ხელოვნების სასახლეში გამართულ შეხვედრას “მანდარინების“ შემოქმედებითი ჯგუფი, რეჟისორები და ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტურკი ესწრებოდნენ.
ფილმის რეჟისორმა, ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, რომ “მანდარინების“ ოსკარის ნომინაციაზე წარდგენა არა მხოლოდ მისი შემოქმედებითი ჯგუფისთვის, არამედ მთლიანად ქართული კინოსთვის და რეჟისორებისთვისაა დიდი წარმატება.
“ჩემი აზრით, ეს არის მოტივაცია იმისთვის, რომ შეიძლება რაღაც გაარღვიო და შენი საქმიანობა არ იყოს ლოკალური. ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ოსკარი ვერ ჩამოვიტანეთ, ჩვენთვის ეს მართლა ძალიან დიდი წარმატება იყო“ , – განაცხადა “მანდარინების“ რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ.
“მანდარინების“ შემოქმედებით ჯგუფს წარმატება მიულოცეს რეჟისორებმა, ლანა ღოღობერიძემ და ნანა ჯორჯაძემაც. ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიტ რურკიმ მადლობა გადაუხადა ფილმის შემოქმედებით ჯგუფს.
“ესტონეთში გვაქვს ანდაზა, რომელიც ამბობს, რომ ყოველთვის უნდა მოიტოვო რაღაც მომავლისთვის. ზაზა, თქვენ შეგიძლიათ კიდევ შექმნათ ნაწარმოები, რომელიც ოსკარს მოიპოვებს. “მანდარინების“ ირგვლივ არსებული ემოცია, რომელიც ქართულ და ესტონურ საელჩოებში, მსოფლიოში წარმოიშვა, ნიშნავს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფილმს“, – განაცხადა რურკიმ.
შეხვედრაზე იმასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს, თუ როგორ ჩაეძინა “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს, მიშა მესხს. როგორც ზაზა ურუშაძემ აღნიშნა, მესხს არა 10 წუთი, არამედ მთელი ცერემონიის მანძილზე ეძინა.
“ხალხს ჰგონია, რომ ამას დაეძინა ათი წუთი. სინამდვილეში მიშას ეძინა მთელი ცერემონიის განმავლობაში. არ ეძინა მხოლოდ მაშინ, როცა ნომინაციას აცხადებდნენ, იმიტომ, რომ ემზადებოდა, იქნებ ავიდე სცენაზეო. რომ არ გამოვიდა ეს ამბავი, მერე ძალიან მაგრად დაეძინა“, – იხსენებდა ურუშაძე.
წელს “მანდარინები“ ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარადგინეს, თუმცა ფილმმა ოსკარი ვერ მოიპოვა.