ხელოვნება

საყდრისის მხარდასაჭერად “მწვანე მუშტი” აკადემიურ დაწესებულებებს მიმართავს [ვიდეო]

20 იანვარი, 2014 • • 1515
საყდრისის მხარდასაჭერად “მწვანე მუშტი” აკადემიურ დაწესებულებებს მიმართავს [ვიდეო]

მსვლელობის მონაწილეები თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში 11 საათზე შეიკრიბნენ და უნივერსიტეტის რექტორს მიმართვა დაუტოვეს.

 

მიმართვაში სტუდენტური მოძრაობის წევრები მოითხოვენ, რომ უნვერსიტეტის რექტორმა მოიწვიოს საბჭო, რომელიც დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საყდირისის არქეოლოგიური ობიექტის მიმართ. 

 

სტუდენტური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საყდრისი იმსახურებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის დაბრუნებას და ამ მიზნის მისაღწევად, მათი აზრით, უნივერსიტეტის პოზიციას გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

 

“მწვანე მუშტის” წევრის, სალომე ჭანტურიძეის თქმით, უნვერსიტეტის გარდა მიმართვას ისინი დატოვებენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიასა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში. 

 

“გვინდა აღუდგეს საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გაგრძელდეს საერთაშორისო ინტერდისციპლინური კვლევა. კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს მივმართავთ მოთხოვნით, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს მიმართ და გამოუცხადონ მხარდაჭერა,”- ამბობს სალომე ჭანტურიძე. 

 

ჭანტურიძის თქმით, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა სამსახური დაკარგონ, როგორც მათი დამსაქმებელი კომპანია RMG Gold აცხადებს. იგი აღნიშნავს, რომ საყდრისის არსებობამ სალიცენზიო ტერიტორიაზე კომპანიის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს. 

 

“საყდრისი არის მცირე უბანი მთელი სალიცენზიო ტერიტორიის, რომელსაც ეს ტერიტორია ფლობს. ინვესტორმა არ უნდა დაიწყოს შატაჟი ამ მუშებით,’- გვითხრა სალომე ჭანტურიძემ. 

 

“მწვანე მუშტის” წევრების გამაფრთხილებელი აქცია 5 საათზე მთავრობის კანცელარიის წინ დაიწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი