ფილმი ეფუძნება ამერიკელი მწერლის ჯილ სიმენტის რომანს “გმირული ქმედებები” და პირველად შარშან ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენეს. ასეთ ფილმებზე ამბობენ, რომ მოსაწყენამდე ბანალურიაო. თუმცა ამ “კეთილი ბანალურობის” დიდ ეკრანზე იშვიათად ნახვის გამო მის არამოსაწყენობას ნამდვილად დააფასებ. რეჟისორი ვუდი ალენივით ნიუ იორკის მეხოტბე არაა, თუმცა დიდ ეკრანზე იმ ქუჩების ხილვისას, რომელიც მდიდართა მიერ მონიშნული უბნების რეპუტაციით სარგებლობს, სადაც ერთოთახიანი, “ხრუშოვკაზე” მცირე ფართის ქირის ფასი ხუთი–ექვსი ან მეტი ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, იმის გახსენებას იწყებ, გაგივლია თუ არა საყვარელი დიდი ვაშლის ქალაქის ამ გლამურულ შუკა–შუკა “ავენიუ–სტრიტებზე”. ქალაქი – ნაცნობია, ნაცნობია ბრუკლინისა და მანჰეტენის დამაკავშირებელი ხიდებიც, კაფეების აბრებიც და ნაცნობია ტელევიზიის არხების “ტოპნიუსური” შეპყრობილობაც, როცა რაღაც არაორდინარული ხდება. მაგალითად, როცა ამ დიდ ქალაქში ტერორისტს ეძებენ, ამ საშიში ადამიანის აღმოჩენის ადგილმდებარეობამ კი მაშინვე იმ ადგილზე უძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის რეიტინგი შეიძლება დააგდოს. ნაცნობია ისიც, რომ ბრუკლინში დღესაც მაღალსართულიანი ულიფტო სახლები კარგად იყიდება/ ქირავდება. ეს ქალაქი ყველანაირ პროდუქტს სარფიანად ჰყიდის, რადგანაც სიძვირის მიუხედავად უცნაური კანონზომიერებით მუშტარი უფრო მეტია, ვიდრე შემომთავაზებელი. თუმცა ეს უკვე სხვა ნიუ იორკული თემაა, ამ ქალაქის პოლიშინელის საიდუმლო – “ეკონომიკური ფილოსოფია”, რომელზეც ბევრს არანაირი წარმოდგენა აქვს და რომელიც ამ ფილმის მიმოხილვას ნაკლებად ეხება.
ალექსი (მ. ფრიმანი) მხატვარია, ხოლო მისი ცოლი რუთი (დ. კიტონი) – მასწავლებელი. ქმარს მეხუთე სართულზე ასვლა უჭირს, ამიტომ ოჯახი ახლობელი ბროკერის, ლილიას (ს. ნიქსონი) საშუალებით ბრუკლინში სახლის გაყიდვას და მანჰეტენზე ლიფტიანი ბინის ყიდვას გადაწყვეტს. ზუსტად იმ პერიოდში მეც მომიწია მეგობრებთან ერთად “ღია სახლის” (მარკეტზე გასაყიდად გამოტანილი სახლის საჯაროდ დათვალიერების ღია კარის დღე) “ღონისძიებაზე” სიარული, ასე რომ, ფილმის ეპიზოდის ტლანქად შელამაზების კომპონენტს თუ არ ჩავთვლით, ფაქტობრივად, დოკუმენტურ კადრებად აღვიქვი.
ფილმიდან ვგებულობთ, რომ რუთი ახალგაზრდა მხატვრის ალექსის ნახატისთვის შიშველი პოზირებდა; იმას, რომ გოგონას დედას შვილის არჩევანი არ მოსწონდა; იმას, რომ მათ შვილი ქალის ჯანმრთელობის პრობლების გამო არ ეყოლებოდათ და იმასაც, რომ ყმაწვილს თავისი მუზა იმიტომ შეუყვარდა, რომ ის სხვებისგან თავისი ბუნებრიობით გამოირჩეოდა.
