ხელოვნება

ანიტა რაჭველიშვილი დიგიტალურ ოპერაში

4 ივნისი, 2010 • • 1303
ანიტა რაჭველიშვილი დიგიტალურ ოპერაში

კალიფორნიის დედაქალაქ საკრამენტოში თუ ვერ მოხვდით, გული მაინცდამაინც ნუ დაგწყდებათ. როგორც ლოს ანჟელესელები ამბობენ, სანახავი ბევრი არაფერია. უფრო მეტიც, ანგლოზების ქალაქის მემარცხენეები საკრამენტოს გზაზე დამდგარს გეტყვიან – თუ მაინცდამაინც გუბერნატორ შვარცენეგერის ვერტმფრენის დაშვება-აფრენის ნახვა არ გსურთ, საკრამენტოში რა უნდა აკეთოთო.

მემარცხენეების რჩევას თუ დაუჯერებთ, შეიძლება ბევრი არაფერი დაკარგოთ, მაგრამ დიგიტალური ოპერის ნახვას კი ვერ მოახერხებთ (ისე, სხვაგანაც ბევრია), სადაც 6 და 7 ივნისს ქართველი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის შესრულებით „კარმენს“ აჩვენებენ.   

კინო „ვარსითი“ ახლახან შეემატა იმ კინოთეატრების რიცხვს, რომლებიც საოპერო ტრანსლაციებს და ჩანაწერებს აჩვენებენ. სხვა დიდი კინოთეატრებისგან განსხვავებით, სადაც მეტროპოლიტენ ოპერის წარმოდგენები გადის, „ვარსითი“ მაყურებელს მხოლოდ ევროპულ პროდუქციას სთავაზობს. აქ აუდიტორიას ზალცბურგის ფესტივალის და მილანის ლა სკალას საოპერო დადგმებს ანახებენ. თანაც, კარგი ხასირხით.

ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ დანიელ ბარენბოიმის დირიჟორობით ლა სკალას დადგმაა და მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილთან (კარმენი) ერთად მას ტენორი იონას კაუფმანი (დონ ხოსე), ბარიტონი ერვინ შროტი (ესკამილიო) შეასრულებენ.

კინოთეატრებში ოპერის ჩვენება საკმაოდ ახალი პრაქტიკაა. ეს არის კარგი სიახლე, როგორც ოპერის მოყვარულისთვის, ასევე კინოთეატრის მენეჯმენტისთვის. სასიამოვნოა, როცა ავსტრალიაში ცხოვრობ და მეტროპოლიტენ ოპერის წარმოდგენის პირდაპირ ეთერში და დიდ ეკრანზე ნახვა შეგიძლია. მეორე მხრივ, ოპერისთვის სივრცის ორგანიზებით, კინოთეატრები დამოუკიდებელი კინოპროდუქციის პრეზენტაციის შესაძლებლობების შენარჩუნებას ცდილობენ.

ახლახან „ვერსითი“ მოგების განაწილების ხელშეკრულებით აშშ-ში დიგიტალური კინოთეატრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელს  „ემერჯინგ ფიქჩერზ“ (Emerging Pictures) დაუკავშირდა. Emerging Pictures სახელოვნებო დაწესებულებების, მედია ხელოვნების ცენტრებისა და დამოუკიდებელი არტ-ჰაუს კინოთეატრების ქსელს აერთიანებს (სულ 65), რომლებიც დიგიტალურ ტექნოლოგიებს ეფუძნებიან. ასეთი მიდგომა კომპანიას საშუალებას აძლევს დოკუმენტური და უცხოენოვანი, ევროპული და აზიური ნამუშევრები და კულტურული პროგრამები ეფექტურად შესთავაზონ მაყურებელს.

„ემერჯინგ ფიქჩერზის“ სერვერიდან ოპერებს „ვერსითიში“დიგიტალურად ტვირთავენ. გამოსახულების ხარისხი ძალიან მაღალია. ხმისთვის კი იმავე ხმის სისტემას იყენებენ, რასაც ფილმების ჩვენებისთვის. 

ყოველივე ეს ძვირადღირებული პროცესია, მაგრამ ოპერების პირდაპირი ტრანსლაციის და დიგიტალური ფორმატის ერთ-ერთი უპირატესობა ღირებულების შესაბამისი ეფექტურობაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი