კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ჩხეიძემ დღეს განაცხადა, რომ თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი იქნება უმაღლესდამთავრებულთათვის, რომელთაც თეატრის მიმართულებით პროფესიული განვითარებისთვის სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ.
ჩანაფიქრის მიხედვით, ჩხეიძეს სურს, რომ 8-10 ადამიანი მიიღონ. ჩხეიძის თქმით, ცენტრში 4 ადგილი განკუთვნილია რეჟისორებისთვის, 2 -დრამატურგებისთვის, 2- ახალგაზრდა თეატრალებისთვის. ცენტრში სწავლების პერიოდი 2 წელია, რომლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატი გადაეცემათ.
რაც შეეხება მიღებას, ჩხეიძის თქმით, მიღება გასაუბრების მიხედვით მოხდება. 5 სექტემბერს გამოცხადდება საბუთების მიღება, ხოლო 9-15 სექტემბერს იქნება გასაუბრება. სწავლა კი ოქტომბრიდან დაიწყება. ცენტრში სწავლა უფასო იქნება.

თემურ ჩხეიძე ამბობს, რომ ძირითადი მნიშვნელობა უმაღლეს განათლებას მიენიჭება, თუმცა შესაძლოა ისეთი ადამიანები მიიღონ, რომელთაც არ ექნებათ თეატრალური განათლება. ჩხეიძე ხაზს უსვამს, რომ მას არ უნდა ფორმალიზებული გამოცდის დაწესება, არამედ სურს დაინახოს შემოქმედებითი შესაძლებლობები.
“მე იმათ გავუშვებ გასაფრენად, მაგრამ დავქაჩავ, რომ კანონებს ფლობდნენ, პიანისტი ინსტრუმენტს უნდა ფლობდეს თვალდახუჭული, მერე შოპენს დაუკრავს თუ პროკოფიევის პირველ საფორტეპიანო კონცერტს, ეს თვითონ გადაწყვიტოს”, ამბობს თემურ ჩხეიძე.
ცენტრი სახელოსნოს პრინციპით იმუშავებს. ორი სასწავლო წლის განმავლობაში თემურ ჩხეძესთან ერთად ცენტრში იმუშავებენ თეატრის რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები. კულტურის სამინისტროს ცნობით, ცენტრის მიზანია ქართული სასცენო ხელოვნების განვითარება, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, თეატრის ახალგაზრდა სპეციალისტთა დაოსტატება და მაღალმხატვრული თეატრალური პროდუქციის შექმნა.

თემურ ჩხეიძის თქმით, მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ სემინარებსა და ტრენინგებს, რომელიც რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდება.
კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას განცხადებით, თემურ ჩხეიძე იმ პროფესიონალთა ჯგუფს მიეკეუთვნებია, რომელსაც დიდ გამოცდილებასთან ერთად შეუძლია ცოდნის გადაცემა მომავალი თაობებისთვის:
“თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრს უხელმძღვანელებს თემურ ჩხეიძე, ჩვენი დიდი რეჟისორი, ადამიანი, რომელმაც დადგა წარმოდგენები მეტროპოლიტენ ოპერაში, ლა სკალაში, პარიზის ოპერის თეატრში, მშობლიურ ქალაქში და ძალიან ბევრ ქალაქში. ძალიან გაუმართლებს იმ ადამიანებს, რომლებიც ორი წლის განმავლობაში ბატონი თემურის ცენტრში ისწავლიან”, – განაცხადა მინისტრმა.
გურამ ოდიშარიას თქმით, აღნიშნული პროექტს კულტურის სამინისტრო აფინანსებს და ის ორი წლის შემდეგაც გაგრძელდება.
