ხელოვნება

მიშა კინოში

22 იანვარი, 2010 • 1993
მიშა კინოში

თეო ხატიაშვილი:

ვიცი რა ნინო კირთაძის წინა ფილმები, და ვიცოდი რას შეეხებოდა ეს ფილმი, მოველოდი, რომ ფილმი იქნებოდა პროპაგანდისტული.

პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ნინო კირთაძემ გადაიღო, ედუარდ შევარდნაძეს ეძღვნებოდა. იმ პერიოდში შევარდნაძეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა დასავლურ პოლიტიკურ წრეებში, მიიჩნევდნენ, რომ დიდი როლი შეასრულა ბერლინის კედლის დანგრევაში და რომ ის იყო დემოკრატიის მამა, რომელიც ამ დემოკრატიული ხაზის გატარებას ცდილობდა საქართველოშიც. დასავლეთისთვის მაშინ ეს იყო პოპულარული თემა და ნინო კირთაძემ ეს კარგად გამოიყენა მაშინ და გააკეთა საკმაოდ ვრცელი, „დიდი დემოკრატიის მამის“ პორტრეტი.

შემდგომ ფილმებში იგი  პოლიტიკას თითქოს აღარ ეხებოდა, მაგრამ წამოწეული  ჰქონდა ისეთი  თემები, რომლებიც მომგებიანი იყო სწორედ დასავლური პუბლიკისთვის მისაყიდად. მრჩება განცდა, რომ საკუთარი ქვეყნისა და კულტურის რაღაცნაირად სპეკულაციას და ეგზოტიზაციას ეწეოდა. ამიტომაც წინასწარგანწყობა მქონდა, რომ ახლაც მოახდენდა  სპეკულირებას და უფრო პროპაგანდისტული ფილმი იქნებოდა. მაგრამ საბოლოო ჯამში მომეჩვენა, რომ პროპაგანდაც ვერ გამოუვიდა, გამომდინარე ფილმის ძალიან დაქსასული დრამატურგიული ქარგიდან. ჯერ ერთი, ფილმს არა აქვს  გამოკვეთილი მიზანი;  რის შესახებ გვიყვება რეჟისორი _ აგვისტოს ომზე, პრეზიდენტზე, რომელიც ფილმში ისეთივე ენთუზიაზმით ცდილობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, როგორც   შევარდნაძე ცდილობდა კირთაძის ფილმში, თუ ეს არის ევროპის ძალიან ორაზროვანი დამოკიდებულება ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც არის შეშფოთებული, მაგრამ რეალურად არაფერს ცვლის.

რეჟისორმა ვერ შეძლო ეს თემები გააერთიანებინა. ფილმის დიდი ნაწილი ეთმობა საპრეზიდენტო არჩევნებს. ამიტომ ამას როცა ვუყურებდი, გამიჩნდა განცდა, რომ თავიდან ჩაფიქრებული იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი. ამას მოყვა ომი და როგორც ჩანს, რეჟისორმა მიიჩნია, რომ ეს უფრო მწვავე და მომგებიანი  იქნებოდა და მიაბა ეს თემაც. არ არის გამოკვეთილი მიზანი და ეპიზოდებიც  ხელოვნურად ებმის ერთმანეთს. გაქვს შეგრძნება, რომ ვრცელ, დაუმონტაჟებელ ტელერეპორტაჟს უყურებ.

დავით ბუხრიკიძე:
კინოკრიტიკოსები თანხმდებიან და მეც ასე მგონია, რეჟისორი არ უნდა იყოს პრივატულ ურთიერთობაში ადამიანთან, ვისზეც კინოს იღებს. ეს დისტანცია პერსონაჟთან აუცილებელია ობიექტურობის დასაცავად. ამ ფილმში სამწუხაროდ რეჟისორმა ეს არ გააკეთა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი ეს ფილმი აგებულია მიშა სააკაშვილთან პრივატულ საუბრებზე. რეჟისორი შენობით ესაუბრება პრეზიდენტს,  ისმის ხმები: „შეგეშინდა მიშა“? „ახლა მოვლენ ისინი“ და ასე შემდეგ.

ფილმი  საათი და 45 წუთი გრძელდება, ძალიან დიდია და სრულიად გაუმართლებელი. მით უმეტეს, რომ სავსეა ციტატებით ჩNN-დან, ევრონიუსიდან, და სხვა საინფორმაციო საშუალებებიდან, ანუ არის ის, რაც ვიცით  და ახალი არაფერი.  ფილმის კადრების 80-პროცენტი მოგვითხრობს, სააკაშვილი როგორ საუბრობს კუშნერთან, როგორ იღებს სტუმრებს, ჩამოდიან ევროკავშირის დამკვირვებლები, თვითონ როგორ ლაპარაკობს გენერალიტეტთან, თან ეს გრძელდება  არა ერთ ან ორ წუთს, არამედ  5-10  წუთს და ცოტა მომაბეზრებელიცაა და ოდნავ სასაცილოც. მით უმეტეს, როცა ქვეყანას წაგებული აქვს.
ფილმის ყურებისას ისეთი   შთაბეჭდილება გრჩება, რომ უყურებ არა დოკუმენტურ ფილმს, არამედ რაღაც მოვლენის, ან სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პიარს. მით უფრო, რომ არჩევნებს ეძღვნება ფილმის დიდი ნაწილი. ამასთან გამჭვირვალედ ჩანს, რომ რეჟისორი დასცინის ოპოზიციას და  კარგი დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებასთან, რაც, ჩემი აზრით, რეჟისორს ნამდვილად არ უნდა ეშლებოდეს.  მით უმეტეს, თუ ადამიანი არ არის პოლიტოლოგი და მხარე.  
თუ მხატვრულ ხერხებზე მიდგება საქმე, ფილმი მხატვრული ხერხებით სრულიად ღარიბია. არ არის კონცეფცია, არ არის სათქმელი, მან არ ცის, რისი ჩვენება უნდა ამ ფილმით, განსხვავებით წინა ფილმებისგან.

კიდევ ერთი ნაკლი ფილმისა, არის ის, რომ ხალხი არ ჩანს საერთოდ. არიან პოლიტიკოსები, სააკაშვილი, მისი გუნდის წევრები, პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ არ არის ხალხი. ხალხი ჩანს რამდენიმე ეპიზოდში მხოლოდ. აჩვენებს, რომ ომია, დაძაბულობა და ამასთან ერთად ვხედავთ  ღამის განათებულ თბილისს, რომ ომმა ცხოვრების რიტმი არ დაანგრია, რომ ცხოვრება გრძელდება. იმაზე, რომ აქედან 50 მეტრში ადამიანებს ცხოვრება დაენგრათ და ყველაფერი დაინგრა ქვეყანაში, აქცენტი არ არის გაკეთებული. ლტოლვილები საერთოდ არ ჩანან ფილმში, ან ჩანან მხოლოდ  გაკვრით. ერთადერთი სცენააა და ერთი პოზიტიური რაც არის, ესაა ირონია ევროკავშირის  დამკვირებლების მიმართ  – მიდიან, ნახულობენ ამ სოფლებს და ტოვებენ. თუმცა ეს ფილმის მეორე-მესამე პლანია.

ფილმი უფრო სააკაშვილის პოლიტიკურ პორტრეტს ეძღვნება. იგი წარმოჩენილია როგორც კარგი და ძლიერი მხედართმთავარი. იმაზე, თუ რამ გამოიწვია ომი, რა იყო მისი წინაპირობები, ვისი ბრალი იყო, საუბარი საერთოდ არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი