ხელოვნება

“ლიტერატურული ღამე” პარიზში ზაზა ბურჭულაძის მონაწილეობით

30 მაისი, 2014 • • 1543
“ლიტერატურული ღამე” პარიზში ზაზა ბურჭულაძის მონაწილეობით

“ლიტერატურული ღამე” – ასე ჰქვია ლიტერატურულ ღონისძიებას, რომელიც წელს, 24 მაისს, მეორედ გაიმართა პარიზის მარეს უბანში, პარიზის უცხოური კულტურული ინსტიტუტების ფორუმის (FICEP) ორგანიზებით.

 

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, პარიზული “ლიტერატურული ღამის” კონცეპტი მდგომარეობს შემდეგში: ერთ საღამოს პარიზის ერთ-ერთი უბნის სხვადასხვა ადგილას (ეს იქნება მუზეუმი, კულტურული ცენტრი, გალერეა, კაფე თუ ეკლესია) მსახიობები კითხულობენ ნაწყვეტებს სხვადასხვა ქვეყნის მწერლების ნაწარმოებებიდან. კითხვა იწყება ყოველი საათის დასაწყისში და მასზე დამსწრენი წინასწარ ხელმისაწვდომი ბროშურების დახმარებით არჩევენ მათთვის საინტერესო მწერალს და მთელს საღამოს ატარებენ ლიტერატურულ სეირნობაში.

ლიტერატურული ღამე პარიზში ზაზა ბურჭულაძის მონაწილეობით
ლიტერატურული ღამე პარიზში ზაზა ბურჭულაძის მონაწილეობით

“ლიტერატურულ ღამეში” მონაწილებს წინაპირობაა ის, რომ მონაწილე მწერლის ნაწარმოები უნდა იყოს თარგმნილი და გამოცემული ფრანგულ ენაზე. საქართველოს საელჩომ საფრანგეთში “ლიტერატურულ ღამეში” მონაწილეობის მისაღებად შეარჩია ზაზა ბურჭულაძე და მისი რომანი “გასაბერი ანგელოზი”, რომელიც თარგმნა თამარა ყუბანეიშვილმა და გამოსცა გამომცემლობამ L’Age d’Homme 2013 წელს.

 

საელჩოს ცნობით, ზაზა ბურჭულაძის რომანი შეარჩია  ვიქტორ ჰიუგოს სახლ-მუზეუმმაც, რომელმაც უმასპინძლა ქართველ მწერალს და დიდი ფრანგი მწერლის სახლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დარბაზიც დაუთმო. ზაზა ბურჭულაძის რომანის ნაწყვეტები წაიკითხა თეატრის მსახიობმა ნორბერ ფერერმა. კითხვას ესწრებოდა თავად მწერალიც, რომელიც დამსწრეთა შეკითხვებს პასუხობდა ყოველი წაკითხვის შემდეგ.

 

“ქართველი მწერლის სახელმა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს ბოლო ორი წელიწადია, დიდი ინტერესი გამოიწვია “ლიტერატურული ღამის” დამსწრეთა შორის, რისი დასტურიცაა ხალხის ნაკადი, რომელიც არ წყდებოდა ღამის  საათებშიც კი”, – განგვიცხადეს საქართველოს საელჩოდან. 

 

საფრანგეთში საქართველო საელჩოს 2014 წელს გაწევრიანდა კულტურული ინსტიტუტების პარიზის ფორუმში (FICEP), რომელიც წარმოადგენს პარიზში წარმოდგენილი ყველა ქვეყნის, ეთნიკური ჯგუფის, რეგიონის კულტურული ინსტიტუტების, ცენტრებისა და საელჩოების გაერთიანებას. ასოციაციას 51 წევრი ჰყავს.

 

კულტურული ინსტიტუტების პარიზის ფორუმს ჰყავს სხვადასხვა პარტნიორი და კერძო ფონდი, რომლებიც აფინანსებენ ასოციაციას კულტურის სამინისტროსთან ერთად. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ფორუმის მიზანია გააერთიანოს და დააკავშიროს ერთმანეთთან პარიზში წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ ცენტრები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობასა და საერთო ინტერესების მქონე პროექტების განხორციელებას:

 

ლიტერატურული ღამე პარიზში ზაზა ბურჭულაძის მონაწილეობით
ლიტერატურული ღამე პარიზში ზაზა ბურჭულაძის მონაწილეობით

წაახალისოს მრავალმხრივი კულტურული დიალოგი, ასევე წარმოადგინოს მისი წევრები სხვადასხვა დიდი და მრავალმხრივი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე და გააკეთოს ყველაფერი მისი წევრების მიზნების შესასრულებლად.

 

ფორუმი წელიწადში ოთხ დიდ ღონისძიებას ატარებს, აქედან ორი ტარდება გაზაფხულზე და ორი -შემოდგომაზე: 1. უცხოური ფილმების კვირეული პარიზში (მარტი), ლიტერატურული ღამე (მაისი-ივნისი), უცხოური კულტურების კვირეული (სექტემბრის ბოლოს კვირა), JazzyColors (ოქტომბერი-ნოემბერი).

მასალების გადაბეჭდვის წესი