აღნიშნულ საკითხზე არაერთი სტატია დაიწერა ავსტრალიურ მედიაში, ასევე, საკუთარ აღშფოთებას გამოხატავენ ავსტრალიური ოპერის ფანები სოციალური ქსელებში.

 

რამდენიმე საათის წინ თამარ ივერი “ფეისბუქით” გამოეხმაურა მის გარშემო ავსტრალიაში ატეხილ სკანდალს.

 

“შოკირებული და გაოცებული ვარ ინტერნეტსა და ავტრალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, როდესაც მე ჰომოფობს მიწოდებენ,” – წერს თამარ ივერი და იქვე აღნიშნავს, რომ თავისი კარიერის მანძილზე მას არაერთ გეი ადამიანთან უმუშავია და ზოგიერთი მათგანი მისი მეგობარია.

 

“ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს, რომ არასდროს მითქვამს ისეთი რამ, რაც მოახდენდა ჩემს ასოცირებას ჰომოფობიურ იდეებთან. მე ყველა ადამიანს პატივს ვცემ და ყველ ტიპის დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგი ვარ,” – წერს თამარ ივერი.

 

 

ქართველი საოპერო მომღერალი განმარტავს, თუ როგორც გაჩნდა მისი პოსტი ფესიბუქში 2013 წლის 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ დღეს თბილისში გეი აღლუმს უნდა ჩაევლო თბილისში მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოს წინ, იმავე დღეს და იმავე დროს, როდესაც იქ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია იმართებოდა.

 

“იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% ძალიან რელიგიურია, მინდოდა გამომეხატა ჩემი გულწრფელი ეჭვი, ამ პირობებში ჰქონდა თუ არა აზრი აღლუმის გამართვას ეკლესიის ეზოში. მე წუხილი გამოვთქვი, რომ ეს მოახდენდა ხალხის პროვოცირებას და გამოიწვევდა ძალადობას. სამწუხაროდ, ეს ასეც მოხდა,” – წერს თამარ ივერი.

 

იგი განმარტავს, რომ მის გარდა ფეისბუქის იმავე გვერდს იყენებს მისი მეუღლეც, რომელიც ძალიან რელიგიურია.

 

“მან გადააკოპირა ჩემი ტექსტი, შეცვალა იგი მნიშვნელოვნად და ჩემი სახელით დაპოსტა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ შევწუხდი ამის გამო და დაუყოვნებლივ წავშალე ის, მაგრამ ეს ტექსტი მე ვნახე ნახევარი საათის შემდეგ გამოქვეყნებიდან. ეს ტექსტი ჩემს მოსაზრებას არ გამოხატავს. ვწუხვარ, რომ დავაგვიანე მისი წაშლა და ეს ტექსტი უკვე გავრცელებული იყო ინტერნეტით,” – წერს თამარ ივერი.

 

იგი აღნიშნავს, რომ თავისი განმარტებები გააკეთა, ბოდიში მოიხადა LGBT თემის წინაშე საქართველოში და მათ ეს ბოდიში მიიღეს.

 

თამარ ივერის ბოდიშის ტექსტი ორგანიზაცია “იდენტობამ” 2013 წლის ივნისში გაავრცელა. მაშინდელ წერილში ივერი არ უარყოფს, რომ ჰომოფობიური პოსტი პირადად დაწერა და არა მისმა მეუღლემ, თუმცა მაშინ ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ არასწორად იყო ინფორმირებული 17 მაისის აქციის შესახებ.

 

თამარ ივერმა რამდენიმე კვირის განმავლობაში რეპეტიციები გაიარა სიდნეიში, რადგან “ოპერა ავსტრალიაში” ივნისსა და აგვისტოში დაგეგმილია “ოტელოს” წარმოდგენა მისი მონაწილეობით, ასევე, დაგეგმილია მისი მონაწილეობა “ტოსკაში”, რომლის წარმოდგენაც მელბურნში შედგება ნოემბერსა და დეკემბერში.

ავსტრალიური მედიის ცნობით, ოპერის სპიკერმა მათ განუცხადა, რომ ივერის საკითხზე ჯერ ოფიციალური კომენტარი მათ არ აქვთ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *