სს ქართული ფილმის თანამშრომლების სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და დირექტორმა თამაზ ორაშვილმა და რეჟისორებმა, გია კაჭარავამ და კობა ცხაკაიამ დღეს პრესკონფერენცია გამართეს.
თამაზ ორაშვილი იწონებს კულტურისა და ეკონომიკის სამინისტროების გადაწყვეტილებას, რომ ჩატარდეს კონკურსი კინოსტუდიის მმართველი კომპანიის გამოსავლენად.
“გვინდა, რომ გამჭვირვალედ წარიმართოს კონკურსი და გაიმარჯვოს ღირსეულმა. პრინციპულია, რომ გვერდითი ძალებიდან, არც ბიზნესიდან, არ მოვიდეს ვინმე მმართველი”, – ამბობს თამაზ ორაშვილი.
ორაშვილის თქმით, მას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაპირდა, რომ კონკურსში მხოლოდ კინემატოგრაფისტები მიიღებენ მონაწილეობას.
თამაზ ორაშვილის თქმით, “უხუცესი რეჟისორები” ცდებიან, როდესაც არ საუბრობენ კინოსტუდიისთვის წართმეული ქონების დაბრუნებაზე,
იგი ამბობს, რომ 2010 წელს წართმეული 321 ათასი ლარის ოდენობის ქონების დასაბრუნებლად 19 თვეა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
“მე კიდევ მიკვირს უხუცესი კინორეჟისორების, ალბათ არასწორი ინფორმაცია აქვთ მათ, თვითონ არიან აქციონერები და ქონების დაბრუნებაზე არავინ ლაპარაკობს, ქონება არის ჩვენი, ვინც ამ კინოსტუდიაში თავი შეაკლეს და ფილმები აჩუქეს ჩვენს ქვეყანას. გული მტკივა, რომ არაფერს ამბობენ ეს უხუცესი კინემატოგრაფისტები, მერკანტილურად უდგებიან საკითხს და უნდათ, რომ თავიანთი პრიორიტეტები დააყენონ წინა პლანზე”, – ამბობს ორაშვილი.