ხელოვნება

თბილისის მერიამ ურბანული განვითარების კონცეფციის მზადება დაიწყო

5 ივნისი, 2015 •
თბილისის მერიამ ურბანული განვითარების კონცეფციის მზადება დაიწყო

კონცეფციის შესაქმნელად თბილისის განვითარების ფონდმა კონკურსი 3 თვის წინ გამოაცხადა. კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი “გეოგრაფიკა” გახდა.

 

“პროექტში მოწვეულია სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ადამიანი, რომ მულტიდისციპლინურმა მიდგომებმა მოგვცეს საუკეთესო შედეგი. ეს იქნება კონცეპტუალური დოკუმენტი. ამ დოკუმენტის არსებობის შემდეგ ვერავინ მივა სადმე და ვერ დაანგრევს შენობას ან პირიქით- ააშენებს. ეს დოკუმენტი იტყვის რა გზით უნდა ვიაროთ, რომ არ დავკარგოთ ფასეულობები – ეს იქნება ძეგლი თუ ღირებული ურბანული არეალი. უმთავრესი კი არის ეკონომიკური მდგრადობა და ძეგლის გრძელვადიანი პერსპექტივები. არ შეიძლება რაიმე ობიექტს იზოლირებულად შევხედოთ,”- აცხადებს “გეორგაფიკას” დირექტორი, გიორგი გოცირიძე.

 

კონცეფციის შემუშავების პირველი ეტაპი პრობლემების გამოკვეთასა და მათთან გამკლავების ტექნოლოგიების ჩამოყალიბებას დაეთმო. როგორც, “გეოგრაფიკის” წარმომადგენელმა ლადო ვარდოსანიძემ განაცხადა, კონცეფციის მთავარი მიზანი ქალაქის ძველი ნაწილის რეალური მდგომარეობის შეფასება,  შენობა-ნაგებობების სტატუსის კვლევა და გრძელვადიანი პერპექტივების დასახვაა.

 

კვლევას საფუძვლად დაედო თემაზე უკვე არსებული კვლევები, გეგმები და პროექტები. მასში გათვალისწინებულია ასევე, განვითარების სოციალურ-ეკონომიკური მოდელები და ურბანული განვითარების ხედვა.

 

კვლევის არეალად განისაზღვრა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ძირითად რუკაზე არსებული 1768 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2007 წელს შედგენილი სიის მიხედვით შეირჩა.

 

კონცეფციის შექმნისას კომპანია მრავალი ფაქტორის გაითვალისწინებს აპირებს. პროექტის პრეზენტაციას ლადო ვარდოსანიძე გაუძღვა, რომელმაც ყველა ფაქტორის შერჩევის მიზეზსა და მიზანზე დაწვრილებით ისაუბრა. ფაქტორებს შორის იქნება გეოგრაფიული ტენდენციები და საცხოვრისის პრობლემები, უძრავი ქონების ფასთა რელიეფი, დაცვითი ზონების პრობლემა, ურბანული იერსახე, კულტურული ლანდშაფტი და ა.შ.

 

“ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება განახლებულ კულტურულ ძეგლთა სია. ვფიქრობთ, რომ შექმნილი კონცეფციის საფუძველზე გაჩნდება UNESCO-ს მისამართით განაცხადის განახლების პერსპექტივა,” – განაცხადა ლადო ვარდოსანიძემ.

 

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა პროექტის სპეციალური სტუმარი, ალე ელბერი. ჰოლანდიელი ექსპერტი კონცეფიის შექმნაში იღებს მონაწილეობას. ელბერმა განაცხადა, რომ მძიმე სიტუაციის მიუხედავად, თბილისს ფენიქსივით აღდგენის შესაძლებლობა გააჩნია, თუმცა ამ პროცესს დაახლოებით 30 წელი დასჭირდება.

 

კულტურისა და  ძეგლთა დაცვის მინისტრის განცხადებით კი, მსგავსი განხილვები კონცეფციის შემუშავების პროცესის გამჭვირვალობას უწყობს ხელს.

 

“კონცეფციის შემუშავების პროცესში ჩატარებული მოკვლევა მოგვცემს რეალურ სურათს. დაახლოებით 20-მდე შენობა, რომელიც ძეგლის სტატუსით არის შეყვანილი კულტურული მემკვიდრეობის სიაში, დღეს, რომ მიხვიდეთ და მოიკითხოთ, მათ ადგილზე მხოლოდ ჰაერი დაგვხდებათ. კვლევა კი დაგვეხმარება, რომ გავეცნოთ პრობლემას და პროფესიონალების მიერ შემოთავაზებული ანალიზით განვსაზღვროთ, ამ დროის განმავლობაში რა სახის დანაკარგი განიცადმა თბილისმა,”- განცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 

თეა ონიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული  სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ აუცილებელია არსებული სიტუაციის ხელახალი შეფასება, რომ არსებობდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ცვლილებები განიცადა თბილისმა 2007 წლიდან დღემდე.

 

“შესაძლოა გამოვლინდეს არა მხოლოდ ისეთი შენობები, რომელთაც არასწორად მიენიჭა ძეგლის სტატუსი, არამედ ისეთებიც, რომლებიც უსამართლოდაა ამ სტატუსის გარეშე დარჩენილი. ამ კომპანიას აქვს დიდი ხნის გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობას შეასრულებენ,”- ამობს თეა ონიანი.

ქალაქის მერი დავით ნარმანია პროექტს თბილისის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს და დადებითად აფასებს პირველადი სამუშაოების შედეგებს.

კონცეფციის შემუშავების პროცესი 6 თვეში დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 215 000 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი