ჯგუფისთვის ეს გამოფენა 2013 წლის ერთგვარი ანგარიში იქნება.
‘’ბულიონი’’ 2008 წელს თბილისში დაარსდა და წარმოადგენს მხატვართა ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ნატალია ვაწაძე, კოკა ქიტიაშვილი, ეკა ქეცბაია, თემო ქართლელიშვილი, ლადო ხართიშვილი და ზურა კიკვაძე.
ჯგუფის პერფორმანსები და აქციები ძირითადად საზოგადოებრივ ადგილებში ეწყობა და უმეტესად სოციალური თემატიკისაა. ისინი ასევე მართავენ გამოფენების სერიას კერძო ბინებში, ე.წ. ბინის გამოფენებს. ერთ–ერთი ასეთი გამოფენა – ბინა–9, აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის, ‘’იარატის’’ ორგანიზებით მოეწყო. ბაქოში ფესტივალი ‘’ხელოვნება საჯარო სივრცეში’’ ამ პერფორმანსით გაიხსნა.
ერთი და იგივე აქცია ორ დღეს ჩატარდა. პირველ დღეს მხატვრებმა ნაცრისფერი კედლები და იატაკი თეთრად შეღებეს, მეორე დღეს კი ისევ ნაცრისფრად გადაღებეს. დაპატიჟებული მაყურებელი იძულებული იყო სივრცე დაეტოვებინა.
‘’პერფორმანსით დავსვით კითხვა: რამდენადაა გახსნილი საჯარო სივრცე, სად გადის ზღვარი საზოგადოებრივსა და პრივატულს შორის და რამდენად მნიშვნელოვანია შენი მოქალაქეობრივი პოზიცია მაშინ, როდესაც გარშემო ყველაფერი შენგან დამოუკიდებლად იცვლება”.- ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
აღსანიშნავია ასევე ჯგუფის პერფორმანსი ‘’სუფრა’’, რომლითაც ვენაში ‘’ბრუტის’’ მიერ ორგანიზებული ფესტივალი ‘’ხმის ძალა’’ გაიხსნა. ტრადიციულ ქართულ სუფრას ვირტუალური თამადა მართავდა, რომელიც მაყურებელს, იგივე სუფრის წევრებს სადღეგრძელოებით – საქართველოს ისტორიაზე, ტრადიციებზე, ურთიერთობებზე, პოლიტიკასა და რელიგიაზე ესაუბრებოდა.
არაერთი საერთაშორისო გამოფენის შემდეგ ჯგუფმა ვენეციის 55–ე ბიენალეზე წარმოადგინა საქართველო პერფორმანსით – ‘’რელიგიური აერობიკა’’, რომელიც სამი რელიგიის (ქრისტიანობა,იუდაიზმი,ისლამი) მოძრაობებზეა აგებული. ნამუშევარი ვენეციაში, საქართველოს პავილიონზე ვიდეოინსტალაციის და პერფორმანსის სახით იყო წარმოდგენილი. პერფორმანსი ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა, დღეში 7 ჯერ, ქალაქის სხვადასხვა ადგილას.
ჯგუფის წევრების თქმით, ‘’რელიგიური აერობიკა ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოში მომძლავრებული რელიგიური ფანატიზმის და ‘’ისტერიის’’ გაანალიზების მცდელობაა’’.
