პაპის დანაბარები გავიმეორე. რა თქმა უნდა, არასდროს მექნება იმ ავტორების გავლენა, რომლებმაც ვერაფრით მომხიბლეს და რომლების წიგნებიდან მხოლოდ სათაურები მახსოვს.

  • რა არის ტექსტის გამოქვეყნების მთავარი იმპულსი, შეიძლება საზრდოობდე მხოლოდ პროცესით, ნაწარმოების ფართო წრესთან გაზიარების – მისი გამოქვეყნების გარეშე?

ჩემთვის ტექსტის გამოქვეყნება გათავისუფლებას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ყველა ხიდი ბოლომდე თუ არ განადგურდა, ისევ მომინდება დაბრუნება და რაღაცის დამატება, გამოკლება, გადაკეთება. შეიძლება, ეს უსასრულოდ გაგრძელდეს, რაც საშუალებას არ მომცემს, რომ სხვა მხარეს გავიხედო, ახალი ტექსტის წერა დავიწყო. როცა ვმუშაობ, მანამდე დაწერილს ყველაფერს მნიშვნელობა ეკარგება, რაც ძალიან კარგია: ძველი ცოდვების გახსენება მხოლოდ ხელს შემიშლიდა.

  • რა არის ტექსტის გამოცემის შემდეგ მთავარი უკუკავშირი თქვენთვის?

რა თქმა უნდა, მიხარია, როცა ჩემი წიგნის ქება მესმის, მაგრამ ეს წუთის სიამოვნებაა, მალევე დასავიწყებელი. მთავარს და მნიშვნელოვანს მუშაობისას ვსწავლობ. ყველაზე დიდ სიხარულსაც მაშინ განვიცდი, როცა წერას, წინადადების  წინადადებაზე გადაბმას ვიწყებ. მკითხველების გაკვირვებასა თუ გულის მოგებაზე არასდროს ვფიქრობ და ალბათ ამის გამოა, რომ გამოხმაურებას ძალიან მშვიდად ველოდები ხოლმე.

  • რატომ ვერ ხდება ლიტერატურული კრიტიკა (მცირე გამონაკლისების გარდა) ქმედითი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში?

მძიმე კითხვაა. ზედაპირული პასუხი იმ პირობების არარსებობას შეგვახსენებდა, რომლებიც ხარისხიანი კრიტიკული რეფლექსიისთვისაა საჭირო.

  • საუნივერსიტეტო განათლება და მწერლობა. როგორია მათი ურთიერთმიმართება, რამდენად არის ლიტერატურის თეორიისა და ენის სიღრმისეული ცოდნა მთავარი მნიშვნელობის მატარებელი მწერლობისთვის?

საუნივერსიტეტო განათლება, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობისაა, მაგრამ იმის პირობად ვერ გამოდგება, რომ უკეთესად დაწერ. სინამდვილეში ენასაც სხვაგან, სხვებთან სწავლობ და არა აუდიტორიაში, პროფესორებთან. ჩემი მასწავლებლები ჩემი საყვარელი მწერლები არიან, რომლების სიაც ჯოზეფ კონრადითა და ჰენრი ჯეიმზით იწყება. მეორე მხრივ, სიბრიყვეა საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ საწადელს სწრაფად და უშრომლად მიაღწევ, რომ რამდენიმე ამოჩემებული ავტორის წაკითხვა საკმარისი იქნება, რომ ლიტერატურის თეორიისა თუ სალიტერატურო ენის ისტორიის ცოდნა არ გჭირდება, რომ მხოლოდ ნიჭის იმედად უნდა იყო…

  • ასაკი და წერა. არსებობს ურთიერთმიმართება ამ ორ ცნებას შორის? დროის სვლასთან და ასაკის მატებასთან ერთად ბევრი რამ იცვლება ტექსტზე მუშობისას? მხოლოდ სასიკეთოა ეს ცვლილება თუ ბევრ რამესაც აუფასურებს გზად?

ვხვდები, რომ წლიდან წლამდე უფრო თავისუფალი ვხდები, უფრო ადვილად შემიძლია დავთმო ძველი ჩვევა ან ისეთი ნივთი, რომელსაც მხოლოდ სენტიმენტალურობის გამო ვინახავდი. ორიენტირებიც უფრო მკაფიოდ ჩანს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნაწერსაც ცვლის – რამდენად სასიკეთოდ, ეს სხვისი გადასაწყვეტია. ზოგადად, ავტორებთან სხვადასხვაგვარადაა – შუა ხნისა, ვიღაც პესიმისტი და კაცთმოძულე ხდება, ვიღაც იმეორებს და იმეორებს საკუთარ თავს, ვიღაც იზაბელ იუპერივით ლამაზად დაბერებას წარმოიდგენს, ამ აზრით შეპყრობილი კი მთელ აბზაცს დაუნანებლად გადახაზავს…

  • თხრობის პერსპექტივები. რა განსაზღვრავს მათ შორის არჩევანს?

ექსპერიმენტები მიყვარს, მოულოდნელ ადგილებში გადახვევა. არ ვიცი, რა მაიძულებს მიმართულების არჩევას. შეიძლება პირველი წინადადება განსაზღვრავს იმას, რაც მას უნდა მოჰყვეს, შეიძლება ხელი წყვეტს ყველაზე მთავარს.

  • განსხვავდება თქვენთვის კაც და ქალ პროტაგონისტებზე მუშაობა ერთმანეთისგან? თავისთავადი გადაწყვეტილებაა მათი არჩევანი? (თითქმის თანაბარია თქვენს ტექსტებში კაცისა და ქალის ხმით მოყოლილი ამბები).

როცა მთავარი გმირი კაცია, თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ – მწამს, რომ ჩვენ შორის არსებული მანძილი ორივეს დაგვიცავს რაღაც გაუმართლებლის ჩადენისგან, მარტივი გამოსავლის მომხიბვლელობისგან. მოკლედ, ჩემი ხმით ვერ იტირებს, სამარცხვინოდ ვერ დამემსგავსება. სამუშაო პროცესში, რა თქმა უნდა, არაფერი იცვლება იმის მიხედვით, თუ რომელ ხმას ვირჩევ. ასეთი გადაწყვეტილებებიც, უმთავრესად, ექსპერიმენტის ნაწილია და შედეგზე წარმოდგენა არ მაქვს ხოლმე.

  • რა არის თხრობით ტექსტებზე მომუშავე ავტორისთვის (რომლის ნაწარმოებებსაც სულ თან სდევს თეატრი), მთავარი ინტერესი დრამატულ ტექსტზე მუშაობისას? („კედელი სტალინი პორტრეტისთვის“)

პიესის დაწერას ვერასდროს გავბედავდი, წლების წინ შვედი და ქართველი დრამატურგების ჯგუფში რომ არ მოვხვედრილიყავი. თეატრი ჩემი დიდი სიყვარულია და ცდუნებას ვერ გავუძელი – რამდენიმე სავარჯიშო დავწერე; უფრო იმიტომ, რომ სხვების აზრი მომესმინა და რაღაც მესწავლა. არასდროს დამავიწყდება, რას ვგრძნობდი, როცა შვედი მსახიობები ჩემი პიესის ნაწყვეტს კითხულობდნენ – თეატრში არა, ვისბიუს ეკლესიაში… მერე ამით წახალისებული ვწერდი.

  • ქალაქი, რომელიც თქვენს ტექსტებში თითქმის ყოველთვის არის ხან ხილული, ხანაც უხილავი პროტაგონისტი. განაპირობებს თუ არა სიმშვიდეს, დაცულობასა და სიცხადეს თქვენთვის? როგორია მისი გავლენა წერის პროცესზე და თქვენს ნაწერებზე.

აქამდე მოქმედების ადგილის შერჩევაზე დრო არ დამიკარგავს – ყველაფერი ჩემს მშობლიურ ქალაქში ხდებოდა. თვალწინ ბუნებრივად წარმომიდგებოდა შენობები, ქუჩები, ადგილები, რომლებიც რაღაც ნიშნით გამოვარჩიე დიდი ხნის წინ. თექვსმეტი წლის ვიყავი, გორიდან რომ წამოვედი და მაშინვე ვიცოდი, რომ აღარ დავბრუნდებოდი. ნაწერში კი მუდმივად ვუბრუნდები ხოლმე – მომწონს, რომ ჩემი გმირები მის უბნებში დაეხეტებიან, ერთმანეთს ხვდებიან. მაგრამ ახლა სხვა ამოცანა მაქვს: მინდა, თითქმის ყველაფერი შევცვალო – ქალაქიც, ამინდიც.

  • ხშირად ვფიქრობ ხოლმე უთქმელ მოგონებებზე, რომლებსაც გადავწყვეტთ, რომ მუდმივად ჩვენ თავში ვატაროთ და ამით თითქოს ფასს ვუნარჩუნებთ მათ. თუმცა ამდენი უთქმელობა ხანდახან შეუძლებელს ხდის არსებობას. როცა „სტალინის ნაძვებს და სხვა ტექსტებს“ ვკითხულობდი, ისევ დავუბრუნდი ამ ფიქრებს, მაშინვე ჩავიწერე კითხვა ჩემს წიგნაკში და ამით მინდა დავასრულო ჩვენი საუბარი – რამდენად  დიდ ძალისხმევას მოითხოვს და აუცილებელია თუ არა რაღაც დროს პირადი მოგონებების ხელიდან გაშვება, მათი სხვებისთვის გაზიარება, ამ გზით კი მათი სიძლიერის შესუსტება?

წერის დროს მოგონებები თავისით ცოცხლდებიან, ერთი დეტალი მეორეს მახსენებს. ეს მარტივად, ძალდაუტანებლად ხდება და არ მიჩნდება შეკითხვა: მოვყვე თუ არ მოვყვე? ჩემთვის წერისგან სიამოვნების მიღების შესაძლებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თერაპიული სარგებელი. ვიცი, თხრობისას რაღაც აუცილებლად შეიცვლება, წარმოსახვა („წარმოსახვის ლოგიკა“ – ამ გამოთქმას გუშინ გადავაწყდი ფილიპ როთის ბიოგრაფიის კითხვისას და მომეწონა) თავის საქმეს გააკეთებს და საბოლოო სურათი განსხვავებული გამოვა.  საშიში არაფერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი