კინოხელოვნება

შინ, გარეთ და უკან ჯასმილა ჟბანიჩის მიხედვით

20 თებერვალი, 2010 • • 2205
შინ, გარეთ და უკან ჯასმილა ჟბანიჩის მიხედვით

ბოსნიელი რეჟისორი ჯასმილა ჟბანიჩი ბერლინის საკონკურსო პროგრამას ახალი ფილმით დაუბრუნდა. 2006 წელს „გრბავიცა – ესმას საიდუმლომ“ მას ოქროს დათვი მოუტანა. „გზაზე“ ახალი ფილმის სახელწოდებაა, რომელიც მაყურებელმა თბილად მიიღო. ფილმი ახალზაგრდა წყვილზე მოგვითხრობს, რომელიც ბავშვის ყოლაზე ოცნებობს და ბედნიერია, მანამ, სანამ მამაკაცი მეჩეთში სიარულს დაიწყებს და სულიერ ძმებს გაიჩენს.

სცენარის ავტორიც ჟბანიჩია. ფილმის დრამატურგია ისეა აწყობილი, რომ პერსონაჟის ხასიათის განვითარების, ემოციური ინტენსივობისა და გარემოს შექმნის პროცესში ჩავარდნა არც ერთხელ არ ხდება, რაც ახალგაზრდა რეჟისორის უდაოდ დიდი ღირსებაა. მთლიანობაში ფილმი სტრუქტურულად გამართული და მონტაჟურად თვალშისაცემად კარგად აწყობილია. თუმცაღა, შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან პატარა იყო. მსახიობების გარდა ჯგუფის ჩამონათვალში სულ 18 ადამიანს ამოიკითხავთ.

ჯასმილა ჟბანიჩი
ჯასმილა ჟბანიჩი

ფილმში ერთმანეთთან დაპირისპირებაში მოდის ცხოვრების წესები, რომლებსაც ადამიანები უწესებენ საკუთარ თავს და წესები, რომლებსაც მათ საზოგადოება ან რელიგია ახვევს თავს. სარაევოში მცხოვრები ლუნა და ამარი სწორედ ამ წინააღმდეგობის ქვეშ აღმოჩნდებიან. ლუნა ბორტგამცილებელია თვითმფრინავზე, ამარი კი სამსახურებრივი მოვალეობის უგულვებელყოფის გამო – დროებით უმუშევარი. მოულოდნელად მეგობრის გავლენით ამარი გაიაზრებს, რომ ისლამი შეიძლება „უკეთეს ადამიანად“ ქცევაში დაეხმაროს, მეჩეთში სიარულს იწყებს, ასევე ბანაკში, რომელიც ქალაქგარეთ მდებარეობს და სადაც სულიერი ძმები და დები სახლობენ.

ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმია. მათგან ბევრი რელიგიურ ტრადიციებს მკაცრად არ იცავს. თუმცა, თუმცა საქართველოს მსგავსად¬¬¬ სოციალისტური ეპოქის დასრულების შემდეგ, ადამიანებმა ღმერთი უფრო გულმოდგინედ იწამეს.

ამარის (ლეონ ლუჩევი), ყოფილი მეომარის რელიგიური ტრანსფორმირება ვაჰაბის ერთობაში ხდება. ფილმში ამ ერთობას საზაფხულო ბანაკი აქვს მოწყობილი, რომელიც რეალური ბანაკის რეკონსტრუქციას წარმოადგენს.

ლუნა (ზრინკა ცვიტეშიჩი) ძალიან რთულად აღიქვამს იმას, რასაც ამარი განიცდის. რელიგიურ ტრადიციებთან თავისუფალი მიმართება აქვს და სამოქალაქო საზოგადოების პირნციპებით ცხოვრობს. მაგალითად, ლუნასთვის ორცოლიანობა პირველ რიგში არაკანონიერი ქმედებაა. ის არ ეთანხმება მეჩეთში მოსმენილ მოსაზრებებს ქალის ქმრისადმი უსიტყვო მორჩილების შესახებ. შეხედულებების სხვაობა წყვილის ურთიერთობას ცვლის. ის რაც ამარისთვის ცოდვად გადაიქცა, ლუნას ყოველდღიური ცხოვრების წესად დარჩა. ამ ცხოვრების ნაწილად მომავალი ბავშვის აღქმა რთული ხდება პერსონაჟებისთვის, რომლებმაც განსხვავებული გზები აირჩიეს.

ამარის მოსაზრებებში ბევრი რამ არის ისეთი, რასაც ევროპელი მაყურებელი არ დაეთანხმება. მაგრამ რეჟისორი ამ მაყურებელს, რომელსაც საკმაოდ ბევრი სტერეოტიპი აქვს მუსლიმებთან მიმართებაში, საშუალებას აძლევს ცოტათი მაინც გათავისუფლდეს ცრურწმენებისგან. ფილმში მკვეთრად ხაზგასმულია მედიის ხელმშემწყობი როლიც სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში.

განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების ისტორიის ოსტატური მოყოლით რეჟისორი მაყურებელს განსჯის, აღშფოთების ან უბრალოდ ფიქრის საშუალებას უტოვებს. მაყურებელს  მორიგ კინოთეატრში მიმავალ გზაზე ფილმზე ფიქრისგან შეიძლება ავტობუსის გაჩერებაც აერიოს ან საერთოდან ტრამვაის გაყვეს და ეს კარგია!

მასალების გადაბეჭდვის წესი