ხელოვნება

ბერიკაშვილი: სამინისტრო “ღამის სერენადების” ჩატარებას მხარს უჭერს

3 ივლისი, 2014 • • 2145
ბერიკაშვილი: სამინისტრო “ღამის სერენადების” ჩატარებას მხარს უჭერს

კულტურის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ შარშან და წელს 110 ათასი ლარით დააფინანსა კლასიკური მუსიკის საღამო “ღამის სერენადები”, რომელიც მევიოლინე ლიანა ისაკაძის ორგანიზებით იმართება. მანანა ბერიკაშვილის თქმით, ლიანა ისაკაძის დამსახურება ქართული მუსიკისთვის ფასდაუდებელია:

 

ღამის სერენადები
ღამის სერენადები

“გულდასაწყვეტია, რომ მაინც ვხდებით მიზანმიმართული კრიტიკის ობიექტი. ახლახან უსაფუძვლო მითქმა-მოთქმის ეპიცენტრში მოექცა კულტურის სამინისტრო, როცა ლიანა ისაკაძის ცნობილი კლასიკური მუსიკის ფესტივალს შეეხო საზოგადოება. შეუძლებელია ვინმე შეეწინააღმდეგოს ამ ფესტივალის არსებობას. ლიანა ისაკაძის მოღვაწეობა ქართული მუსიკალური ხელოვნების თვალსაზრისით ფასდაუდებელია და ეჭვგარეშეა ამ დიდი მუსიკოსის მხარდაჭერა ამ საქმიანობაში.”

 

ლიანა ისაკაძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა არაა საკმარისი, რადგან ღამის სერენადების ჩასატარებლად მას 220 ათასი ლარი სჭირდება.

 

“მჭირდება არა 110 ათასი ლარი, არამედ 220 ათასი ლარი. ამის გარდა მოგვცენ მაინც თანხა, რომ ბილეთები მაინც ვიყიდოთ”, – განაცხადა ლიანა ისაკაძემ. 

 

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს ბიუჯეტი უსაზღვრო არ არის და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაში უნდა ჩაერთოს კერძო ბიზნესიც. ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო მუშაობს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტზე, სადაც განისაზღვრება, რა დოზით დააფინანსებს სახელმწიფო კულტურულ ღონისძიებებს.

 

“დროა, ჩვენი საზოგადოების ნაწილი გამოვიდეს საბჭოთა კავშირის დროინდელი რეტროგრადული აზროვნებიდან, როდესაც ყველაფერს სახელწიფო აფინანსებდა. სამინისტროს ბიუჯეტი არ არის უსაზღვრო’, – ამბობს ბერიკაშვილი. 

 

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი
კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო მუშაობს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტზე, რომლშიც აისახება, თუ როგორი იქნება სახლმწიფო და კერძო სექტორის მონაწილეობა თანადაფინანსებაში. ასევე, კულტურის სამინისტროს მიაჩნია, რომ აუცილებელია ქველმოქმედების კანონის მიღების აუცილებლობა. 

 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „ღამის სერენადების“ ჩატარება ბათუმის საზაფხულო თეატრში 24 აგვისტოს დაიწყება და ათი დღე გაგღძელდება, აცხადებს კულტურის სამინისტრო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი