ხელოვნება

თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო საბჭო დაკომპლექტდა

13 თებერვალი, 2014 •
თბილისის ოპერის თეატრის სამხატვრო საბჭო დაკომპლექტდა

ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, გუშინ დასრულდა პირდაპირი, ფარული არჩევნები, რომლის შედეგად ოპერისა და ბალეტის თეატრის 17-წევრიანი სამხატვრო საბჭო დაკომპლექტდა.

 

სამხატვრო საბჭოში შედის ორკესტრი, გუნდი, საბალეტო დასისა და სოლისტებისა და კონცერტმეისტერების დასიდან არჩეული 4 წევრი და მეჩვიდმეტე წევრად სამხატვრო ხელმძღვანელი. 

 

“უახლოეს დღეებში სამხატვრო საბჭო გამოაცხადებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილის დასაკავებელ კონკურსს. ეს სწორედ სამხატვრო საბჭოს პრეროგატივაა და არა კულტურის სამინისტროსი, ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოსი”,- თქვა რეზო ჭეიშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

პროფესიული სახელმწიფო თეატრების შესახებ კანონის მიხედვით, საკონკურსო განაცხადების შეტანის პერიოდი მინიმუმ 20 დღე უნდა იყოს. თეატრის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მარტში თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება. 

 

რეზო ჭეიშვილის გარდა, პრესკონფერენციას თეატრის მთავარი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო და შემოქმედებითი დასის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისინი ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების ნაწილის განცხადებას გამოეხმაურნენ.

 

“პრტაიმტაიმში” 2014 წლის 5 თებერვალს ოპერის საზოგადოებათან ურთიერთობის ხელმძღვანელმა შავლეგ გეგეჭკორმა შემოქმედებითი დასის სახელით განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ თეატრში კრიზისული მდგომარეობაა შექმნილი და კულტურის მინისტრს მიმართეს თხოვნით, სამხატვრო საბჭოს დასაკომლექტებლად არჩევნები გამოეცხადებინა. 

 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე რეზო ჭეიშვილმა განაცხადა, რომ შავლეგ გეგეჭკორი ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, მან უფლებამოსილებით ბოროტად ისარგებლა, რის გამოც თანამდებობიდან გადააყენეს.

 

ჭეიშვილის თქმით, 5 თებერვალს გავრცელებული განცხადება არ იყო შეთანხმებული თეატრის დასთან, ეს მხოლოდ შავლეგ გეგეჭკორის პირადი მოსაზრება იყო. ხოლო მისი განცხადება ოპერის თეატრის მიმართ “დესტრუქციული განწყობების” შექმნას ისახავდა მიზნად.

 

“შავლეგ გეგეჭკორი თეატრის საზიანო ანტიპიარით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე ობიექტური ინფორმაციის გავრცელებით,” – განაცხადა რეზო ჭეიშვილმა. 

  

ჭეიშვილმა განმარტა, რომ მთავარი დირიჟორის პრეროგატივაა რეკომენდაციების შემუშავება შემოქმედებითი კოლექტივის საშტატო ნუსხათან მიმართებაში და მან ითხოვა ჯანლუკა მარჩიანოსა და ლელა მჭედლიძისგან დახმარება, ხოლო გეგეჭკორის ნათქვამს, რომ დირიჟორი და კონცერტმაისტერი ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებში ერეოდნენ, უსაფუძვლო უწოდა. 

 

ზურაბ ლომიძის, თეატრის ტექნიკური დირექტორის განცხადებით, ოპერის თეატრში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო ოპერის გახსნა გადავადდა რამდენიმე თვით. ლომიძის თქმით, ამჟამად სცენის დამონტაჟება მიმდინარეობს.

 

ზურაბ ლომიძემ განმარტა, რომ “ქართუ ფონდის” დაფინანსებულ ოპერის აღდგენით სამუშაოებს პრობლემები 2012 წელს შეექმნა, როცა შემოსავლების სამსახური “ქართუს” გაცემულ თანხებს ყინავდა.


“ამის გამო თეატრმა ათი თვე დაკარგა” – აღნიშნა ლომიძემ.

 

გიორგი ჟორდანიას, ოპერის ყოფილი სამხატვრო ხელძღვანლის მიერ 2013 წლის ბოლოს გავრცელებული განცხადებით, თბილისის ოპერის თეატრის შენობა და სეზონი 2014 წლის 2 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო.

 

თეატრის ტექნიკური დირექტორის თქმით, ამჟამად თეატრის მეორე კორპუსის მშებელობა ასევე შეჩერებულია. “ქართუ” ფონდმა ოპერისა და ბალეტის თეატრის უკან, თაბუკაშვილის ქუჩის #44-ში მდებარე შენობა შეისყიდა. იქ მცხოვრებ 13 ოჯახის ბინით უზრუნველყოფის შემდეგ შენობა დაანგრია და იმ ადგილას ოპერის მეორე კორპუსის მშენებლობა დაიგეგმა. 

 

დანიელმა არქიტექტორმა ჰენინგ ლარსენმა შექმნა მაკეტი ახალი შენობის, თუმცა სამშენებლო საშუმაოები ვერ დაიწყო, რადგან მეზობლად მდებარე თაბუკაშვილის 42 ნომერში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრებლები ახალი მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

 

33 ოჯახი აცხადებდა, რომ თუ ამ ადგილას სამშენებლო სამუშაოები დაიწყებოდა, მაშინ მათი ავარიული სახლი დანგრევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდებოდა. 

 

“მე მათ ვეთანხმები აბსოლუტურად, იმიტომ, რომ ეს სახლი ორივე მხრიდან არის გახსნილი და არის მწვავედ ავარიული”, – აღნიშნა ლომიძემ.

 

ლომიძის თქმით, მათ სურდათ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით ეს საკითხი გადაეწყვიტათ, თუმცა, ლომიძის თქმით, მერია “არაკონსტრუქციულად” მოიქცა. მერიამ “ქართუს” შესთავაზა, რომ კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსის მქონე შენობის ფასადი დაეტოვებინა, აეშენებინა ახალი შენობა და მის მიერ დროებით გასახლებული მცხოვრებლები ისევ დაებრუნებინათ და ამის შემდეგ ოპერის მეორე კორპუსის აშენებას ხელი აღარ შეეშლებოდა. 

 

ლომიძე ამბობს, რომ ამ პრობლემას ერთი ორგანიზაცია ვერ მოერევა და ის სახელმწიფოსგან მხარდაჭერას მოელის. 

 

მშენებლობაში ამჟამად 15 მილიონი ლარია დახარჯული. ლომიძის განმარტებით, ოპერა უნდა აღიჭურვოს აპარატურითა და ავეჯით, რის გამოც ხარჯი მიახლოებით 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება.

 

“უკეთეს შემთხვევაში შეიძლება დასი შევიდეს შენობაში სექტემბერში და დეკემბერში დასი გააკეთებს დიდ კონცერტს, შეიძლება სპექტაკლსაც კი,” – განაცხადა ლომიძემ.

 

ტორი 

მასალების გადაბეჭდვის წესი