ხელოვნება

თეატრალური ცხოვრება რეგიონებში – კვლევის შედეგები

20 ნოემბერი, 2013 •
თეატრალური ცხოვრება რეგიონებში – კვლევის შედეგები

კვლევაში „თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში“, რომელიც 2013 წელს ჩატარდა, მოთხრობილია რეგიონული თეატრების წარმატებებზე, მიღწევებზე, მიმდინარე შემოქმედებით პროცესებზე, წინააღმდეგობებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის ცენტრის თანამშრომლებმა- თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილმა და კულტურის მენეჯერმა ელენე ბაბაკიშვილმა საქართველოს 14 რეგიონული თეატრის: გორის, რუსთავის, მესხეთის, ფოთის, ბათუმის დრამატული და ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრების, თელავის სენაკის, ხულოს, ოზურგეთის, ქუთაისის, ჭიათურის, ზესტაფონი, ზუგდიდის თეატრების მუშაობა შეისწავლეს.  

 

თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში
თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში

კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ ყველაზე მეტი – 407 სპექტაკლი ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრში დაიდგა, გორის თეატრმა – 246, ქუთაისის თეატრმა – 81 სპექტაკლი, მესხეთის თეატრმა 173 სპექტაკლი წარუდგინა მაყურებელს. ასზე ნაკლები სპექტაკლი სამმა – ზესტაფონის (78), თელავის (43) და ყველაზე ცოტა 7 წარმოდგენა რუსთავის თეატრმა განახორციელა.

 

ყველაზე მეტი შემოსავალი გამართული სპექტაკლებიდან სამი წლის განმავლობაში ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრმა მიიღო, თანხამ 106 ათასი ლარი შეადგინა. ბათუმის დრამატულმა თეატრმა- 60 ათასი ლარი, ზუგდიდის თეატრმა- 48 ათასი, მესხეთისა და თელავის თეატრებმა, შესაბამისად, 27 და 35 ათასი ლარი შემოსავალი მიიღეს.

 

ყველაზე დაბალი შემოსავალი სპექტაკლებიდან ოზურგეთისა და ხულოს თეატრებს -2761 და 800 ლარი ხვდათ, იმის მიუხედავად, რომ ოზურგეთის თეატრმა 161, ხულოს თეატრმა კი 100 წარმოდგენა დადგა.  

თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში
თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში

მაყურებელთა დასწრების მიხედვით, ისევ ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრი ლიდერობს. თეატრს 2010-2013 წლებში 49 800 მაყურებელი ესტუმრა. ამავე ქალაქში მდებარე ბათუმის დრამატულ თეატრს 6649 ადამიანი სტუმრობდა.

 

სხვა თეატრებიდან – ზუგდიდის, სენაკისა და ოზურგეთის თეატრების დადგმული სპექტაკლებს ჰყავდა ბევრი მნახველი. ყველაზე ნაკლები, 1613 მაყურებელი რუსთავის თეატრს ჰყავდა.

 

შიდა გასტროლების რაოდნეობით ბათუმის მოზარდმაყურებელთა და ქუთაისის დრამატული თეატრები ლიდერობენ. მათ 5 გასტროლი აქვთ მოწყობილი საქართველოს მასშტაბით. ქვეყნის გარეთ ყველაზე მეტი, 3 გასტროლი ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრს აქვს მოწყობილი.

 

ქუთაისის თეატრს არც საქართველოს ფარგლებს გარეთ ჰქონია გასტროლი და არც ფესტივალებში მონაწილეობა მიუღია. რუსთავის თეატრს არ აქვს არც ერთ გასტროლი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

 

მკვლევრები დაინტერესდნენ, ვინ არიან ყველაზე რეიტინგული რეჟისორები საქართველოს იმ ქალაქებში, რომლის თეატრების სპექტაკლები იკვლიეს. ცამეტივე ქალაქში ყველაზე რეიტინგული რეჟისორი რობერტ სტურუაა. სტურუას ლევან წულაძე და დათო დოიაშვილი მოსდევენ.

 

გამოკითხულთაგან ყველაზე მეტი ხმა მსახიობებმა- კახი კავსაძემ, რუსკა მაყაშვილმა, მარინა კახიანმა და გივი ბერიკაშვილმა დააგროვეს.

თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში
თანამედროვე ქართული თეატრი გარდამავალი ეკონომიკის პირობებში


ელენე ბაკაკიშვილის თქმით, რეგიონულ თეატრებს გამართულ მუშაობაში ხელს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობა, მცირე ფინანსები და მსახიობების დაბალი ხელფასი უშლით.  

 

„ის დრო აღარ არის, ადრე რომ მიჰყავდათ ავტობუსებით ხალხი, კულტურას რომ ზიარებოდნენ“,- ამბობს ელენე ბაკაკიშვილი.

 

ბაკაკიშვილის თქმით, ბათუმის მოზარდმაყურებელთა, ფოთის, თელავის, გორის, თეატრები მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპებით იმართება და ისინი  მაყურებლის ინტერესებს ითვალისწინებენ, რამაც გადაწყვიტა ამ თეატრების შედარებით წარმატებული მუშაობა. 

 

ბაკაკაშვილის თქმით, რეგიონული თეატრების უმეტესობას სუსტი  მენეჯმენტი აქვს, ესენია: ოზურგეთის, სენაკის, ხულოს, ზუგდიდის და სხვა თეატრები. სხვადასხვა რეგიოენბში ბილეთის ფასი განსხვავებულია. ხულოში ბილეთი ერთი ლარი ღირს, ხოლო რუსთავში 5-7 ლარამდე მერყეობს.

 

ელენე ბაკაკიშვილი მიიჩნევს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის მახასიათებელსაც. მაგალითად, ბათუმის მოზარდმაყურებელთა თეატრს დიდი მხარდაჭერა აქვს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან და მეტი რესურსი აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას.  სენაკისა და ზუგდიდის თეატრების ბედით ადგილობრივი თვითმმართველობა კი ნაკლებად ინტერესდება.

 

მკვლევარებმა პირისპირ გამოკითხეს თეატრის 750 მაყურებელი. ელენე ბაკაკიშვილის თქმით, კვლევის შედეგებით ზოგადი სურათი ჩამოაყალიბა და რეგიონის თეატრებში მიმდინარე ტენდენციები წარმოაჩინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი