“საქართველო. პაიკი ახალ დიდ თამაშში” საქართველოს უახლესი ისტორიის ამსახველი ახალი ინგლისურენოვანი წიგნია. გამომცემლობის, ბრიტანული Pluto Press ოფისი, რომელიც პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში კრიტიკული ხედვის მქონე მოაზროვნეების ბეჭდვითაა ცნობილი, ლონდონში მდებარეობს.
წიგნის ავტორი შვედი პოლიტიკოსი, შვედეთის მწვანეთა პარტიის თანადამაარსებელი (1981 წ.) და 35-ზე მეტი წიგნის ავტორი პერ გარტონია, რომელიც 1999-2004 წლებში ამიერკავკასიაში ევროპარლამენტს ოფიციალურად წარმოადგენდა.
დღეს იგი თბილისის გარემოს დაცვის რეგიონული ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი.
როგორც აღწერილობაშია მოცემული, წიგნის “საქართველო. პაიკი ახალ დიდ თამაშში” ცენტრალური ნაწილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარული ასპექტების მიმართ მზარდ წინააღმდეგობას და 2005 წელს პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას იდუმლოებით მოცულ სიკვდილს ეთმობა.
ავტორი სვამს კითხვას: რა იყო ვარდების რევოლუცია – კონსპირაცია თუ ნამდვილი სახალხო ამბოხი? 2008 წლის ომმა ცხადყო, რომ საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების შუაგულში იმყოფება.
პერ გარტონი მიმოიხილავს ქვეყნის მიმართ ამერიკისა და რუსეთის დამოკიდებულებას, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აშშ-ს ჩართულობის ზრდასა და ამით რუსეთის მხრიდან გამოწვეულ რეაქციას, სანქციებსა და ქვეყანაში შემოჭრას.
გარტონის ანალიზი მთავარ პოლიტიკურ ფიგურებთან ინტერვიუებსა და საქართველოში მუშაობის საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა. წიგნის პრეზენტაცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) დღეს 15:00 საათზე გაიმართება