დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა განაცხადა, რომ ფესტივალი 20 სექტემბერს რუსთაველის სახელობის თეატრში “მოხეტიალეთა სიმღერებით” გაიხსნება.
სპექტაკლში “მოხეტალეთა სიმღერები” მონაწილეობენ ტაივანი-ჩინეთის ცეკვის თეატრი “ღრუბლის კარიბჭე” და ქართული ცეკვის ანსამბლი “რუსთავი”. ეკა მაზმიშვილის თქმით, სპექტაკლის დამდგმელებმა ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ იმ სიმღერების სამყაროში მოხვდე, რომელიც სპექტაკლშია გაერთიანებული.
საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობს სპექტაკლი “მოიტანე ბედნიერება”, რომელზეც “უხილავი ჯგუფი” და კომპანია “იმედია და სოციალური” მუშაობენ. სპექტაკლს მოძრაობის თეატრში ითამაშებენ.
სპექტაკლში მოქალაქეები თბილისის რუკაზე მონიშნავენ ადგილებს, სადაც განიცადეს ბედნიერება. სპექტაკლი ედინბურგის შოუქეისზე იყო წარმოდგენილი. ედინბურგის მოქალაქეთაგან ყველაზე მეტმა სამშობიარო დაასახელა.

ჯერ უცნობია, რომელი ადგილია თბილისელებისთვის ყველაზე მეტად დაკავშირებული ბედნიერებასთან. თბილისის მოქალაქეები მოყვებიან თავიანთ ისტორიებს, რომელიც ჩაჯდება სპექტაკლის ტექსტსა და სიმღერაში.
საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობს სლავა პოლუნინის “სლავას თოვლის შოუ”, რომლითაც დაიხურება საერთაშორისო პროგრამა პირველ ოქტომბერს. მაზმიშვილის დახასიათებით, ეს არის ყველაზე ემოციური, თბილი, მაღალი ხარისხის სპექტაკლი, რომელსაც მე-20 საუკუნის შედევრს უწოდებენ.
“ჩვენ ძალიან გვინდა, რომ შევასხენოთ ადამიანებს, რომ ბედნიერება არის სიხარული, ჩვენი ცხოვრების მნიშნელოვანი ნაწილი, ყველაზე დიდი მოთხოვნილება”, – ამბობს ეკა მაზმიშვილი.
ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს მოძრაობის თეატრი, გრიბოედოვის სახელობის თეატრი, კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველისა და სამეფო უბნის თეატრები უმასპინძლებს.

ხოლო მაროკოს დასის წარმოდგენა “დასარტყამ ინსტრუმენტთა შოუ” ქუჩაში, ძველ თბილისში, მეიდანზე გაიმართება.
ეკა მაზმიშვილის თქმით, წელს ქართულ პროგრამას, რომელიც ორი ოქტომბრიდან დაიწყება, ახალი პროგრამა კავკასიის და შავი ზღვის ქვეყნების დასები დაემატა. შავი ზღვისა და კავკასიის ქვეყნებიდან მონაწილეობენ სპექტაკლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან.
ეკა მაზმიშვილმა განაცხადა, რომ ახალი პროგრამის დაწყების მიზანი არის ის, რომ ფესტივალმა რეგიონში ლიდერობა მოიპოვოს და გახდეს მთავარი თეატრალური ღონისძიება.
თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობენ დასები ტაივანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, მაროკოდან, ფინეთიდან, საქართველოდან.
წელს ქართულ Showcase-ზე წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო, დამოუკიდებელი თეატრებისა და კომპანიების 40 სპექტაკლი. პროგრამა საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის ქართული ჯგუფი თანამშრომლობით ტარდება, რომლებმაც რეკომენდაცია 11 სპექტაკლს გაუწიეს.
შოუქეისზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან თანამედროვე ქართული თეატრის გაცნობის მიზნით. ეკა მაზმიშვილმა თქვა, რომ დღევანდელი მონაცემებით 35 სტუმარია დარეგისტრირებული, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მოელიან, რომ გაიზრდება ქართული თეატრის გაცნობის მსურველთა რაოდენობა.
“ეს არის ქართული თეატრისთვის და განსაკუთრებულად ვუვლით ამ ნაწილს”, – ეკა მაზმიშვილი.
ქართული შეუქესისი პროგრამის თარიღებია 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 ოქტომბერი.
ფესტივალის პერიოდში გამართული წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთები 10-55 ლარი ღირს. ფესტივალის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ივლისის თვეში ბილეთები 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ხოლო აგვისტოში ბილეთების გაყიდვა შეწყდება, სექტემბრიდან კი კვლავ განახლდება.
