შეხვედრის დამსწრე ადვოკატები, მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები საგადასახადო დავების პრობლემურ საკითხებზე მსჯელობენ. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა გახსნა:
“თქვენ იცით, რომ ძალიან აქტუალურია ყოველთვის ასეთი დავები, თუმცა ჩვენს სისტემას აქვს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ეს პრაქტიკა გავაცნოთ ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენ მოწვეული გვყავს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, ფინანსთა სამინსიტროს წარმომადგენლები, რომ მათ ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორია პრაქტიკა, რა პერსპექტივა ექნება მათ მიერ წარმოდგენილ დავებს საგადასახადო თემაზე სასამართლოში და ასევე მათგან მოვისმენთ შენიშვნებს, რაც შეიძლება გამოდგეს საფუძველი, რომ გარკვეულწილად პრაქტიკაც შევცვალოთ”, – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
ადვოკატ ირაკლი კორძახიას განცხადებით, ერთ–ერთი პირველი საკითხი, რომლის განხილვაც შეხვედრაზე დაიწყო, ყადაღის გამოყენების საკითხია:
“პირველი საკითხი შეხვედრაზე ეხებოდა საგადასახადო ორგანოების მიერ ყადაღის გამოყენებას, ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომ დაუსაბუთებლად არ უნდა მოხდეს ყადაღის გამოყენება, უნდა იყოს, მინიმალური სტანდარტი როდის იქნება გამოყენებული, რადგან ყადაღა აჩერებს გადამხდელების საქმიანობას და სასამართლო ჩართულობა, როგორ უნდა შეამოწმოს სასამართლომ საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი. ზოგადად მისასალმებელია შეხვედრები, როდესაც მოქმედი ადვოკატები, მოსამართლეები და ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები ვმსჯელობთ, ვკამათობთ და ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ კონსენსუსამდე მივალთ და ეს კონსენსუსი რეკომენდაციის სახით გაფორმდება”, – განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
შეხვედრა, რომელსაც სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებიც ესწრებიან, დღის ბოლომდე გაგრძელდება.
