თეატრით დაინტერესებული ახალგაზრდების ჯგუფი ბაქოში რამდენიმე წლის წინ შეიკრიბა და თეატრალური დასი ჩამოაყალიბა. თავდაპირველად დასში 30-მდე ადამიანი გაერთიანდა, თუმცა დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მცირდებოდა და საბოლოოდ 10-მდე ადამიანი დარჩა. ერთ-ერთი მათგანის ინიციატივით დამოუკიდებელი თეატრი “ოდა” ჩამოყალიბდა.
“ოდა” ოთახს ნიშნავს და ეს სახელწოდება იმის გამო შეირჩა, რომ მინითეატრი უნდა შექმნილიყო. თავდაპირველად მართლაც ასე იყო ყველაფერი: “ოდამ” ერთ პატარა ოთახში დაიწყო ფუნქციონირება, რომელიც სცენაც იყო და დარბაზიც; მაყურებელი ლეიბზე იჯდა და ორი ნაბიჯი აშორებდა სცენისგან.
თეატრის დამფუძნებელი ელმინ ბადალოვი ადრე ჟურნალისტად მუშაობდა. ამბობს, რომ თეატრზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ ოჯახის ამის წინააღმდეგი იყო. ამიტომ გადაწყვიტა ისეთ ფაკულტეტზე ჩაებარებინა, რასაც მშობლები არ შეეწინააღმდეგებოდნენ და პარალელურად გაეგრძელებინა ისეთი შესაძლებლობის ძიება, რომ თავი, როგორც მსახიობს, ისე წარმოეჩინა. საბოლოოდ ასეც მოხდა, როცა პატარა ოთახში სპექტაკლების მზადება დაიწყო, მაგრამ პრობლემებმა მალევე იჩინა თავი.
პოლიციამ თეატრი დახურა და ეს იმით ახსნა, რომ თითქოს მსახიობები რეპეტიციების დროს მეზობლებს უშლიდნენ ხელს.
თეატრმა მისამართი შეიცვალა. და რაც ყველაზე უფრო სასიხარულო იყო, ახალ მისამართზე “ოდას” თან გაჰყვა ერთგული მაყურებელი, რომლის რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
ეზო, სადაც თეატრის ახალი შენობა იდგა, დასმა გრაფიტით მოხატა. “ოდა” უკვე საკმაოდ ცნობილი თეატრი გახდა, თუმცა პრობლემები ამჯერადაც პოლიციასთან გაჩნდა. საქმე ის არის, რომ “ოდას” დასი ძალიან ცდილობდა ქვეყანაში გამეფებული სტერეოტიპების მსხვრევა. მათ ნუდისტური ფოტოსესია მოაწყვეს, რის შემდეგაც მათ თავს ესხმოდნენ უცხო ადამიანები. ერთხელაც, შოუს მიმდინარეობის დროს ეს ადამიანები შეიჭრნენ “ოდაში” და ჩხუბი ატეხეს იმ მიზეზით, თუ რატომ ეცვათ მაყურებლებს შორტები. ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელმაც მსახიობებს ჩვენებები ჩამოართვა. ამის შემდეგ დასს ისევ მოუხდა ადგილმდებარეობის გამოცვლა.
ელმინ ბადალოვი და თეატრის სხვა მსახიობები “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობენ, რომ მათ მხოლოდ ერთი ოცნება აქვთ, ჰქონდეთ მუდმივი ადგილსამყოფელი, სადაც ხელს არავინ შეუშლის ხელოვნების შექმნაში.
დრამის კვლევების სფეროს სპეციალისტი ალია დადაშოვა ამბობს, რომ 1990-იან წლებში იყო აზერბაიჯანული თეატრალური სეზონის აღორძინების პერიოდი, როცა ჩნდებოდა პატარა დამოუკიდებელი თეატრები, როგორიცაა Yugh, კამერული თეატრი, პანტომიმის სტუდიის თეატრი, ახალგაზრდული თეატრი. მაგრამ ისინი მალევე იქცნენ სახელმწიფო თეატრებად. ორი დამოუკიდებელი თეატრი, რომლებიც არსებობდა (“მარიონეტი” და “იბრუსი”), დაიხურა, მაგრამ პუბლიკა ითხოვდა ასეთ თეატრებს:
“ოდა” გაჩნდა არა მხოლოდ იდეის გამო, არამედ სოციალური მოთხოვნილებიდან გამომდინარე. ამ მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებენ სახელმწიფო თეატრები, რომლებიც კარს უხურავენ საზოგადოების პრობლემებს. “ოდა” მოყვარული ხელოვანების ჯგუფია, რომელიც კარგად იცნობს ამ პრობლემებს”.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |