კულტურის ცენტრი “მოცეკვავე წერო” (ხელმძღვანელები ვიქტორ სირელსონი და ლია ბახტურიძე–სირელსონი) ამავე დროს ქართველი ემიგრანტებისთვის წარმოდგენებს მართავს; ასევე სასწავლო პროგრამებს ადგენს, სადაც ქართული სიმღერისა და ცეკვის გარდა, მსურველებს ქართული ენის შესწავლაც შეუძლიათ.
Dancing Crane –მა პირველი კონცერტი 1997 წელს გამართა, 2008 წელს კი მათ აქტივობას თეატრალური სტუდიის The Georgian Theater of New York დადგმებიც შეემატა, რომელმაც მაყურებელს არაერთი სპექტაკლი შესთავაზა (“თეთრი ბაირაღები”, “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”, “კლინიკური ქორწინება”).
“მოცეკვავე წეროს” სხვადასხვა ფესტივალებზეც ეპატიჟებიან, მათ შორის, ბავშვთა სახელოვნებო ფორუმებზეც. ამჯერად ქართულმა თეატრმა (დირექტორი – დავით ტოპრაკაშვილი, რეჟისორი – ხათუნა იოსელიანი) მაყურებელს Roulette Theater-ში (1978) ალექსანდრე ჩხაიძის პიესა “შთამომავლობა” წარუდგინა, რომელშიც, ტრადიციულად, არაპროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
ფატი გურიელის (ბებიის) როლი ხათუნა იოსელიანმა შეასრულა, მისი შვილის – ცუცა კაპანაძემ, შვილიშვილების კი – ანრი კალანდარიშვილმა, გეგა ნაზღაიძემ და ირინოლა მეგრელიშვილმა.
დადგმაში ასევე მონაწილეობდნენ ირმა გაჩეჩილაძე, ლეო თაქთაქიშვილი, ნათია ნებუნიშვილი, გიორგი ფოცხვერია, თემო ჟღენტი; მუსიკა – დავით ჭკუასელი, ვოკალი – მაია შიოშვილი, მენეჯერი – გიორგი ფოცხვერია.
სექტემბერში თეატრალური დასი “შთამომავლობას” კანადაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს წარუდგენს, უახლოეს მომავლაში კი “ნიუ იორკის ქართული თეატრი” მუშაობას თაბუკაშვილის პიესაზე “დარებებს მიღმა გაზაფხულია” იწყებს.