Interviewsხელოვნება

„ჩემთვის რეჟისურა არის გადარჩენის საშუალება” — დიალოგი სოფო ქელბაქიანთან

21 ნოემბერი, 2022 • 2397
„ჩემთვის რეჟისურა არის გადარჩენის საშუალება” — დიალოგი სოფო ქელბაქიანთან

11, 12 და 13 ნოემბერს „თეატრში ათონელზე” გაიმართა პრემიერა სპექტაკლისა „გოდოს მოლოდინში“. ტექსტის სოფო ქელბაქიანისეულ ინტერპრეტაციაში ვერსად ნახავთ პიესის წარსული დადგმებისთვის დამახასიათებელ სცენოგრაფიას, რეკვიზიტებსა და პერსონაჟებს.

საუბრის თავისთავადი დასაწყისი „გოდოს მოლოდინის“ შესახებ

გოდოს დადგმის შემდეგ ყველაფერმა – ყველა პერსონაჟმა და ტექსტმა – დაკარგა არსი. ჰამლეტმა – ჰამლეტობა, მაკბეტმა – მაკბეტობა.  ძალიან „საზიზღარი“ პიესაა. ყველა პიესას აქვს დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია და დასასრული, ტექსტის განმავლობაში იცვლებიან პერსონაჟები,  ერთადერთი, რაც „გოდოს მოლოდინში“ იცვლება, უკიდურესი პესიმიზმის ხარისხია. არავითარი  დასაწყისი, განვითარება და დასასრული – სულ ერთი და იგივე.

ვერ ვხვდები, ვინ უფრო ტრაგიკული პერსონაჟია, ვლადიმირი, ჰამლეტი, მაკბეტი თუ ნებისმიერი სხვა, თუნდაც ოიდიპოსი, რადგან მათგან ყველა მივიდა რაღაც წერტილამდე, ვლადიმირის გარდა. ამაზე ტრაგიკული, ამაზე შემზარავი შეიძლება იყოს რამე?! ფინალიც ხომ ზუსტად ასეთია, ესტრაგონი და ვლადიმირი მიდიან, თუმცა ადგილზე დგანან.

დიდი ხანია მინდა „გოდოს“ დადგმა. როცა „ფედრას სიყვარული“ გავაკეთე, მაშინ ვფიქრობდი, გოდო თუ ფედრა? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ეს პიესა და ძალიან მინდოდა დადგმა, არ ვიცოდი, როგორ, რაზე და რატომ.

ერთი ზაფხულის დღესაც განათდა, რაზე მინდოდა მელაპარაკა ამ ტექსტით. როცა ავიღე პიესა, თავიდან ვფიქრობდი, რომ კომუნიკაციის არარსებობაზე ვდგამდი. ჩვენ ხომ იმიტომ ვართ მოლოდინში გაჭედილი, რომ არ არსებობს კომუნიკაცია. არავინ უსმენს ერთმანეთს. მხოლოდ კარგად აღზრდილმა ადამიანებმა იციან მოსმენა, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ზრდილობიანები არიან და არა იმიტომ, რომ მონაყოლი აინტერესებთ.

გზაში იმდენი რამ აღმოვაჩინე, მივხვდი, სპექტაკლს მხოლოდ ამაზე არ ვდგამდი.  ცხოვრებაში არის წიგნები, რომლებსაც წაიკითხავ და ბევრ რამეს ცვლის შენთვის, ჩნდება ცნება – წიგნის „წაკითხვამდე და წაკითხვის მერე”. არ შეიძლება მუდმივად გაუცნობიერებელ რაღაცაში ჩაკეტვა და მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. სწორედ ეს იწვევს შიშებსა და სიგიჟეებს.

ვფიქრობ ხოლმე, როგორ გავბედე, მაგრამ სრულიად ცხოვრებისეული ტექსტია, რასაც ცხოვრებაში ვლაპარაკობთ, ყველაფერი აქ წერია.

ტექსტზე მუშაობის პროცესი

კვლევის დაწყებისას შევეცადე დამევიწყებინა ავტორი, დრო და კონტექსტი. იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თვითონ ტექსტი, რომ ყველანაირად ვეცადე, სრულიად დამევიწყებინა ყველაფერი ტექსტს მიღმა.

შევეცადე მივსულიყავი მდგომარეობამდე, როცა არაფერი მეცოდინებოდა, წავიკითხავდი აბსურდულ ტექსტს და დავაკვირდებოდი, რას მოიტანდა ის ჩემთვის. გადავდე ყველაფერი და დავტოვე აქ და ახლა. რატომ დღეს და რატომ მე.

ვისთვის იდგმება სპექტაკლი?.. ვინ ვართ თეატრის და კინოს მაყურებელი? ემოციებზე მონადირე ადამიანები. სულ ვამბობ, ოპერატორის ინსტრუმენტი არის კამერა, ქირურგის – ლანცეტი, რეჟისორის – ნერვები. ეს ნერვები დროსთან ერთად ბლაგვდება და ცვდება. ამდენი დაძაბულობა და დაჭიმულობა აბლაგვებს ნერვებს და დგება მომენტი, როცა უარი უნდა თქვა გარანტირებულ შედეგზე. დგება დრო, როცა უნდა გადადო ყველაფერი და გალესო ეს ინსტრუმენტი.

ჩემთვის ყველაზე მთავარი იყო გუნდი. ვიცოდით, რასაც მოვკიდეთ ხელი, თუმცა მუშაობის დროს შიშის მისხალიც არ გვქონია.  არავინ ვფიქრობდით შედეგზე. დავიწყეთ ტექსტის პირველადი, ორიგინალი სახით და მივედით იმ ვერსიამდე, რომელიც ისმის სპექტაკლში.

საზღვრები ტექსტის ინტერპრეტაციასა და პირველად ტექსტს შორის

იწყება სპექტაკლი, ცოცხლდებიან ადამიანები, მათი პირიდან ისმენ, რა და როგორ ხდება, მერე წარმოდგენა მთავრდება და ისინიც ცოტა ხნით მიიძინებენ. მე არ მგონია, რომელიმე ტექსტის ავტორი იყოს წინააღმდეგი იმისა, რომ მისი პერსონაჟები გაცოცხლდნენ. მესმის, რომ  მათ შეიძლება სხვა მოლოდინები ჰქონდეთ, მაგრამ არც მე ვირჩევ ბავშვის გაჩენისას მისი თვალის ფერს, როცა ცოცხლდება და გტოვებს – იგი უკვე დამოუკიდებელია.

ინტუიცია – ძიებისა და მოფიქრების ნაცვლად

როგორც კი რეალობა გახდა იმდენად აბსურდული, რომ კითხვა აღარ გამჩენია, როგორ და რატომ, როცა აღარაფერი მქონდა საძებარი – მაშინ გადავწყვიტე დამედგა გოდო.

გავრილოვის ღამისას ქვეყანაში არ ვყოფილვარ. ჩამოვედი და ყველაფერი დანგრეული დამხვდა. ოთახი დანგრეული, ქვეყანა დანგრეული, პირადი ცხოვრება დანგრეული. ზუსტად ეს არის. ძიება და მოფიქრება ჩემთვის არ ყოფილა ამოსავალი წერტილი. აღმოვჩნდი ჩემს ოთახში, სადაც დგას ტახტი და კიდია მხოლოდ საქანელა, მერე ისიც მოიხსნა და დარჩა თოკი.

სპექტაკლში საქანელაც ამიტომ არის სახრჩობელა. როცა ინერტული ხარ, მნიშვნელობა არ აქვს, მუდმივად ინერციით საქანელაზე ირწევი თუ სახრჩობელაზე ჩამომხრჩვალი ჰკიდიხარ.

„პოცო“

პოცოს პერსონაჟი არ არის სასაცილო ტიპი, რომელიც  შეგვიძლია სცენაზე პარიკით შემოვიყვანოთ, იგი სუპერგმირია. ადამიანს სცენაზე თამაში უნდა და კურიერია.  „გოდოს მოლოდინში“ სუპერგმირებიც კი მოდიან თავიანთი უბედურებებით.

როგორ შეელიე „ლაკის“?

ეს იყო ერთადერთი კითხვის ნიშანი ჩემთვის. პიესიდან ლაკის მონოლოგი ამოღებულია და მის ნაცვლად ჩასმულია ბეკეტის სხვა ტექსტი. ეს არის ერთადერთი ძირეული ცვლილება პიესაში.

პერსონაჟების ერთმანეთთან გაუცხოების გამო იმდენი ძალადობრივი ელემენტია პირველ და განსაკუთრებით მეორე მოქმედებაში, რომ დამატებით პირდაპირი ძალადობის ჩვენება სრულად ზედმეტი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ძალადობა ბევრად დიდ ემოციურ ზემოქმედებას იწვევს, მენტალური ძალადობა ბევრად მძიმეა ჩემთვის. ფიზიკური ტკივილი შეიძლება მოიშუშო, მენტალური ტკივილი კი გზაა, რომელიც მუდმივად იცვლის მიმართულებებს და მუდმივად ზემოქმედებს შენზე. ამიტომ ამ ორი საზრისის ერთმანეთთან დაპირისპირება და სასწორზე დადება არ მინდოდა.

ვფიქრობდი, ვინ არის ლაკი დღეს, სად არის იგი. ეს რეალობა არ არის – რეალობა სხვაა, მე რომ ორიგინალის მიხედვით დამედგა ეს ნაწილი, არ იქნებოდა რეალობა. ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ. ხელოვნებით კიდევ ვინმე თუ სვამს კითხვებს, არ ვიცი, თუმცა ძალიან კარგი იქნებოდა, ასე ყოფილიყო. რა არის ხელოვნება? ის, რასაც ქმნი საკუთარი თავისთვის და სხვისთვის. ხელოვნება ამბების გაზიარებაა, რომლებიც გაფრთხილებს, რომ აქ, ამ ტერიტორიაზე შეიძლება რაღაც მოხდეს.

იერარქიების რღვევა

ის, რომ არასწორ რაღაცებზე აქცენტის გაკეთება არ მიწევს, მხოლოდ თემურ ჩხეიძის დამსახურებაა. პირველი ლექცია ზუსტად იერარქიული წესრიგის რღვევაზე საუბრით დაიწყო, თუ არ დავარღვიეთ, მუშობას ვერ გავაგრძელებთ და ვისხდეთ ასეო. ცხადია, იერარქია თავისას შვრება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავისუფლება ვისწავლეთ პროფესიაში და მოგვცეს კვლევის უფლება.

რამდენად შესაძლებელია, ქართულ სივრცეში რეჟისორობა ჩაითვალოს პროფესიად?

მე შემიძლია ვთქვა,  ჩემთვის რა არის რეჟისორობა  და რას ვისურვებდი, რომ იყოს. ვისურვებდი, რომ იყოს პროფესია და ჩემი სრული რესურსით შემეძლოს ყოფნა ამ პროფესიაში, დროის, ენერგიის, ყველაფრის თვალსაზრისით. მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ჩემთვის რეჟისურა არის გადარჩენის საშუალება – მეტი არაფერი.

მაგალითად, როცა „ფრეკენ ჟული“ თავისივე გადაწყვეტილებით მოკვდა სცენაზე, მაგ პერიოდში მე მხოლოდ ამიტომ გადავრჩი. სრულიად გულწრფელად ვამბობ.

მართლა ასეა, ჩვენ ხომ სულ ჩვენს თავს ვეძებთ. ვეძებთ, რა შეიძლება აღმოვაჩინოთ უფრო საინტერესო, უკეთესზე და უარესზე არ ვსაუბრობ. აქეთკენ არის ადამიანი მიდრეკილი. ამ პროფესიაში ხარ იმიტომ, რომ უბრალოდ სხვანაირად არ შეგიძლია და არა რაღაცის გამო.

ვამბობდი, „გოდოს“ რომ მოვრჩები, 5-6 თვე პიესას არ ავიღებ ხელში – დავდგამ კი არა – არც კი წავიკითხავ-მეთქი. მოვრჩი დადგმას, გავიდა რამდენიმე დღე და უკვე დამეწყო ფორიაქი, რას ვშვრები, რა ხდება და რა შეიძლება გავაკეთო. ვერ ვჩერდები, რადგან სხვანაირად დაიწყება დაღმასვლა. სხვანაირად არის „გოდო“. გოდოს მოლოდინში რომ არ იყო, მხოლოდ ეს პროფესია გშველის. მეტი არაფერი. თუ იმ ტრაგიზმამდე ჩემი შინაგანი სამყარო არ მიდის, რაც ჩემთვის განსაკუთრებით ვლადიმირს აქვს,   (და რასაც გიორგი ხურცილავა ძალიან კარგად მიხვდა და გაიაზრა პერსონაჟზე მუშაობისას. მან „ვლადიმირში” მთელი თავისი რესურსი და სისხლი ჩადო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.)  ეს რომ არ ხდება ჩემს ცხოვრებაში, ეს ამ პროფესიის დამსახურებაა. რეჟისურა მხოლოდ გადარჩენის საშუალებაა ჩემთვის.

იქნებოდა რეჟისურა თვითგადარჩენის საშუალება თემურ ჩხეიძის გარეშე?

ალბათ არა. გაცილებით საშიში და მოსაწყენი იქნებოდა სამყარო თემურ ჩხეიძის გარეშე, ბევრად ნაკლები წონა და ხარისხი ექნებოდა მის გარეშე.  ყველაფერზე მოასწრო პასუხის გაცემა, არ ვიცი, ეს როგორ შეძლო. სულ ვამბობ, თუ სადმე ჩემში არის სინდისის ხმა, ეს თემურ ჩხეიძეა.

ძალიან ცოტა ქალის ხმა ისმის ქართულ თეატრალურ სივრცეში, შენს სპექტაკლებს ეს ხაზი სულ თან გასდევს – სცენიდან,  გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებელად, ყოველთვის ისმის თვითმყოფადი ხმა

არ ვიცი, როგორ ვთქვა. ყველაფერი, რასაც აკეთებ, ხარ შენ. ვერ ასცდები შენს თავს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი – ყველგან ვცდილობ ვიყო ძალიან გულწრფელი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს შენგან წამოსული იმპულსებია, ეს შენ ხარ – შენი ნაწილები დადიან სცენაზე. ამას რომ ხედავ, ძალიან მიკვირს, ვერ წარმომიდგენია, შენ ასე წაიკითხო ჩემი დადგმული სპექტაკლი – ეს თუ ასე ჩანს და იკითხება, ძალიან მიხარია, მაგრამ მე სხვა რამეზე ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას. თუმცა „ფრეკენ ჟულის“ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ თავისი გადაწყვეტილებით მომკვდარიყო სცენაზე. ეს უნდა ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება და არა ჟანზე დამორჩილება. ეს უნდა მომხდარიყო უცბად და ჟანის თვალწინ. ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა, რასაც აკეთებ. ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ჩვენს საქციელზე.

ჩემთვის ადამიანისეული გამოცდილებებია ყველაზე მნიშვნელოვანი.

უკუკავშირი ქართულ სოციალურ კაპიტალზე დაფუძნებულ თეატრალურ სივრცეში. მომენტი, როცა ხვდები, რომ მინიმალურად მაინც გამოგივიდა ის, რაც ჩაიფიქრე

რამდენიმე კომპონენტი არსებობს.

მაგალითად, ჩემმა ერთ-ერთმა მსახიობმა მოყვა ასეთი რამ – სპექტაკლზე ჰყავდა მოყვანილი დისშვილი. როცა ნახა სპექტაკლი, 14 წლის ბავშვმა მითხრა – გოდო მიპოვეთ, წაკითხვა მინდა, ბოლოს, როცა კედელთან ვლადიმირი მივიდა, გადახაზა თარიღი და მივხვდი, რომ გოდო დღესაც არ მოვიდოდა, ისეთი რაღაც დამემართა, მინდა ტექსტი წავიკითხოო. ამაზე მნიშვნელოვანი რამ, ამაზე დიდი უკუკავშირი, როცა 14 წლის ბავშვი სპექტაკლის ნახვის შემდეგ ეუბნება ბიძას, გოდო მინდა წავიკითხოო (რაც მხოლოდ მსახიობის დამსახურებაა, რადგან მან ასე მიიტანა პერსონაჟი მაყურებლამდე), ვერაფერი იქნება.

ასევე, მეორე. როცა უკვე პრემიერამდე ბოლო რეპეტიციებს უყურებ, როცა უკვე ყველა ძალა დაკარგული გაქვს, როგორც რეჟისორს, და ხვდები, რომ პერსონაჟების პირით ცოცხალი ადამიანები გელაპარაკებიან, ესეც უკუკავშირია ჩემთვის. ისინი ადამიანები გახდნენ – ეს არის მთავარი. ამ ადამიანებს როგორ მიიღებს სხვა, მე ამაში ვეღარ ვერევი. რა თქმა უნდა, როცა რაღაცაში ყველაფერს დებ და ვიღაც უარყოფით რამეს გეტყვის, გწყინს და პირიქით, მაგრამ განმსაზღვრელ ზემოქმედებას შენზე ვერ ახდენს. ვფიქრობდი, ყველა ძვლებიანად შემჭამდა – ბეკეტს რა უქნაო, მაგრამ არც არაფერი მიქნია და არც არაფერი მომხდარა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ამას ვუზამდი და მსახიობებსაც თავიდანვე ვუთხარი ეს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ეს ერთად ვუქენით, მე მარტო არაფერი მიქნია. ვინც მონაწილეობს სპექტაკლში, პროცესის 70-80 პროცენტია, რადგან ვიცი, რა შეუძლიათ – მე რა შემიძლია მათთან და პროცესში ერთად რა შეგვიძლია. მე ცოცხალი ადამიანები მჭირდება და არა ისინი, ვისი მართვაც შემეძლება.

სპექტაკლის დადგმის პროცესი დიდად არ განსხვავდება ბავშვის გაჩენისგან. ერთად ქმნით, რაღაც მომენტში ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებს ეს ყველაფერი, მერე საშინელ ტკივილებში გადადის და როცა გაჩნდება აღარ გახსოვს, როგორ გტკიოდა.

ერთსა და იმავე არტისტებთან მუშაობა – კომფორტი და სირთულე

მაგალითად, თუ ტასო ჭანტურაია სპექტაკლში „დასასრულის შემდეგ“ იყო ლუისას პერსონაჟი – მისი ფაქტურის, მანერის სრული დესტრუქცია და ტასოს საშუალებით ახალი ადამიანის აწყობა უფრო მაინტერესებდა, ვიდრე ზუსტი ტიპაჟის პოვნა. საინტერესო იყო, რა შეიძლებოდა აღმოგვეჩინა ერთმანეთში ახალი. ძალიან საინტერესო და კომფორტულია, როცა ახლის ძებნის დროს ძველის გატკეპნა არ გიწევს, ის გატკეპნილია და დამთავრდა. აღარ არის საინტერესო –  ეს ვიცით. ასევე, როცა რაღაცას ვამბობ, ზუსტად ვიცი, რომ ის ჩემს სიტყვებს ზუსტად გაიგებს და ამაში დრო აღარ იკარგება. მაგრამ, ამავდროულად, ძველის წაშლა ძალიან რთულია. ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ  იმას, რომ როლები და ჩემი მიდგომა ერთმანეთს არ ჰგავდეს. თუ ეს მოხდა, ამით თავსაც ვიღუპავ და არტისტსაც უპატიებელ რაღაცას ვუკეთებ. ყოველთვის ვღელავ ამაზე, მაგრამ ამ ადამიანებს ამის პოტენციალი აქვთ. ძალიან საინტერესონი არიან ჩემთვის. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე მსახიობი ათამაშო სპექტაკლში, მაგრამ ეს ამოუწურავი პოტენციალია. როცა შენს თავში მათთან მუშაობის რესურს გრძნობ და პირიქით, რატომ არა.

საუბრის თავისთავადი დასასრული

ერთადერთი მთავარი, რაც შემიძლია გითხრა, თავში სულ მაქვს მთავარი კითხვა – რას ვაკეთებთ, აქ რომ ვართ? ამას რაღაც მომენტში თუ არ მიხვდი, ერთი წამში ყველაფერი გაქრება და დარჩები მარტოობის წინაშე, რომელშიც დგახარ. მხოლოდ ერთი რაღაც არის, რაც ვიცით, როგორც ვლადიმირი ამბობს – ამ ქაოსში და უბედურებაში ველით, როდის მოვა გოდო. არასდროს ეს არ უნდა მოხდეს! შენ ხარ შენი თავის გოდო – მორჩა!

მასალების გადაბეჭდვის წესი