ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. კულტურული მემვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის პირველ ეტაპზე მუზეუმისა და სასახლის რეაბილიტაცია იგეგმება. ასევე, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტურისტების მიღებისთვის ყველა პირობა იქნება შექმნილი.
დოკუმენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე დაამტკიცა. კონსერვაციის გეგმა აერთიანებს სხვადასხვა დისციპლინების კვლევების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომელიც არქიტექტორ-რესტავრატორებმა, ხელოვნების ისტორიკოსებმა, კონსტრუქტორ-ინჟინრებმა, გეოლოგმა, არქეოლოგმა, დენდროლოგმა და სოციოლოგმა ერთად შეიმუშავეს, რომელიც ბატონის ციხის შემგდომი რეაბილტაციისა და განვითარების სახელმძღვანელო იქნება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაკვეთით, თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმის შექმნაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი სპეცილისტებთან ერთად ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა.
თელავის ბატონის ციხის კომპლექსი მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ, სხვადასხვა პერიოდისა და ფუნქციის ნაგებობებს; მათ შორის, XVII_XVIII საუკუნეების გალავანს, XVII_XVIII საუკუნეების კარის მცირე ეკლესიას, XVII_XVIII საუკუნეების სობოროს, XVII_XVIII საუკუნეების საზარბაზნე კოშკს, XIX საუკუნის შუა წლების „სახაზინო სახლს“ (სტატუსი მოეხსნა 2012 წელს და ამჟამად დანგრეულია), XVII-XVIII საუკუნეების წმიდა ნინოს ყოფილ სასწავლებელს (ამჟამად დანგრეულია), XVIII-XIX საუკუნეების სკოლას, XVIII საუკუნის აბანოს და XIX საუკუნის სამხატვრო გალერეას (ამჟამად დანგრეულია).