კინოხელოვნება

კინოთეატრი კინოს გარეშე

5 თებერვალი, 2010 • 4065
კინოთეატრი კინოს გარეშე

იანვარს ძველი ქალაქის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდმა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. აღმაშენებლის გამზირზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები პრეზენტაციის გამართვამდე დაიწყო: შენობები ჯერ ხარაჩოებში ჩასვეს და სპეციალურ ბადეებში გაახვიეს, შემდეგ კი საფასადო შელესილობის ჩამოფხეკაც დაიწყეს.

პროექტის პრეზენტაციამდე ორი კვირით ადრე სოციალურ ქსელში FACEBOOK დაიწყო აქცია სახელწოდებით „გადავარჩინოთ კინოთეატრი აპოლო“. აქციის თავდაპირველი მისია შენობისთვის ფუნქციის შენარჩუნება იყო, მოგვიანებით მისიას კიდევ ერთი პუნქტი დაემატა „აპოლოს რესტავრაცია და არა რეკონსტრუქცია–რეაბილიტაცია სჭირდება“. აქციას ბევრი მონაწილე შეუერთდა. დღეს კამპანიას 1487 წევრი ჰყავს. შესაბამისად, 1487 ადამიანი უკმაყოფილოა თბილისის მერიის „აპოლოსთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილებებით.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფორმაცია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დეტალების შესახებ ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, რაც გარკვეულწილად განაპირობებდა რეაბილიტაციის პროცესის არასასიამოვნო შედეგების მოლოდინს საკითხით დაინტერესებულ პროფესიონალებსა და არაპროფესიონალებს შორის.

გუშინ ძველი ქალაქის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდის, ასევე  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის წარმომადგენლებისა და ხელოვნებათმცოდნეების შეხვედრა მოეწყო. შეხვედრაში ჟურნალისტები და საზოგადოება „ჰამქარის“ წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. ფონდმა ჩუღურეთის რაიონში არსებული სხვა შენობების პროექტებთან ერთად „აპოლოს“ პროექტიც წარმოადგინა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი იმ სამუშაოებს ასრულებს, რომელსაც მას ძველი ქალაქის რეაბილიტაციის ფონდი უკვეთავს. აღმაშენებლის გამზირთან დაკავშირებულ გეგმაზეც მათ ისაუბრეს.

შეხვედრაზე წარმოადგინეს ესკიზური პროექტები, რომლებიც ხელოვნებათმცოდნეების მიერ არქივში მოპოვებული ძველი პროექტებისა და შენობების დღევანდელი იერსახის შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეიქმნა. სახლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩატარდა საინჟინრო და გეოლოგიური, ასევე ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევები.

ყოფილი კინოთეატრის ფასადის რესტავრაცია–რეკონსტრუქციის პირველი პროექტი 2009 წლის 2 დეკემბერს  საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის არქიტექტურის სამსახურისგაერთიანებული სამცენიერო–მეთოდური საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა.

შემდეგ პროექტის ესკიზი Facebook-ის ქსელში გავრცელდა. შენობაზე ტერასიანი სართულის გამოჩენამ ხელოვნებათმცოდნეებისა და კინოთეატრის გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია. ხელოვნებათმცოდნე მაია მანია: „მოდერნის სახლზე დაშენების განცხორციელება არც ერთ ქვეყანაში არ შეიძლება. ზევით არაფერი უნდა გაჭაჭანდეს. გამაგრებაც ისე უნდა მოხდეს, რომ გარეთ არაფერი გამოვიდეს. უნდა აღდგეს კრატერიც, კვლევაში უსათუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარწერებიც“.თუმცა, როგორც გუშინდელ შეხვედრაზე გაირკვა, პროექტი ამ სახით უკვე აღარც არსებობს. არავინ აპირებს „აპოლოზე“ სართულნახევრიანი ან უფრო მცირე დაშენების გაკეთებას. გიორგი გოგოლაშვილი (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი): „ინვესტორს შესაძლოა უნდოდეს ორი სართულის დაშენება, მაგრამ ამ წინადადებას უარყოფითი შეფასება მიეცა. სახელმწიფო ხარჯებით მოხდება ყველაფრის განხორციელება, რაც შენობის ექსტერიერს სჭირდება – გამაგრება იქნება ეს თუ ფასადის რესტავრაცია“.

საპროექტო დავალების მიხედვით ინტერიერის სარესტავრაციოდ  შენობის მფლობელმა ხარჯები თავად უნდა გაიღოს. როგორც ფონდის თანამშრომლები აცხადებენ ამ მხრივ მეპატრონეს არაფერი მოეკითხება ფინანსების გარდა.

აღმაშენებლის გამზირის #135-ში მდებარე შენობის ფართი სულ 2400 კვ.მეტრია. აქედან შპს „თეატრები აპოლო“ 2209კვ. მეტრის მფლობელია, ხოლო დანარჩენი საცხოვრებელი ფართობია, რომელიც რამდენიმე ოჯახს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოეყო.

აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ზოგჯერ მოსახლეების მიერ საცხოვრებელი ფართის დროებით დატოვებას მოითხოვს. ჯერ-ჯერობით უცნობია რა ბედი ელით კინოთეატრის შენობაში მცხოვრებ მოქალაქეებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის წარმომადგენლებმა დაამოწმეს, რომ სამუშაოს დასრულებისთანავე ყველა მოსახლე საკუთარ ბინას დაუბრუნდება.

„აპოლოზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. პროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში იმყოფება. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ ესკიზს ხელოვნებათმცოდნეებმა სახურავის სიმაღლე დაუწუნეს. პროექტის ავტორი, არქიტექტორი სოსო ნაგლაძე აცხადებს, რომ ხელოვნებათმცოდნეების შენიშნვა გათვალისწინებული იქნება და სახურავის სიმაღლე დაიწევს. ფონდის თანამშრომლები პირობას იძლევიან, რომ პროფესიონალებს „აპოლოს“ პროექტის განვითარების საქმის კურსში მომავალშიც ჩააყენებენ.

სოსო ნაგლაძე: „ეს არ არის საბოლოო ვარიანტი,  ჯერ–ჯერობით მიდის კონსტრუქციული კვლევა. ველოდებით ახალ ფოტოებს, ხელოვნებათმცოდნეებისა და ინჟინერ–კონსკტრუქტორების დასკვნებს. არ ვჩქარობთ. შენობის გასწვრივ ხარაჩოები საკვლევად დაიდგა, რათა გავაკეთოთ ზონდაჟები, ზედ ჯერ-ჯერობით  არავინ მუშაობს“.

ყოფილი კინოთეატრის ფასადის დეკორი მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით კი კარგარეთელის ქუჩის მხარეს განთავსებული დეკორატიული ელემენტები. ინტერიერი ნეო-კლასიკის სტილშია გადაწყვეტილი. შიდა დეკორი ასევე ფრთხილ და ოსტატურ რესტავრაციას მოითხოვს. გიორგი გოგოლაშვილის თქმით, მუშაობის დაწყებამდე ფონდი ლაბორატორიულ დასკვნებს ელოდება.

სარესტავრაციო სამუშაოების გარდა ასევე პრობლემატურია შენობისთვის ფუნქციის შენარჩუნების საკითხი. „აპოლო“პირველად 1992 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ გაიყიდა. კინოსტუდიის დირექტორი მაშინ რეზო ჩხეიძე იყო, ხოლო შპს „ქართული ფილმი – უძრავი ქონების“ დირექტორი გურამ ბეგიაშვილი. კინოთეატრის გასხვისება მოხდა მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული კინოთეატრების კუთვნილების საკითხი კინოთეატრების დირექტორებსა და სააქციო საზოგადოება „ქართულ ფილმს“ შორის  მწვავე კამათისა და სასამართლო დავის საგანი იყო. გაზეთ „24 საათის“ 2004 წლის 27 აგვისტოს გამოძიება სწორედ კინოთეატრების გასხვისების თემას უკავშირდება: „კინოთეატრი „აპოლო“ კინოთეატრის დირექტორმა თამაზ სახელაშვილმა იყიდა ჩვენგან 500 000 ლარად და შემდეგ ვისზე გაყიდა, ნამდვილად არ ვიცით. თუმცა, ვიცით, რომ „აპოლო“ იმ ხალხმა იყიდა, ვისაც იჯარით აქვს აღებული კინოთეატრი „ამირანი“ – აღნიშნეს ქართული ფილმის ხელმძღვანელებმა. კინოთეატრ „ამირანის“ მესვეურები კი „აპოლოსთან“ კავშირს უარყოფენ“. თუმცა ერთი წლით ადრე ანუ 2003 წლის „ალიას“ აპრილის გამოცემაში „ამირანის“ მესვეურები ამ კავშირს ჯერ კიდევ არ უარყოფდნენ. ლევან კორინთელი მაშინ კინოთეატრის ფუნქციის შენარცუნების გარდა, შენობის არქიტექტურული სტილის დაცვაზეც ლაპარაკობდა: „ძველი კინოთეატრის სტილი დაცული იქნება. არქიტექტურული ძეგლია და იმდენად უნიკალური შენობაა, რომ მისი გადაკეთება არ შეიძლება. …შენობა საშინელ მდგომარეობშია, საძირკველს ვამგრებთ. მარტო კინოსთვის ეგ შენობა ცოდოა, ძალიან მაგარი  აკუსტიკა აქვს. ამიტომ სცენა ადგილების ხარჯზე გადიდება და საკონცერტო დარბაზიც გაკეთდება. 300 ადგილი დარჩება. იგივე სიტუაცია იქნება როგორც ამირანშია, კაფეც იქნება და ა.შ“.დღეს კერძო საკუთრებას წარმოადგენს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ფონდის თანამშრომელი გიორგი გოგოლაშვილი ამბობს, სახელმწიფო კინოთეატრის მფლობელს ფუნქციის შენარჩუნებას სთავაზობს, თუმცა „შეთავაზების იქით სახელმწიფო ვეღარ წავა – „აპოლო“ კერძო საკუთრებაა“.გასული საუკუნის დასაწყისში აგებული კინოთეატრებიდან „აპოლო“ ერთადერთია, რომელმაც დროს გაუძლო და მთელი არსებობის მანძილზე კინოთეატრი იყო. საბჭოთა დროს კინოთეატრს „ოქტომბერი“ ერქვა. 1990 წლიდან კი ისევ აპოლოა. შენობა მეორედ 1987 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა, XX საკავშირო კინოფესტივალის გამართვის დროს.

სპეციალურად კინოთეატრისთვის აგებული შენობა  როგორიც „აპოლოა“ უნიკალურია, თანაც მხოლოდ ეროვნული მაშტაბებით არა. ევროპაში არც თუ ისე ბევრი ქალაქია, რომელსაც 1909 წელს აშენებული ასეთი ლამაზი კინოთეატრი აქვს. სამსართულიანი შენობა მოდერნის სტილის საუკეთესო ტრადიციების დაცვითაა შექმნილი. ფასადი, ისევე როგორც შენობის შიდა სივრცე, მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელ დეკორატიულ ელემენტებს შეიცავს და კინოთეატრს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას სძენს. ერთ-ერთი ვერსიით „აპოლოს“ არქიტექტორი ივანე კოლჩინი, ხოლო თავდაპირველი მეპატრონე (რერთ–ერთი ცნობით) იტალიელი ვაჭარი, ვინმე რიჩი იყო. აღმაშენებლის გამზირს მაშინ მიხეილის პროსპექტი ერქვა.

მე–20 საუკუნის დასაწყისში მიხეილის პროსპექტი და მისი შემოგარენი კინოთეატრებით ყველაზე დატვირთული უბანი იყო. მათგან პირველი ღია, საზაფხულო კინოთეატრი იყო, რომელიც 1905 წელს სოფიო ივანიცკაიამ მუშტაიდის ბაღში ააშენა. დანარჩენი კინოთეატრებიდან – „პალასი“, „მოდერნი“, „ლირა“, „ოდეონი“, „აპოლო“ (2 კინოთეატრი ერტი და იმავე სახელწოდებით), „მულენ ელექტრიკი“, „სატურნი“, „პლასტიკონი“; „მირაჟი“, „რომბოსი“, „გლობუსი“ – ზოგი ხანძარმა გაანადგურა,  ზოგს ფუნქცია შეეცვალა, ზოგი დაინგრა. კინოთეატრების ბედი საბჭოთა, მანამდელ და დღევანდელ საქართველოშიც ასეთია. 90-იან წლებში, უფუნქციობის და უშუქობის დროს კინოთეატრები მაინც იწვოდა (სულ ექვსი), ინგრეოდა, ეცვლებოდა პროფილი: ტოტალიზატორი („ივერია“), საბავშვო–გასართობი ცენტრი („ელისო“), მუსიკალური ცენტრი („პალასი“), საზოგადოებრივი კვების ობიექტი („მინიონი“), საწყობი („აეროპორტი“), საავიაციო ბილეთების სალარო („ქართული ფილმი“)…

გასული საუკუნის დასაწყისში აგებული კინოთეატრებიდან „აპოლო“ ერთადერთია, რომელმაც დროს გაუძლო და მთელი არსებობის მანძილზე კინოთეატრი იყო. საბჭოთა დროს კინოთეატრს „ოქტომბერი“ ერქვა. 1990 წლიდან კი ისევ აპოლოა. შენობა მეორედ 1987 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა, XX საკავშირო კინოფესტივალის გამართვის დროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი